Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს


აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი
აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი
გვიან ღამით, რუსმა სამხედროებმა აფხაზეთ-სამეგრელოს ე.წ. საზღვართან საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის ინფორმაციით მოქალაქეები, რომლებიც ”ჟიგულის” მარკის ავტომანქანით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანიდან, ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში მიემგზავრებოდნენ, რუსმა მესაზღვრეებმა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს და გალის აფხაზურ მილიციაში გადაიყვანეს. მათი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა ვარაუდობს, რომ შესაძლოა დაკავებულები გალის რაიონის მკვიდრნი არ იყვნენ, რაც მათ გათავისუფლებას აყოვნებს.

დევნილი მთავრობისთვის უცნობია - იმყოფებიან თუ არა ამჟამად დაკავებულები გალის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ისინი დილით გადაიყვანეს. თორნიკე კილანავასთვის ასევე უცნობია მათი სახელი და გვარები. ვითარებაში გასარკვევად რადიო თავისუფლება ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ აფხაზეთის დევნილი მთავობის მიერ გავრცელებული ცნობის შესახებ არაფერი სმენია და დასძინა, რომ საბერიოში წუხელ, გვიან ღამით დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ ერთ-ერთი მკვიდრის როინ წირღვავას ოჯახს. რესპონდენტის თქმით, თავდამსხმელებმა მისი უფროსი შვილი გაიტაცეს, რომლის ადგილსამყოფელი ამდრომდე უცნობია.

ოკუპირებულ საბერიოს მკვიდრის როინ წირღვავას გვარი ფიგურირებს დღეს დილით ქართული ტელეკომპანიების მიერ გადაცემულ რეპორტაჟებშიც. მათი ცნობით, სოფელ საბერიოში რუსმა სამხედროებმა ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი დააკავეს, რომელსაც როინ წირღვავა მართავდა. მასთან ერთად დაკავებულია ავტობუსის ყველა მგზავრი. რადიო თავისუფლების საბერიოელი რესპონდენტის თქმით, როინ წირღვავა ხელმომჭირნედ ცხოვრობს და მას მიკროავტობუსი არასოდეს ჰყოლია და არც ავტობუსის მძღოლი ყოფილა.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში ფიქრობენ, რომ რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს ბრალად ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას წაუყენებენ და ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.
XS
SM
MD
LG