Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭო საქართველოში იმედებს ჰამარბერგზე ამყარებს


ევროსაბჭო მიესალმება ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის ”მისწრაფებასა და წარმატებას, რაც უკანასკნელ თვეებში კონცენტრირებულ იქნა დაკავებულ ან გაუჩინარებულ პირებზე”, - ამგვარი დამოკიდებულება 16 იანვარს, თბილისში ყოფნის დროს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიშელინ კალმი-რეიმაც გამოხატა და მოუწოდა ქართულ მხარეს, ”კვლავაც მხარი დაუჭირონ კომისრის ქმედებას”. რას ითვალისწინებს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის შემდგომი გეგმები, რატომ ფერხდება სამშვიდობო პროცესი და როგორია ცხინვალის დე ფაქტო ლიდერების პოზიცია?

დაკავებულ და გაუჩინარებულ პირებთან დაკავშირებული პროცესი წინ აღარ წასულა მას შემდეგ, რაც 19 დეკემბერს ოსურმა მხარემ სამი მოზარდი გაათავისუფლა. გავიხსენოთ, რომ ტირძნისელი მოზარდები - 17 წლის ლევან ხმიადაშვილი და 16 წლის ვიქტორ ბუჩუკური ოჯახებს 45-დღიანი პატიმრობის შემდეგ დაუბრუნდნენ, ხოლო ასევე 16 წლის გიორგი არჩვაძე ცხინვალის ციხეში 5 თვის მანძილზე იმყოფებოდა. იმ დროისთვის, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის აქტიური ჩარევით, ოსურ მხარეს უკვე გათავისუფლებული ჰყავდა კიდევ ორი ტირძნისელი მოზარდი: 14 წლის გიორგი რომელაშვილი და ასევე 14 წლის ალეკო ცაბაძე თომას ჰამარბერგმა ერგნეთში 2 დეკემბერს, გვიან საღამოს, გადმოიყვანა.

წინა დღით კი, ასევე ევროსაბჭოს კომისრის შუამავლობით, ქართულმა მხარემ ოსი ეროვნების 5 პირი გაათავისუფლა. თუმცა, როგორც ჩანს, კოკოითის რეჟიმმა ეს ფაქტი აბსოლუტურად არ დააფასა, რადგანაც მას შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში ცხინვალის დე ფაქტო ლიდერები მხოლოდ იმაზე აკეთებენ აქცენტს, რომ ქართულმა მხარემ ისინი მოატყუა და ქართველი მოზარდების გათავისუფლების სანაცვლოდ მსგავსი კეთილი ნება არ გამოუჩენია. კრიტიკა ცხინვალში თომას ჰამარბერგის მისამართითაც ისმის და ასე იყო 15 იანვარსაც, როდესაც დაკავებული და გაუჩინარებული პირების ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აი, რას ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე:

”აქციის ჩატარების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც აქ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ბატონი ჰამარბერგი იმყოფებოდა და ჩვენმა ხელისუფლებამ 5 ადამიანი გადასცა. ახალ წლამდე გამოხატულ ამ კეთილ ნებას საპასუხო რეაქცია დღემდე არ მოჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარის მიერ დაკავებული ოსების ნაწილის გათავისუფლებას დაგვპირდნენ... ევროპულმა ორგანიზაციებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას და ჩვენი იმ მოქალაქეების გათავისუფლებას, რომლებიც ქართულ ციხეებში ამჟამად უკანონოდ იმყოფებიან. სამხრეთ ოსურ მხარეს ასევე რაღაც ინფორმაცია მაინც უნდა მიაწოდონ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.”

ცხინვალში 15 იანვარს გამართული აქციის მონაწილე ნაირა პლიევა ასევე ამბობს, რომ ”ადამიანის უფლებათა საკითხების რწმუნებულის დავით სანაკოევის ინფორმაციით, დღეისთვის დაკავებულთა რაოდენობა 25-ია. გარდა ამისა, ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული 7 ადამიანი, მათ შორის - 15 წლის ალან ხაჩიროვი.”

