Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 19 იანვარი 2010


უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველი მეთვალყურეების საკითხს ბოლო დღეების რუსეთის პრესაში მრავალი პუბლიკაცია მიეძღვნა: ”მეთვალყურეები, მეომრები თუ ჟურნალისტები?”, ”უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია ცერად უყურებს საქართველოს”, ”იდუმალი ”მეთვალყურეები” საქართველოდან უკრაინას ტოვებენ”.

”გაზეტა.რუ”-ზე წაიკითხავთ: ”უკრაინის ბოლო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა საქართველოდან ჩასული ”მეთვალყურეების” ორიათას კაციან იდუმალებით მოცულ დესანტს უკავშირდება. წვევამდელთა ასაკის ახალგაზრდები ცდილობდნენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაკვირვებოდნენ არჩევნებს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად მხოლოდ 77 ქართველი მეთვალყურე დაარეგისტრირა, რომლებიც არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ევროპული ქსელის - „ენემოს“ - ხაზით იყვნენ მიწვეული. დანარჩენებს უარი ეთქვათ და ცესკო თავის გადაწყვეტილებას მეორე ტურამდე ძალაში ტოვებს”, - წერენ ”გაზეტა.რუ”-ს ავტორები და განაგრძობენ: ”ამასთან, სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმისა, რომ იდუმალებით მოცული სტუმრები სწორედ იულია ვლადიმირის ასულის შტაბის მიერ იყვნენ მიწვეული. დონეცკში დაკავებულ ზოგიერთ ქართველ მეთვალყურეს ტიმოშენკოს ლუგანსკის ოლქის შტაბის ხელმძღვანელთან დაახლოებული ნატალია კოროლევსკაიას გაზეთ ”მოლოდგოვარდეეც”-ის მოწმობა აღმოაჩნდა. ამასთან, თავად კოროლევსკაიამ საჯაროდ დაადანაშაულა იანუკოვიჩი ლუგანსკის ოლქში არჩევნების მასობრივ გაყალბებაში.” ”გაზეტა.რუ”-სთვის საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ პაატა დავითაიას განუცხადებია: ”ვითარება იძაბება, ქართველების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება იზრდება. ეს მოწმობს, რომ რუსეთის მხარე ყველა ზომას მიმართავს, რომ არჩევნების მიმდინარეობისას სიმართლე არ გამოაშკარავდესო.”

”კომერსანტის” კორესპონდენტისთვის კი ”ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ეკა ბესელიას, განუცხადებია, რომ მან საქართველოს ცესკოს უკრაინაში გაგზავნილი პირების ზუსტი სია მოსთხოვა. ”ირკვევა, რომ, მართალია, ეს ხალხი მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით არის გაფორმებული, სინამდვილეში მმართველ პარტიასა და სააკაშვილის გუნდს წარმოადგენს. ისინი არაერთხელ არიან შემჩნეული არჩევნებისას სააკაშვილისა და მისი პარტიის მხარდაჭერაში. მათ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და სამხრეთ ოსეთიდან დეპუტატი ბადრი ბასიშვილი ხელმძღვანელობენ. ისინი სააკაშვილის პირადი დავალებით მოქმედებენ”, - უთქვამს ეკა ბესელიას ”კომერსანტისთვის”. გაზეთის ავტორი კი განაგრძობს: ”ეს ინფორმაცია ირიბად თავად გივი თარგამაძემ დაადასტურა. მან ქართველ ჟურნალისტებს აცნობა, რომ, იულია ტიმოშენკოს ბლოკთან ერთად, უკრაინის ცესკოს გვერდის ავლის გონებამახვილურ საშუალებას მიაგნო”, რაც ქართველი მეთვალყურეების უკრაინის საინფორმაციო საშუალებების ადგილობრივ კორესპონდენტებად რეგისტრაციას გულისხმობდა.

”ნოვიე იზვესტია” უკრაინაში ქართველი მეთვალყურეების გაგზავნის მიმართ საქართველოს ოპოზიციის დამოკიდებულებაზე წერს. ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელს, დავით ბერძენიშვილს, გაზეთის კორესპონდენტისთვის უთქვამს, რომ ”სააკაშვილი, უბრალოდ, ცდილობს ყველას აჩვენოს, რომ კვლავაც მოთამაშეა, რომ ის საქართველოს გარეთაც კი - კერძოდ, უკრაინაში - რაღაცას წყვეტს.”

”ნეზავისიმაია გაზეტა” წერს, რომ გასული წლის ნოემბერში ბაქოში ორი ქვეყნის პატრიარქების შეხვედრისას შეთანხმებული რუსეთის პატრიარქის საქართველოში ვიზიტი საეკლესიო კანონების დაცვის მოტივით გადაიდო. არქიეპისკოპოს ილარიონს ჟურნალისტებისთვის განუცხადებია, რომ პატრიარქი კირილი ვერ ეწვევა საქართველოს პატრიარქს, ვიდრე უფრო ძველი ეკლესიების - ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიათა -მეთაურებს არ მოინახულებს. ”ნეზავისიმაია გაზეტას” ავტორი ვარაუდობს, რომ რუსეთის პატრიარქის საქართველოში ვიზიტის გადადებას უფრო სერიოზული მიზეზები აქვს: ”შესაძლებელია, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში დიდად არ სჯერათ კერძო დიპლომატიის. ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი არქიეპისკოპოსი ილარიონი აღიარებს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის სწრაფად გადაჭრის გზას ვერ ხედავს. ამ საკითხში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია დილემის წინაშე დგას: დაიცვას ეკლესიათა კანონიკური ტერიტორიების ხელშეუხებლობის პრინციპი თუ მხარი დაუჭიროს რუსეთის საზოგადოებაში არსებულ ”დერჟავულ” განწყობებს. ამასთან, კირილის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი ილია მეორისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაძაბული ურთიერთობის ფონზე წარიმართებოდა”, - წერს ”ნეზავისიმაია გაზეტას” ავტორი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG