Accessibility links

logo-print

საბერნეთის ქაოტური ეკონომიკა და მისი გავლენა ევროს ზონაზე


საერთო ევროპული ვალუტის - ევროს - შემოღების შემდეგ, საბერძნეთის ეკონომიკურ კრიზისს ყველაზე მძიმედ მიიჩნევენ. საბერძნეთის საბიუჯეტო დეფიციტი ახლა საფრთხეს უქმნის ევროს სტაბილურობას. როგორი გავლენა აქვს ამ - ევროზონის ყველაზე ღარიბი ქვეყნის კრიზისს საერთო ევროპულ ვალუტასა და ამ ზონის სხვა ქვეყნებზე, როგორ შეიძლება მოგვარდეს პრობლემა?

გასულ კვირაში ევროპის ერთ-ერთ საფინანსო ცენტრში, მაინის ფრანკფურტში, გერმანიაში, შეიკრიბნენ კონტინენტის ცენტრალური ბანკის მმართველები და საბერძნეთის საბიუჯეტო დეფიციტის შესახებ იმსჯელეს. ეს კრიზისი ბევრს - საერთო ვალუტის, ევროს, შემოღების შემდეგ - უდიდეს კრიზისად მიაჩნია.

ბანკის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ ტრიშემ განაცხადა ფრანკფურტში, ლაპარაკი საფინანსო პრობლემების გამო საბერძნეთის ევროზონიდან გარიყვის შესახებ „აბსურდული ჰიპოთეზააო“, მაგრამ იქვე დასძინა:

„ასეთ ლაპარაკთან ერთად ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ნათელია, როგორ ხედავს მმართველი საბჭო საფინანსო პოლიტიკის თვალსაზრისით საჭირო ზომების განხორციელების აუცილებლობას. ეს საკვანძო ზომებია. ისინი საკვანძოა ყველა ქვეყნისთვის და ევროს ზონის ყველა ქვეყანას მივმართავთ ამ მესიჯით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებული სირთულის მქონე სახელმწიფოებისთვის. მათი საკუთარი კეთილდღეობის, მათი გაჯანსაღების ინტერესებშია, რომ ვითარება გაუმჯობესდეს სათანადო, გაბედული და თამამი ზომების მიღებით.“

ევროპის რეფორმის ცენტრის განმგებელი საიმონ ტილფორდი ამბობს, რომ საბერძნეთი საგანგებო გამოწვევაა ევროს მთელი ზონისთვის:

„ერთი მხრივ, მათ არ შეუძლიათ დაუშვან, რომ საბერძნეთმა არ მიმართოს თანმიმდევრულ ზომებს. მეორე მხრივ კი, არ შეუძლიათ, ამასთანავე, ზედმეტი აქტიურობა გამოიჩინონ საბერძნეთის მთავრობის მიმართ, რომელსაც მხოლოდ რაღაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შეუძლია, რამდენადაც საბერძნეთში უკვე არსებობს სოციალური არასტაბილურობის საფრთხე.“

ამ დროს კი ევროზონის სხვა ქვეყნებში გაჩნდა იმის შიში, რომ საბერძნეთისთვის დახმარების გაწევა მოუხდებათ. ამ ქვეყნისთვის ადრე დაშვებული ვალი სამჯერ გაიზარდა. პრემიერ-მინისტრმა გეორგიოს პაპანდრეუმ წარმოადგინა ახალი ეკონომიკური გეგმა - 2012 წლისთვის დეფიციტი დაიყვანოს მთლიანი ეროვნული შემოსავლის - ევროზონის ქვეყნებისთვის დასაშვებ - სამ პროცენტამდე. მან თქვა, რომ არ ითხოვს დახმარებას სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან. ასეთი ნაბიჯი სახეს დააკარგვინებდა ქვეყანას, რაც იმის დასტური იქნებოდა, რომ მთავრობა ვერ ახერხებს თვითონ, გარედან დაუხმარებლად, გაართვას თავი პრობლემებს.

