Accessibility links

logo-print

მიშელინ კალმი-რეი თბილისში შეხვედრებს მართავს


მიშელინ კალმი რეი

მიშელინ კალმი რეი

თბილისს სტუმრობს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელინ კალმი-რეი, რომელიც ოფიციალურ შეხვედრებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში მართავს. სწორედ შვეიცარიაა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ხელმძღვანელი ქვეყანა. კალმი-რეი აცხადებს, რომ ევროსაბჭო აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ელოდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მთავრობის ახალი სტრატეგიის სტრასბურგში წარდგენას.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიშელინ კალმი-რეის, ამჯერად როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოში სამუშაო შეხვედრები აქვს. 16 იანვარს მისი სამუშაო ვიზიტი საქართველოს სახალხო დამცველთან - გიორგი ტუღუშთან - შეხვედრით დაიწყო და, როგორც თავად სახალხო დამცველმა აღნიშნა, მათი საუბრის თემა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება იყო. საუბრისას შეეხნენ სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში შესულ არაერთ ფაქტს.

მედიისათვის განცხადებები თავად მიშელინ კალმი-რეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა:

”მე ძალიან კონსტრუქციული საუბარი მქონდა ჩემს კოლეგასთან იმ ვალდებულებებზე, რომელიც საქართველომ 1999 წელს იტვირთა, როდესაც ის ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა გახდა, და ასევე იმ საკითხებზე, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ წარმოიშვა. ევროსაბჭო მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების განხორციელებაში. შეხვედრაზე მე ასევე გამოვთქვი სურვილი, რომ ევროსაბჭოს დამკვირვებლებმა მონაწილეობა მიიღონ საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში.”

მიშელინ კალმი-რეის განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მთავრობის ახალმა სტრატეგიამ გამოწვია:

”ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს მთავრობის ახალ სტრატეგიაზე ადმინისტრაციულ საზღვარს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ჩვენი ყურადღება მიიპყრო თავად სტრატეგიის სახელწოდებამ „მონაწილეობა თანამშრომლობის საფუძველზე“, რადგანაც ევროსაბჭოსათვის მეტად მნიშვნელოვანია განახლდეს კონტაქტი ადამიანებს შორის, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს დევნილი მოსახლეობის მომავალ დაბრუნებას.”

მთავრობის სტრატეგიის მიმართ ინტერესი დიდია იმის გამოც, რომ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი სერგი კაპანაძე ამბობს, მალე სტრატეგიას სტრასბუგში თავად მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი წარადგენს.

სერგი კაპანაძის თქმით, სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით ევროსაბჭოს რეგიონალური კონგრესის მოწვევის საკითხი.

მიშელინ კალმი-რეის 16 იანვარს შეხვედრები ჰქონდა სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან, ძალოვანი უწყებების პირველ პირებთან და, მოგვიანებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. თბილისის შემდეგ დაგეგმილია კალმი-რეის ვიზიტი მოსკოვში, სადაც ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება. კალმი-რეის სიტყვებით, ამ შეხვედრის მთავარი თემა რუსეთ-შვეიცარიის ორმხრივი ურთიერთობები იქნება.
XS
SM
MD
LG