სხვა წყაროს ცნობით, ალან ხაჩიროვი არა 15, არამედ 18 წლისაა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ, ქართული მხარის მტკიცებით, ხაჩიროვის ასავალ-დასავალი მისთვის აბსოლუტურად უცნობია. იგივე ითქმის დარჩენილ 6 ადამიანზეც, რომელთა საკითხსაც ოსური მხარე უკვე დიდი ხანია მთელი კატეგორიულობით აყენებს.

როგორც რადიო თავისუფლებას სტრასბურგიდან, თომას ჰამარბერგის ოფისიდან, აცნობეს, ოსი ეროვნების 7 გაუჩინარებული პირის საქმეების გამოძიებას ევროსაბჭოს სახელით ორი ექსპერტი გააკონტროლებს. ისინი მუშაობას, სავარაუდოდ, თებერვალში შეუდგებიან იმ იმედით, რომ ოსური მხარე გადახედავს თავის გადაწყვეტილებას ბოიკოტის თაობაზე. საუბარია ცხინვალის დე ფაქტო ლიდერების ულტიმატუმზე იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდრე დაკავებული და გაუჩინარებული პირების საკითხი არ გაირკვევა, ოსური მხარე მონაწილეობას არ მიიღებს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში. ბოლო ასეთი შეხვედრა 19 ნოემბერს იყო დანიშნული, მაგრამ ოსური მხარის უარის გამო ჩაიშალა.

ოსურმა მხარემ ასევე უარი განაცხადა ევროკავშირის ინიციატივაზე, შეხვედრა 11 იანვრის კვირაში გამართულიყო. 6 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში მისია იუწყებოდა, რომ შეხვედრის აუცილებლობა გამოწვეული იყო ბოლო დროს მომხდარი ინციდენტებით, რომელთაგან ”უკანასკნელი შემთხვევა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მკვიდრ ბ-ნ გენადი პლიევს ეხება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 იანვარს იქნა დაკავებული.” მიუხედავად იმისა, რომ ოსური მხარე პლიევის გათავისუფლებასაც კატეგორიულად მოითხოვს, ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებმა ევროკავშირის მისიის ინიციატივას მაინც უარი შეაგებეს.

შეიძლება ითქვას, რომ ოსური მხარის მოთხოვნები თვალსა და ხელს შუა გაიზარდა. თუკი ინციდენტების პრევენციის მექანიზთან დაკავშირებულ ბოიკოტს ის თავდაპირველად 5-7 გაუჩინარებული ადამიანის პრობლემით ხსნიდა, დეკემბრის დასაწყისში სია 40 კაცამდე გაიზარდა და სხვებთან ერთად ომამდე მომხდარი გორის ტერაქტის გამო დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნაც გამოიკვეთა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განცხადებით, ქართული მხარე ოსურ მხარესთან შეხვედრების განახლების მომხრეა და შესაძლებლად მიიჩნევს საუბარს ”ომის მერე დაკავებულებსა და მათ გათავისუფლებაზე.”

”რაც შეეხება ომამდე დაკავებულებს - მარეკ დუდაევს და გორის ტერაქტში დამნაშავეებს, რომლებსაც ბრალი ედებათ არაერთი ადამიანის სიკვდილში და შეფარდებული აქვთ სამუდამო პატიმრობა, მათ გათავისუფლებაზე გამორიცხულია ყოველგვარი საუბარი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას შოთა უტიაშვილმა.

თუკი ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები განახლდება, ქართული მხარე კვლავაც დააყენებს ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველების - მათ შორის, 6 ლამისყანელისა და 3 ფრონესხეობელის - გათავისუფლების საკითხს.

ჯერჯერობით ცნობილი არ რის, იმოქმედებს თუ არა და რამდენად იმოქმედებს ოსურ მხარესა და მის ბოიკოტზე თომას ჰამარბერგის ოფისის გეგმა, გააკონტროლოს ოსი ეროვნების გაუჩინარებულ პირთა საქმეების გამოძიება, რომელსაც ქართული მხარე აწარმოებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG