Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალხის პარტია საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის


კობა დავითაშვილი, ხალხის პარტიის ლიდერი
კობა დავითაშვილი, ხალხის პარტიის ლიდერი
ხალხის პარტია გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც, ძირითადად, სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებს წარმოადგენს. ისინი აპირებენ 25 იანვრამდე შეაგროვონ 30 000 ხელმოწერა, რომელსაც საქართველოს პარლამენტში, საპროცედურო კომიტეტში, წარადგენენ.

ხალხის პარტია სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებს აერთიანებს: საპენსიო ასაკის დაწევა, პენსიის დანიშვნა სტაჟის და დამსახურების მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტება და მაჟორიტარულ არჩევნებში საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდა. ხალხის პარტია საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. თითოეული მოთხოვნა მათ 30 ათასი ხელმოწერით უნდა გაამყარონ და პარლამენტში, საპროცედურო კომიტეტში, 25 იანვარს შეიტანონ.

როგორც ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, ის სოციალური ტიპის მოთხოვნები, რომელთაც მისი პარტია საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს, თავის დროზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაახმაურა, თუმცა დღემდე მათი შესრულება ვერ მოხერხდა.

კეთილშობილურ მოთხოვნებს უწოდეს ხალხის პარტიის სოციალურ მოთხოვნებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე, თუმცა, მისი თქმით, ამ ეტაპზე ამ კეთილშობილური მოთხოვნების გათვალისწინება და შესრულება შეუძლებელია:

”იმ ქვეყანაში, სადაც ჯერჯერობით არ გვაქვს სტაბილური განვითარების ეკონომიკა, იმ ქვეყანაში, სადაც ფასების რეგულაცია ხდება საბაზრო რეგულაციით, იმ ქვეყანაში, სადაც შრომითი გამოცდილება და დასაქმების დონე დაბალია, ასეთი მოთხოვნები კეთილშობილურია, მაგრამ რეალობას მოკლებული”, - აცხადებს ოთარ თოიძე.

ხალხის პარტიის პოლიტიკური მოთხოვნები საარჩევნო კოდექსის გარშემო ტრიალებს, რადგან, პარტიის პოლიტიკური მდივნის ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებით, საარჩევნო გარემო შესაცვლელია და ის თავად ამომრჩევლების მიერ უნდა შეიცვალოს:

”საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტება და მაჟორიტარულ არჩევნებში საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდა, ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა. ხელმოწერები იქნება საწინდარი იმისა, რომ გამოჩნდეს, რომ ადამიანები ითხოვენ სამართლიან საარჩევნო კანონს არჩევნების სამართლიანად ჩატარებისათვის”, - აცხადებს ალექსანდრე შალამბერიძე.

როგორც ხალხის პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, მას არ აქვს იმის ილუზია, რომ საკანონმდებლო ორგანო ამ ინიციატივას განიხილავს, თუმცა მიაჩნია, რომ სამართლიანი საარჩევნო კოდექსი ბრძოლად ღირს.

პრინციპი, რომლითაც კომპლექტდება ცენტრალური საარჩევნო კომისია, არის ყველაზე სწორი, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, ხოლო რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებში საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდას, ის ყველანაირი ბარიერის წინააღმდეგია. მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები არ იყენებენ მათთვის მინიჭებულ უფლებებს.

ამ ეტაპისათვის თითო მოთხოვნაზე ხალხის პარტიამ 27-27 ათასი ხელმოწერის შეგროვება შეძლო. 20 და 22 იანვარს, მეტროსადგურებთან ხელმოწერის აქციების მოწყობა იგეგმება. ხალხის პარტიაში ვარაუდობენ, რომ 25 იანვრისათვის ისინი 30 ათასზე მეტი ხელმოწერის შეგროვებას მოახერხებენ.
XS
SM
MD
LG