Accessibility links

logo-print
მიმდინარე კვირა კვლავ არჩევნებზე საუბრით დაიწყო.

ორშაბათს გაზეთ „მთელი კვირისათვის“ მიცემულ ინტერვიუში “ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი, ოპოზიციის გაერთიანების შესაძლებლობებზე საუბრობდა. “გაერთიანებაზე ზოგადად კონსულტაციები გვაქვს არა მხოლოდ “დაიცავი საქართველოსა” და ლევან გაჩეჩილაძესთან, არამედ გაცილებით უფრო ფართოდაც - მათ შორის, იმ პარტიებთან, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში, მაგრამ რომელთათვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება და დავადგეთ მრავალპარტიული დემოკრატიული განვითარების გზას. რა შედეგს მივაღწევთ, ამაზე ჯერ საუბარი ძნელია. კონსულტაციები ნამდვილად მიმდინარეობს. ჯერჯერობით მეტის თქმას აზრი არ აქვს... თუ რომელიმე პარტია მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს, ეს მათი გადასაწყვეტია. მაგრამ ერთმანეთს ხელი არ უნდა შევუშალოთ”, - უთხრა „მთელ კვირას“ სოზარ სუბარმა.

პრესა ბევრს წერდა იმაზე, თუ როგორ ემზადება ოპოზიცია არჩევნებისთვის.

ორშაბათსვე „ახალი თაობის“ მთავარი პუბლიკაციის სათაური ამგვარი იყო: ”განხეთქილება ალიანსში - გამყრელიძე ალასანიას დაუპირისპირდა”. გაზეთი წერდა, რომ უთანხმოება ახალი წლის წინა დღეებში მოხდა. უთანხმოების ერთ-ერთი მოზეზი, სავარაუდოდ, პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი იყოო, - წერდა „ახალი თაობა“.

კვირის ბოლოს კი „ალიასათვის“ მიცემულ ინტერვიუში დავით გამყრელიძე ამ უთანხმოებაზე საუბარსაც შეეხო:

” ეტყობა, ხელისუფლებას ისე აშინებს ჩემი და ალასანიას მჭიდრო ტანდემი, რომ ახალი წლის შემდეგ პრესა არ წყვეტს საუბარს ჩვენს ე.წ. დაპირისპირებაზე, რაც არის აბსურდი. ხან ვითომ კოკა გუნცაძისა და საარჩევნო შტაბის გამო ვიკამათეთ, ხან შუალედური არჩევნების გამო, რას აღარ იგონებენ. ამ თემის განხილვაც არ ყოფილა. არათუ დაპირისპირება, აზრთა სხვადასხვაობაც კი არ ყოფილა ჩემსა და ირაკლი ალასანიას შორის. სანიმუშო პარტნიორობა გვაქვს”, - უთხრა გაზეთს დავით გამყრელიძემ.

შაბათის „ალიას“ ამ პუბლიკაციის სათური კი პირველ გვერდზე ამგვარია: „რა უთხრა დავით გამყრელიძემ “ალიას” პოლიტიკიდან ბიზნესში წასვლაზე?“- გაზეთი წერს, რომ ამგვარი ინფორმაცია არსებობს. დავით გამყრელიძე კი პასუხობს: “ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული - ბიზნესში წასვლა თავშიც არ გამივლია, არც ამ ტიპის საუბარი მქონია ვინმესთან და არც პოლიტიკისა და ბიზნესის შეთავსებაზე ვფიქრობ. ბიზნესში კი არა, ხელისუფლებაში მოსვლას ვაპირებ და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე მოხდება ეს ყველაფერი. ნამდვილად ვერ მივანიჭებ მაგ სიამოვნებას ვერც მიხეილ სააკაშვილსა და ვერც “ნაციონალებს”, რომ ახლა, როცა ასე ახლოს არის ხელისუფლების ცვლილება, თავი დავანებო ამ ბრძოლას. არავითარ შემთხვევაში, პირიქით, ძალიან სერიოზულად ვემზადები ჩემს თანაალიანსელ მეგობრებთან ერთად ხელისუფლებაში მოსასვლელად”, - უთხრა დავით გამყრელიძემ „ალიას“.

ზოგადად არჩევნებზე მსჯელობის გარდა, მიმდინარე კვირას მეტად აქტუალური იყო ქართულ პრესაში ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი.

კვირის დასაწყისში გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან თარხნიშვილი აცხადებდა:

“ეს ხალხი ძალიან სასაცილო ვითარებაში იგდებს თავს. მოთხოვნებსა და მესიჯებს ყოველთვე იმის მიხედვით ცვლიან, როგორი პოლიტიკური ვითარებაა. აქამდე ყველა უბედურების სათავე ცესკოს თავმჯდომარე იყო, მაგრამ როცა მისი არჩევის წესი შეიცვალა და ოპოზიციურ პარტიებს მიეცათ უფლება თავად გადაწყვიტონ, ვინ უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე, აღმოჩნდა, რომ ეს არაფერ შუაშია და სხვა პრობლემებია.”

“ოპოზიციის შეფასებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არასამთავრობოებს სრული იგნორირება გაუკეთა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად სამი საჯარო პირი მორჩილების ნიშნით შეარჩია... “ალიანსის” წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის მიერ შერჩეულ კანდიდატებზე ამგვარი კომენტარი გააკეთა: “თარხნიშვილზე არაფერს ვიტყვი, რადგან ყველა იცნობს... სიჭინავას არავინ იცნობს, ხარატიშვილს - ვანო მერაბიშვილი...” - ეს ამონარიდი კი გაზეთ “24 საათის” პუბლიკაციიდან გახლავთ, სათაურით ”კანდიდატებით უკმაყოფილო ოპოზიციამ რევოლუცია გაიხსენა”.

„ახალი თობა“ წერდა: “უკვე ყველა ამბობს, რომ ლევან თარხნიშვილი მეორედაც იქნება ცესკოს თავმჯდომარე. ტესტად მონათლულ ადგილობრივ არჩევნებსაც ის გამართავს. უკვე ისიც გარკვეულია, რომ ცესკოს ახალ თავმჯდომარეს არა ოპოზიციის წარმომადგენლები, არამედ პარლამენტის უმრავლესობა დაამტკიცებს.”

და კვლავ „24 საათი“, უკვე პარასკევს: “პროგნოზები გამართლდა. ცესკოში კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა - თავმჯდომარის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანო დღეს უყრის კენჭის. ცესკოს გუშინდელ სხდომაზე არ მისულან ლეიბორისტები და კონსერვატორები. კენჭისყრაში სამმა ოპოზიციონერმა მიიღო მონაწილეობა. უარი განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა. შედეგების მიხედვით, სამივე ბიულეტენი გაბათილდა - ოპოზიციის წევრებმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან არც ერთს არ დაუჭირეს მხარი”, - წერს “24 საათი” სტატიაში, სათაურით „პოლიტიკური სიურპრიზი არ შედგა“.

შაბათის პრესა კი უკვე არჩეული ახალი თავმჯდომარის შესახებ წერს. ”პარლამენტმა თარხნიშვილის ადგილზე ხარატიშვილი დაამტკიცა“ - ასეთია „რეზონანსის“ ერთი სათაური.

“ზურაბ ხარატიშვილს მხარი 98-მა დეპუტატმა დაუჭირა, არც ერთის წინააღმდეგ“, - წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ ყველაზე მოულოდნელი აღმოჩნდა პარლამენტში გამართული კენჭისყრის წინ ლევან თარხნიშვილის განცხადება: ცესკოს თავმჯდომარეობა აღარ მსურსო.
XS
SM
MD
LG