Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაიტიზე მაროდიორობა და იმედგაცრუება იზრდება


ძარცვა და ძალადობა გრძელდება ჰაიტიზე, სადაც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 10 ათასკაციანი საერთაშორისო სამხედრო ძალა ჩავიდა. შეერთებული შტატების, გაეროსა და ევროკავშირის მიერ სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების მიუხედავად, ჰაიტის მოსახლეობა კვლავ სურსათისა და სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდის.

საერთაშორისო უსაფრთხოების ძალები განაგრძობენ ბრძოლას კონტროლის დასამყარებლად და ძალადობისა და მაროდიორობის შესაჩერებლად ჰაიტის დანგრეულ დედაქალაქ პორ-ო-პრენსში. მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება დამატებით კიდევ რამდენიმე ათას ჯარისკაცს ითხოვს. გაეროს მშვიდობისდამცველთა მისიის ხელმძღვანელი ალაინ ლი როი ამბობს, რომ მაროდიორობას ეწევიან “სასოწარკვეთილი” ჰაიტელებიც, რომლებიც თავის დროზე ვერ ღებულობენ სასმელ წყალსა და საჭმელს. ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, ამერიკულმა სამხედრო ძალებმა ავიაციის მეშვეობით სასმელი წყლითა და საკვებით დატვირთული კონტეინერების ჩაყრა დაიწყეს პორტ-ო-პრენსის უსაფრთხო გარეუბნებში. გარდა ამისა, იქმნება ჰუმანიტარული დერეფნები სხვადასხვა სახის დახმარებისა და ტვირთების მისაღებად, - განაცხადა ალაინ ლი როვიმ, გაეროს წარმომადგენელმა ჰაიტიზე.

“ამ ჰუმანიტარულ დერეფნებს ჩვენ ვქმნით ბევრ სხვა მონაწილესთან ერთად და, რა თქმა უნდა, გვესაჭიროება ძალები, რათა დავიცვათ ეს ჰუმანიტარული დერეფნები. დომინიკელთა რესპუბლიკა უკვე დაგვპირდა ბატალიონს, რაც, დაახლოებით, 800 კაცია, რომლებიც სწორედ პორტ-ო-პრენსისა და დომინიკელთა რესპუბლიკის დამაკავშირებელი ჰუმანიტარული დერეფნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგვეხმარებიან.”

გასულ კვირაში ჰაიტიზე მომხდარ 7 ბალიან მიწიძვრას დიდი მასშტაბის ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ხელისუფლება ფიქრობს, რომ სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200 ათასამდე გაიზრდება. ოფიციალური ინფორმაციით, 70 ათასი ადამიანის ცხედარი მიაბარეს მიწას, მათი უმეტესობა – მასობრივ სამარხებში. ათეული ათასობით ობოლი და მიუსაფარი ბავშვი რჩება დროებით თავშესაფარში. საერთაშორისო მისიები ცდილობენ ობოლი ბავშვები შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში გადაგზავნონ. მაგრამ სხვადასხვა მაშველი ჯგუფებისა და ჰუმანიტარული მისიების მუშაობას ქაოსი და არეულობა აბრკოლებს. გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭო აპირებს მხარი დაუჭიროს 3 500 კაციანი პოლიციური და სამხედრო სამშვიდობო ძალის გაგზავნას ჰაიტიზე, სადაც უკვე იმყოფება გაეროს 9000 მშვიდობისდამცველი. აღნიშნული თხოვნა ორშაბათს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სტიქიით დაზარალებული კუნძულიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა.

“მე შევთავაზე უშიშროების საბჭოს, გაზარდოს გაეროს პოლიციელთა რაოდენობა 1500 კაცით, რაც არსებული რაოდენობის 67 პროცენტია. მე ასევე შევთავაზე უშიშროების საბჭოს, რათა ექვსი თვის განმავლობაში სამხედრო ძალა 2000 კაცით - დაახლოებით, 30 პროცენტით - გაზარდოს.”

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ასევე აპირებს დამატებით 2000 საზღვაო ქვეითი გაგზავნოს კუნძულ ჰაიტიზე, სადაც ამჟამად სამშვიდობო მისიას 17000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ახორციელებს. ახალ ამერიკულ სამხედრო ქვედანაყოფს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჰუმანიტარული დახმარების განაწილება დაევალება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG