Accessibility links

logo-print
სოფელ ერგნეთიდან ცხინვალის მიმართულებით ადგილობრივმა და დევნილმა ბავშვებმა ბუშტების მეშვეობით სამშვიდობო მოწოდებები გააგზავნეს. სამშვიდობო აქცია „მშვიდობის ექსპრესი“ ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და აქციის მონაწილეებმა თითქმის მთელი საქართველო შემოიარეს. ამ აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის“ იყო, რომელიც თავის მხრივ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. ორგანიზაციის წარმომადგენლის მეგი ბიბილურის აზრით, სიმბოლური იყო აქციის ერგნეთში დასრულება, სადაც ადგილობრივი ბავშვების გარდა საჩუქრები ქართული პოლიციის საგუშაგოზე მყოფ სამართალდამცავებსაც გადაეცათ.


აქციის „მშვიდობის ექსპრესის“ მიზანი იყო მშვიდობის პროპაგანდა და დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები ბავშვების მხარდაჭერა. კოალიცია დევნილთა უფლებების თავმჯდომარის ზურაბ ბენდიანიშვილის განცხადებით, სამშვიდობო მოწოდებებით ანალოგიური აქცია ენგურის ხიდთანაც გაიმართა.

ერთკვირიანი აქციის ფარგლებში არაერთი ღონისძიება მოეწყო. მათ შორის იყო კონკურსი „ჩვენ ვხატავთ მშვიდობას“ და „გზავნილი მშვიდობისთვის“.

აქციაში ბავშვებთან ერთად ხელოვანებიც ჩაერთვნენ. ცხინვალის სახელმწიფო თეატრის მსახიობის თამარ ხიზანიშვილის სურვილია, ოს და აფხაზ კოლეგებს მშვიდობა პირისპირ შეხვედრისას უსურვოს.

ლიახვის ხეობიდან დევნილი იზა კარაძის აზრით, ომგამოვლილმა ბავშვებმა ყველაზე მეტად იციან მშვიდობის ფასი და ამ აქციით მშვიდობას ცხინვალელ თანატოლებს უსურვებენ.

ერთკვირიანი სამშვიდობო აქციის მხარდამჭერები იყვნენ ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, მშვიდობის სახლი, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია და აფხაზეთის მთავრობა.
XS
SM
MD
LG