Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში 1 მილიარდის ინვესტირებას აპირებს


აზიის განვითარების ბანკის ლოგო
აზიის განვითარების ბანკის ლოგო
აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია საქართველოს თებერვლის დასაწყისში ესტუმრება და ქვეყნის ეკონომიკაში 1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირების საკითხებს განიხილავს. ასეთი განცხადება გააკეთა ფილიპინებიდან დაბრუნებულმა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა, რომელიც იქ ეკონომიკური განვითარების მინისტრთან ერთად აზიის განვითარების ბანკის მიწვევით იმყოფებოდა. რა სფეროებში და რა პირობებით დაიხარჯება აზიური ინვესტიციები?

ფილიპინებიდან დაბრუნებულმა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა, რომელიც აზიის განვითარების ბანკში არის მმართველი საქართველოს მხრიდან, განაცხადა, რომ ბანკი საქართველოში 2010 – 2011 წლებში ერთი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ძირითადად, ეს არის სახელმწიფო კრედიტები, რომლებიც ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.

მაგალითად, გზების რეაბილიტაციისთვის აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 500 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. აქედან ხელი უკვე მოეწერა 120 მილიონის ათვისებას - ეს თანხა ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას მოხმარდება. ამდენივე თანხა გამოიყოფა ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის. შედეგად, სანაპირო ზოლში გამოთავისუფლდება ტერიტორია, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას წაადგება.

დარჩენილი 260 მილიონი აშშ დოლარი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობას მოხმარდება.

ასევე, აზიის განვითარების ბანკის ინვესტიცია დაიხარჯება წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციისა და თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებისათვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.

კახა ბაინდურაშვილი, ფინანსთა მინისტრი
”ეს არის სახელმწიფო საინვესტიციო პროექტები. ჯამში, აღწევს 1 მილიარდ დოლარს. და მეორე მხარე არის ბანკის კერძო აქტივობა, რომელსაც აპირებენ დიდი ყურადღება მიაქციონ. აზიის განვითარების ბანკი დღემდე უფრო ფოკუსირებული იყო სახელმწიფო საინვესტიციო პროექტებზე და 2010 წლიდან გეგმავენ გააქტიურდნენ კერძო პროექტებზე.”

გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისით შექმნილ ვითარებაში საქართველოში საგრძნობლად იკლო კერძო პირდაპირმა ინვესტიციებმა. სახელმწიფო ცდილობს მათ ჩანაცვლებას და აზიის განვითარების ბანკიდან მიღებული კაპიტალი სწორედ ამ მიზანს მოხმარდება. ამ დადებით მოვლენას აქვს უარყოფითი მხარე - საგრძნობლად გაიზრდება საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალი. ეკონომიკის ექსპერტ დავით ებრალიძის კომენტარი:

”აქ არის გამოუვალი სიტუაცია, როდესაც კერძო ინვესტიციები არ ხორციელდება, სახელმწიფოს შემოსავლები არა აქვს. სხვა რა დარჩენია ხელისუფლებას გარდა იმისა, რომ თვითონ აიღოს სესხი და თვითონ განახორციელოს ინვესტირება.”

დავით ებრალიძე, ეკონომიკის ექსპერტი
თუმცა აზიის განვითარების ბანკს გადაწყვეტილი აქვს საქართველოში კერძო ინვესტიციებიც განახორციელოს. ეს ცნობილი გახდა ფილიპინებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შემდეგ.

ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ორ კომერციულ ბანკთან მოლაპარაკებას აწარმოებს 20 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე. ამ ორი ბანკის დასახელება ჯერჯერობით არ ხმაურდება და ის ცნობილი გახდება თებერვალში, აზიის განვითარების ბანკის დელეგაციის საქართველოში ვიზიტისას.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს საფინანსო ინსტიტუტი ასევე დაინტერესებულია საქართველოში მსხვილი საწარმოების დაფინანსებით. ძირითადად, ესენია ენერგეტიკული საწარმოები, პორტები და აეროპორტები, მაგრამ საუბარია არა სესხის გამოყოფაზე, არამედ ამა თუ იმ კომპანიის აქციების შეძენაზე.
XS
SM
MD
LG