Accessibility links

უკრაინა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „რეგიონების პარტიის“ ლიდერი ვიკტორ იანუკოვიჩი და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო.

არჩევნების მეორე ტური, რომელშიც საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, სავარაუდოდ, 7 თებერვალს გაიმართება. წინასწარი მონაცემებით კი, პირველ ტურში ხმათა 36 პროცენტი მიიღო პრორუსული ორიენტაციის ვიკტორ იანუკოვიჩმა, ხოლო „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ერთ-ერთ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს, ამომრჩეველთა 25 პროცენტმა დაუჭირა მხარი. შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, უკრაინის ცენტრალური ბანკის ყოფილმა მმართველმა, სერგეი ტიგიპკომ, რომელიც 13 პროცენტით მესამე ადგილზე გავიდა, მაშინ როცა მოქმედი პრეზიდენტი ვიკტორ იუშჩენკო ხუთ პროცენტს დასჯერდა. პირველი ტურით კმაყოფილი დარჩა იულია ტიმოშენკოს საარჩევნო შტაბი, სადაც წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებას მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა. შედეგებით უკმაყოფილო არც იულია ტიმოშენკოა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ პირველი ტურის შედეგები ერთ რამეზე მეტყველებს: ამომრჩეველთა დიდ ნაწილს სურს, რომ უკრაინა იყოს თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა.

„იანუკოვიჩის, კრიმინალური წრეების წარმომადგენლის, პრეზიდენტობის შანსი ნულის ტოლია“, განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

ტიმოშენკომ ისიც თქვა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში არ გადაუხვევს „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროს არჩეულ კურსს. მან მოუწოდა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სხვა კანდიდატებს მისცეს ხმა, მეორე ტურში მას დაუჭირონ მხარი:

„დემოკრატიული ძალები უნდა გაერთიანდნენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სამომავლოდ ვიმოქმედოთ ერთი მძლავრი ძალის სახით, რათა ჩვენი ქვეყანა ევროპული ცივილიზაციისკენ წავიყვანოთ.“

თუმცა უკრაინაში ბევრი ამბობს, რომ იმედგაცრუებულნი არიან იმ მდგომარეობით, რომელიც ყოფილი მოკავშირეების - ტიმოშენკოსა და იუშჩენკოს - დაპირისპირების შედეგად შეიქმნა. დაპირისპირება არ შეწყვეტილა გლობალური ფინანსური კრიზისის მიუხედავად, რამაც, თავის მხრივ, ეკონომიკის დანგრევასა და კორუფციის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

ასე რომ, ტიმოშენკოს, ისევე როგორ იანუკოვიჩს, გაუჭირდება იმ ამომრჩეველთა მიმხრობა, რომლებმაც პირველ ტურში დანარჩენ თექვსმეტ კანდიდატს დაუჭირეს მხარი, თუმცა ვიკტორ იანუკოვიჩი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში უკრაინელი ხალხი მას დაუჭერს მხარს:

„ჩვენმა მოქალაქეებმა ხმა მისცეს ცვლილებებს. ისინი მოითხოვენ სასიკეთო გარდაქმნებს - ესაა მთავარი შედეგი.“

იანუკოვიჩს მხარს უჭერენ, ძირითადად, ქვეყნის აღმოსავლეთში მცხოვრები ეგრეთ წოდებული რუსულენოვანი ამომრჩევლები, რომლებიც უკრაინის პროდასავლურ კურსს აპროტესტებენ. პირველი ტურის დასრულების შემდეგ ვიკტორ იანუკოვიჩმა მათ გასაგონად განაცხადა, რომ უკრაინა არასოდეს გახდება ნატოს წევრი.

თუმცა, პირველ ტურში შთამბეჭდავი წარმატების მიუხედავად, ექსპერტებს უჭირთ იმის განსაზღვრა, თუ რა შედეგით დასრულდება არჩევნების მეორე ტური. ყველაფერი დამოკიდებული იქნება მესამე და მეოთხე ადგილებზე გასული სერგეი ტიგიპკოსა და არსენი იაეცუნიკის ამომჩეველზე. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანამშრომელი მარიანა დრაჩი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებას ბუნდოვანებას მატებენ თავად პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატები, რომლებმაც უკვე განაცხადეს, რომ არ აპირებენ არც ტიმოშენკოსა და არც იანუკოვიჩისთვის მხარის დაჭერას.

„უკრაინელი სოციოლოგების დიდი ნაწილის პროგნოზის მიხედვით, გაიმარჯვებს ვიკტორ იანუკოვიჩი, მაგრამ თავად ტიმოშენკოს ამისი არ სჯერა. მან განაცხადა, რომ იანუკოვიჩი უკვე დამარცხდა, თუმცა გადამწვეტი მნიშნველობა ექნება მეორე ტურის წინა დღეებს. რაც უნდა ვთქვათ, წინ სამი კვირაა. შესაბამისად, მოსალოდნელია ნებისმიერი სიურპრიზი. ტიმოშენკოს სუსტი ადგილი ისაა, რომ ის ხელისუფლებას წარმოადგენს, ქვეყნის ეკონომიკა კი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მარიანა დრაჩმა.
XS
SM
MD
LG