მართალია, ათენს მუდმივად სტუმრობენ სავალუტო ფონდის წარმომადგენლები, მაგრამ საბერძნეთი აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ რჩევების მისაცემად ჩადიან და არა დახმარების პაკეტის მოსამზადებლად.
ეკონომიკის ექსპერტების აზრით, პაპანდრეუს გეგმა სოციალური ხარჯების შემცირებას გულისხმობს, ეს კი ევროკავშირის უღარიბესი ქვეყნისთვის ძნელი განსახორციელებელი იქნება საზოგადოებაში უკმაყოფილების გარეშე. ესვე ნიშნავს პაპანდრეუს, სოციალისტი პოლიტიკოსის მხრიდან, ხალხისთვის მიცემული სიტყვის გატეხას, რომ ქვეყანას გამოაჯანსაღებდა, ოღონდ არა ღარიბთა ხარჯზე. ტილფორდი ამბობს, რომ პაპანდრეუს გეგმა სახიფათოდ არარეალისტურია:

„არა მგონია, რომ საბერძნეთს საერთოდ შეეძლოს ისე სწრაფად შეამციროს დეფიციტი, როგორც ამას გეგმა გვთავაზობს. საბერძნეთს ზრდის სუსტი პერსპექტივა აქვს. მის ექსპორტზე მოთხოვნილება შემცირდა (ნაწილობრივ იმის გამო, რომ კონკურენციას ვერ უწევს ევროზონის სხვა ქვეყნებს და, ამავე დროს, ევროს სიძლიერის გამოც). მისი ექსპორტი ევროზონასა და მის გარეთ სუსტია, კერძო მომხმარებელიც სუსტდება და თუკი ამას სახელმწიფო ხარჯების შემცირებას დავამატებთ, რითაც, სხვა ქვეყნებთან შედარებით, სახელფასო ხარჯი დაიწევს, გაჩნდება რეცესიის რეალური საფრთხე.“

ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყვეს ევროს მიმართ ნდობის დაკარგვა. ეს ვალუტა საფინანსო კრიზისის დროს გამოკვეთილ სტაბილურობას ინარჩუნებდა.

ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების ფრანკფურტის შეხვედრაზე ძირითადი საპროცენტო განაკვეთი ისტორიულად დაბალ დონეზე - ერთ პროცენტზე - დატოვეს. ზონაში უღარიბეს ქვეყნებს - საბერძნეთს, ირლანდიას, ესპანეთს და პორტუგალიას - ეს ხელს აძლევს, მაგრამ ამას შეიძლება ინფლაცია მოჰყვეს გერმანიასა და საფრანგეთში, რომლებიც კრიზისს დაუძვრნენ და ეკონომიკურად კვლავ ზრდა დაიწყეს. მაგრამ, ამ ზრდის დაჩქარების თვალსაზრისით, დაბალმა საპროცენტო განაკვეთმა შეიძლება სახიფათო შედეგი მოიტანოს.

ევროს შემოღების იდეა ის იყო, რომ გაეერთიანებინათ ეკონომიკურად დახლოებით ერთი დონის ქვეყნები. მაშინ იყო, რომ დაწესდა საერთო საპროცენტო განაკვეთი. ახლა მიხვდნენ, რომ ეს ოპტიმიზმი გადაჭარბებული იყო. მდგომარეობიდან ერთ-ერთი გამოსავალი იქნებოდა უგულებელყოფა ისეთი ქვეყნებისა, რომლებიც სხვებს მხარს ვერ უბამენ. მაგრამ ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე, ტრიშე, ამას გამორიცხავს. ევროზონიდან საბერძნეთის გარიცხვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება საბერძნეთის პრემიერი პაპანდრეუც, რომელმაც თქვა, რომ საამისო არც მექანიზმი არსებობს და ევროკავშირსაც ძალიან გაუჭირდება მიიღოს ასეთი რთული გადაწყვეტილება.
XS
SM
MD
LG