Accessibility links

logo-print

”ქართველი” მაკკეინის, ცესკოს თავმჯდომარისა და ”ფრიდომ ჰაუსის” შეფასების კვირა


რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის სტუმრობამ კვირის დასაწყისში გარკვეულ წრეებში ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია, რომ, შეიძლება ითქვას, ერთგვარ ჩრდილში დარჩა მასთან ერთად ბათუმში ჩასული კიდევ ორი რესპუბლიკელი სენატორი - ჯონ ბარასო და ჯონ თიუნი. თუმცა ბევრს არ გაჰკვირვებია, რომ ყურადღების ცენტრში იყო ადამიანი, რომელიც საქართველოს განსაკუთრებით დიდ მეგობრად მიიჩნევა და რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ბევრისთვის დაუვიწყარი სიტყვები წარმოთქვა. მაშინ ის ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, 12 აგვისტოს პენსილვანიაში ამომრჩევლებს ხვდებოდა და სწორედ მათი სახელით, მსოფლიოს გასაგონად თქვა: ”ჩვენ ყველანი ქართველები ვართ”. იმ ხანებშივე, განსაკუთრებული მხარდაჭერის ნიშნად, მაკკეინმა საქართვლოში თავისი მეუღლე სინდიც გამოუშვა. რესპუბლიკელმა სენატორმა მანამდეც და შემდეგაც, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმითა და სხვადასხვა ტრიბუნიდან კიდევ არაერთხელ გამოხატა საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობასთან კავშირში. ეს მხარდაჭერა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დიდ გმირობად შეაფასა და მაკკეინს ბათუმში შესაბამისი ჯილდოც გადასცა:

”... მე მინდა, რომ, მთელი საქართველოს სახელით, - დღევანდელი და, ალბათ, მომავალი თავისუფალი ქართველების თაობების სახელით, - სენატორ ჯონ მაკკეინს გადავცე საქართველოს ეროვნული გმირის მედალი, ორდენი და წოდება მივანიჭო...”

გმირობად შეფასებულ ერთგულ მეგობრობაზე სენატორმა მაკკეინმა 11 იანვარს ბათუმშიც ბევრი ილაპარაკა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რომ ხელშეუხებელია, მისი მიერ ესეც არაერთხელ ითქვა, იყო ეს სასტუმრო შერატონში გამართული შეხვედრა თუ საუბარი ჟურნალისტებთან ბათუმის აეროპორტში:

”ჩვენ ჩაგვაქვს გზავნილი ჩვენს მოქალაქეებთან, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უკანონოდ არის დარღვეული. და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო დიპლომატიური თუ სხვა გზები და ვეცადოთ, რომ მივაღწიოთ რუსეთის არმიის გასვლას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.”

ტერიტორიული მთლიანობის უპირობო აღდგენის გარდა, ჯონ მაკკეინმა საკმაოდ გამოკვეთილი აქცენტი გააკეთა საქართველოში დემოკრატიის განვითარების აუცილებლობაზეც. აქვე ვთქვათ, რომ ბათუმში გამართული შეხვედრები მან ოპოზიციასთან შეხვედრით დაიწყო, ესაუბრა საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის სამ წარმომადგენელს - დავით უსუფაშვილს, ლევან გაჩეჩილაძესა და გიორგი თარგამაძეს. შემდეგ კი ამერიკელმა სენატორმა შთაბეჭდილებები ჟურნალისტებთან შეხვედრისას შეაჯამა:

”მათ აშკარად უნდათ, რომ ჰქონდეთ მეტი ხმის უფლება და უნდათ მედია აბსოლუტურად თავისუფალი იყოს, რომ ტელეარხები არ კონტროლდებოდეს ხელისუფლების მიერ. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები ჰყავს. ეს პროგრესია, რადგანაც ერთი პარტია ვერ ქმნის კარგ დემოკრატიას. ამიტომ სიამოვნებით ვხვდებით ოპოზიციას, რათა გამოვხატოთ მხარდაჭერა მათი მცდელობის მიმართ - რომ ითამაშონ წონადი და კანონიერი როლი საქართველოს პოლიტიკურ არენაზე. ”

