Accessibility links

ოპოზიცია ქართველი დამკვირვებლების უკრაინაში წარგზავნას აკრიტიკებს


ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მოქმედების გამო უკრაინელ ხალხს ბოდიშს უხდის. მისივე შეფასებით, უკრაინაში ე.წ. დამკვირვებლების გაგზავნით გამოწვეულმა მოვლენებმა შესაძლოა, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა დაძაბოს. კერძოდ, ნათელაშვილი სავიზო რეჟიმის დაწესების, სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შეჩერების და უკრაინის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების საფრთხეს ხედავს, რის შესახებაც, ლეიბორისტთა ლიდერის განცხადებით, იანუკოვიჩის გუნდში უკვე საუბრობენ. მოძრაობამ ”ერთიანი საქართველოსთვის" ხელისუფლება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში უხეშად ჩარევასა და უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. პოლიტიკური ორგანიზაციის შეფასებით, უკრაინაში ე.წ-ლ დამკვირვებლებად გაგზავნილთა დიდი ნაწილის რეპუტაცია თავად საქართველოში სწორედ არჩევნების გამოა შელახული. "მოძრაობამ ერთიანი საქართველოსთვის" ხელისუფლებისგან მოითხოვა პასუხი შეკითხვაზე, რომელ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ უკრაინაში მივლინებული პირები და ვინ დააფინანსა მათი ვიზიტი. ამასთან, მოძრაობამ მიუღებელია უწოდა ძალადობას, რომელიც უკრაინაში ქართველ ჟურნალისტებს შეეხო.
XS
SM
MD
LG