მაკკეინის მიერ ნახსენები ”წონადი როლი” ოპოზიციას თითქოს მიმდინარე კვირაშიც უნდა შეესრულებინა, მაგრამ გარემოებათა გამო, ის კვლავ ბოიკოტის რეჟიმში აღმოჩნდა. საუბარია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტისთვის კანდიდატურების შერჩევის პროცესზე. კანონის თანახმად, პრეზიდენტს სამი კანდიდატი უნდა შეერჩია სიიდან, რომელსაც მას არასამთავრობო სექტორი წარუდგენდა და ეს ყველაფერი 8 იანვრამდე უნდა მომხდარიყო, ხოლო 11 იანვარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატიდან ერთ-ერთი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კომისიის ოპოზიციურ ნაწილს უნდა დაემტკიცებინა.

საარჩევნო კოდექსში შეტანილ და 28 დეკემბერს დამტკიცებულ ცვკლილებებზე დაყრდნობით, ოპოზიციამ პრეზიდენტი კანონის დარღვევაში დაადანაშაულა, რადგანაც კანდიდატები ცესკოში მან 8-ის ნაცვლად 12 იანვარს წარადგინა. ამის გამო პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების სწრაფი ტემპით განხორციელება მოუხდა.

პრობლემების მეორე ტალღა დაიწყო უკვე წარდგენის შემდეგ, როცა პრეზიდენტის 3-კაციან სიაში არ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის მისაღები არც ერთი კანდიდატი, მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე-დელონე, რომელსაც 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია უჭერდა მხარს. სამაგიეროდ, სიაში იყვნენ: გაეროს ასოციაციის მიერ დასახელებული ოთარ სიჭინავა, ფონდ „ალპეს“ მიერ დასახელებული ზურაბ ხარატიშვილი და თავისუფლების ინსტიტუტის მიერ დასახელებული ლევან თარხნიშვილი, იმ დროს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

ოპოზიციის განსაკუთრებული გაღიზიანება პრეზიდენტის 3-კანდიდატურიან სიაში სწორედ თარხნიშვილის წარდგენამ გამოიწვია. პარლამენტის

ვიცე-სპიკერმა, პარტიის „ჩვენ თვითონ“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ ამ ნაბიჯს ”პოლიტიკური პარტიების შანტაჟიც” კი უწოდა. კანდიდატები ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ”ხელისუფლების სატელიტებად” მოიხსენია.

სამი არასასურველი კანდიდატიდან ერთის არჩევაზე უარი სწრაფად განაცხადა ცესკოში წარმოდგენილმა 6 ოპოზიციური პარტიიდან სამმა: რესპუბლიკელებმა, ლეიბორისტებმა და კონსერვატორებმა. კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, რომელიც დედაქალაქის მერობის კანდიდატიც გახლავთ, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას პასუხისმგებლობის აღება აზრსმოკლებულად მიიჩნია:

”ხელისუფლება ისევ აპირებს არჩევნების შედეგებით მანიპულირებას და ჩვენ ვფიქრობთ, რომ, დაე, ეს პასუხისმგებლობა იყოს ისევ ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის კისერზე. ჩვენ რატომ უნდა ავიღოთ ამაზე პასუხისმგებლობა?! დაე, დატოვონ თარხნიშვილი... არ ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან პასუხისმგებლობის აღება მთავრობის სატელიტ პერსონებზე პოლიტიკურად სწორი იქნებოდა. ამას ჩვენ არ გავაკეთებთ არავითარ შემთხვევაში...”

მართალია, ცესკოში წარმოდგენილი კიდევ 3 ოპოზიციური ძალა, პარტიები: ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” და ”ჩვენ თვითონ” ცდილობდა კონსენსუსის მიღწევას ერთ-ერთის ასარჩევად ოთარ სიჭინავასა და ზურაბ ხარატიშვილის კანდიდატურებს შორის, მაგრამ კონსენსუსმა აზრი დაკარგა, რადგანაც ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად მინიმუმ 4 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, უშედეგოდ დასრულდა ცესკოში 14 იანვარს გამართული კენჭისყრა და პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა.

ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტის ასარჩევი რომ გახდა, ამის გამო 15 იანვრის სხდომაზე სინანული საპარლამენტო ოპოზიციამაც გამოხატა. მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ:

”ძალიან ცუდია ის, რომ ჩვენ, ოპოზიციამ, არ გამოვიყენეთ შანსი, რომ ის ადამიანი ნაწილობრივ მაინც ყოფილიყო ჩვენზე დამოკიდებული, რომელიც გახდებოდა 14 იანვარს თავმჯდომარე.”

ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ, ისევე როგორც პარტიამ ”ჩვენ თვითონ”, ”ქართულმა დასმა” და ”ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ”, უარი თქვა პარლამენტში 15 იანვარს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე. ისინი აცნობიერებდნენ, რომ მათი ხმა უმრავლესობის გადაწყვეტილებას ვერაფრით დაუპირისპირდებოდა. თუმცა ასეთი არგუმენტი მიუღებელი აღმოჩნდა დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გია თორთლაძისთვის და დეპუტატი კენჭისყრის პროცესს არ გამიჯვნია.

15 იანვარს გამართულ კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე ლევან თარხნიშვილმა პარლამენტს მიმართა თხოვნით, მხარი დაეჭირა არა მისთვის, არამედ დანარჩენი ორი კანდიდატურისთვის, მაგრამ 36-მა დეპუტატმა ეს თხოვნა არ გაითვალისწინა და მაინც თარხნიშვილს მისცა ხმა. 19 ხმა მიიღო ოთარ სიჭინავამ, ხოლო 98 ხმით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტმა ზურაბ ხარატიშვილი აირჩია.

მომავალი საქმიანობის პრინციპებში ცესკოს ახალი თავმჯდომარე ორ მთავარ პრინციპს გამოყოფს: ”მე ვიქნები სამართლიანი და მომთხოვნი, პირველ რიგში, საკუთარი თავის და შემდეგ ყველა სხვის მიმართ, რაზეც პასუხს ვაგებ ღვთისა და საკუთარი სინდისის წინაშე.”

საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიცია - საპარლამენტოც და არასაპარლამენტოც - პასიურობასა და უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. მაგალითად, 15 იანვარს პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი გაბაშვილმა თქვა, რომ ოპოზიცია მცდარ გზაზე დგას:

”...კერძოდ გზაზე, რომ არა მონაწილეობა მიიღოს პატიოსან პოლიტიკურ კონკურენციაში, არა იბრძოლოს, არა შეეცადოს, რომ გაიმარჯვოს, არა იმონაწილეოს არჩევნებში, არამედ საარჩევნო კამპანიის გამოცხადების პირველივე დღიდან გაამართლოს სავარაუდო წარუმატებლობა; არა ითამაშოს პატიოსან თამაშში, არამედ წინასწარ ყველაფერი დააბრალოს მსაჯს...”

ასეთია მოსაზრება, რომლითაც ოპოზიციის ქმედება მიმდინარე კვირაში ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა გაახმოვანა. თუმცა ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარის არჩევას სხვადასხვა ეტაპზე ბოიკოტი გამოუცხადა, არჩევნებში არა მხოლოდ მონაწილეობას, არამედ გამარჯვებას და მოპოვებული ხმების სათანადო დაცვასაც გეგმავს. გამონაკლისს მხოლოდ ლეიბორისტული პარტია წარმოადგენს.

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისადმი - ისევე როგორც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების მთელი პროცესისადმი -ყურადღებას იჩენს ნატოც, რომლისგანაც საქართველო სულ მალე ახალ ”საშინაო დავალებას” ელოდება. უკვე მზად არის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის - 2010 წლის სამოქმედო გეგმის - პროექტი, რომლის შინაარსიც ამჟამად ალიანსის წევრ სახელმწიფოებთან თანხმდება. დოკუმენტს ხელი იანვრის ბოლომდე უნდა მოეწეროს.

წინამორბედის მსგავსად, საჯარო არც ამ ახალი გეგმის შინაარსი გახლავთ. თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დოკუმენტის ძირითად აქცენტებს მაინც ასახელებს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე. ჩამონათვალში შედის, მაგალითად: რეფორმები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უნდა გაგრძელდეს; ცალკეული სტრატეგიული დოკუმენტები, რომელთა გადასინჯვაც უნდა გაგრძელდეს, რუსეთთან ომის გაკვეთილების გათვალისწინებით; ცვლილებები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებს შეეხება.

”...ასევე ეს დოკუმენტი მოიცავს საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას. საუბარია როგორც მედიის თავისუფლების ხარისხზე და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის გაგრძელებაზე, ისე სასამართლოს რეფორმის მიმართულებით მეტის გაკეთებაზე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე და ამ წელს ჩასატარებელი არჩევნების ყველანაირი მოსამზადებელი ეტაპის შესაბამისად წარმართვაზე და, ბუნებრივია, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე... ასევე ეს დოკუმენტი ეხება საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს, ფინანსურ სტაბილურობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას და საგარეო პოლიტიკის გეგმებს”, - აღნიშნა ბარამიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. მისი თქმით, 2010 წლის სამოქმედო გეგმა განმარტავს, ”თუ რა ექნება დაგეგმილი საქართველოს მეზობლებთან ურთიერთობის კუთხით, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხით. ასევე განიხილება ურთიერთობა აშშ-თან, ევროკავშირთან. და ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საზოგადოების ინფორმირებას ნატოში ინტეგრაციის პროცესის შესახებ.”

თუკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებით საერთაშორისო საზოგადოების დაინტერესებისა და მათი შეფასების თემას გავყვებით, უნდა აღინიშნოს ანგარიში, რომელიც მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ”ფრიდომ ჰაუსმა”.

„ფრიდომ ჰაუსის“ 2010 წლის ანგარიშში - ”თავისუფლება მსოფლიოში”, რომელიც 2009 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს, საქართველოს კვლავ ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნის სტატუსი ერგო. ასევე უცვლელია პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კრიტერიუმებით მინიჭებული ქულები, რაც ორივე შემთხვევაში 4-ს შეადგენს. იმას, რომ საქართველო, შარშანდლის მსგავსად, „ფრიდომ ჰაუსის“ წლევანდელ ანგარიშშიც ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების ჩამონათვალში გვხვდება, ადამიანის უფლებათა დამცველების ნაწილი ”წინსვლის სამწუხარო შეჩერებას” უწოდებს, ხოლო ზოგიერთებისთვის წინსვლის არარსებობა ”უკუსვლის” ნიშანია.

განსხვავებული ახსნა აქვს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს რეინტეგრაციის საკითხებში ელენე თევდორაძეს. იმ ფაქტის უკან, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში საქართველო წელსაც ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების რიგში დარჩა, თევდორაძე მოლოდინს ხედავს:

”ვფიქრობ, ყველა ელოდება ადგილობრივ არჩევნებს და ზუსტად ადგილობრივი არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი, ალბათ, იქნება ის ვექტორი, რომელიც ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს გადაიწევა. აქედან გამომდინარე, ამ მოლოდინმა პრაქტიკულად, ჩემი აზრით, გაყინა სიტუაცია, როგორც იყო”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ელენე თევდორაძემ.

რაც შეეხება საქართველოს სეპარატისტისტულ რეგიონებს, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში მათი პოზიციაც უცვლელია. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, მსოფლიოს სხვა სადავო ტერიტორიებთან ერთად, ცალკე შესაფასებელ ჯგუფში ერთიანდებიან. ამასთან, აფხაზეთი კვლავაც ინარჩუნებს ”ნაწილობრივ თავისუფალი” ტერიტორიის სტატუსს, მაშინ როცა სამხრეთ ოსეთი კვლავ ”არათავისუფალ” ტერიტორიად მოიხსენიება. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ სამხრეთ ოსეთში შარშან ვითარება გააუარესა ”პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებზე რუსეთის გაძლიერებულმა გავლენამ”, ხოლო რუსეთისგან მიღებულმა დახმარებამ გააძლიერა კორუფცია ადგილობრივ ელიტაში.

ელენე თევდორაძე ამბობს, რომ დანარჩენი საქართველოსთვის რეალურად უცნობია, თუ რა ხდება ამჟამად მის სეპარატისტულ რეგიონებში, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. თუმცა იქიდან გამოღწეული ხმები საკმაოდ შემაშფოთებელ სურათს ქმნის. ამასთან, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე წარმოუდგენლად მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე რაიმე სახის, თუნდაც ”ნახევარი თავისუფლება” არსებობდეს.
XS
SM
MD
LG