Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორის ახალი რეჟიმი


ახალგორის ადმინისტრაციული საზღვარი
ახალგორის ადმინისტრაციული საზღვარი
დღეიდან ახალგორის რაიონის მოსახლეობისთვის ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ახალი რეჟიმი ამოქმედდა. დაბაში შესვლა მხოლოდ ქართული პირადობის მოწმობების რუსული დამოწმებული ასლებით იქნება შესაძლებელი. დოკუმენტაციის რუსული ასლების ნოტარიული დამოწმება კი როგორც ახალგორში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში იქნება შესაძლებელი. ასლების დამოწმებას ცხინვალელი ნოტარიუსი ახალგორში დღესაც გააგრძელებს, რადგან დოკუმენტაციის მოწესრიგება ამ დრომდე ყველამ ვერ შეძლო. ქართული დოკუმენტების დამოწმებულ რუსულ ასლებს როგორც რუსულ, ისე ოსურ საგუშაგოებზე შეამოწმებენ.

რადიო თავისუფლებას ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალან ჯუსოევმა უთხრა, რომ საზღვრის გადაკვეთისას მოწესრიგებული დოკუმენტაციის მქონე პირებს პრობლემა არ შეექმნებათ, ხოლო რეც შეეხება ახალგორის რეგისტრაციის არმქონე პირებს, რომლებსაც დაბაში სტუმრად ჩასვლა მოუნდებათ, მათაც უნდა გააკეთონ პირადობის მოწმობების რუსული ასლები. ჯუსოევის თქმით, ეს იმისთვის კეთდება, რომ როგორც მესაზღვრეებს, ისე დე ფაქტო ხელისუფლებას ახალგორში ჩამსვლელთა შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ.

ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა თამარ მეარაყიშვილმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ბოლო დღეებში დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად დაბაში უამრავი ადამიანი ჩავიდა და ამის გამო რიგები შეიქმნა. მისი თქმით, წეროვანში ჩასახლებულმა ახალგორელებმა შედარებით დაბალი ფასის გამო გადაწყვიტეს ახალგორში ჩასვლა და ნოტარიუსთან პირადობის მოწმობის რუსული ასლის დამოწმება. ახალგორში ცხინვალელი ნოტარიუსის მომსახურება 5 ლარი ღირს, როცა იგივე მომსახურება თბილისში 10 ლარამდეა. მეარაყიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ოსური ხელისუფლების გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეებმაც კი გააკეთეს ახალი დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ ოსურ და რუსულ საგუშაგოებზე ახალგორში ჩამსვლელთა კომპიუტერულ ბაზას ქმნიან.

რუსი მესაზღვრეების მოთხოვნით, 20 იანვრიდან ახალგორის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასვლისას რაიონის მოსახლეობამ ქართული პირადობისა და დაბადების მოწმობების ნოტარიულად დამოწმებული რუსული ასლები უნდა წარადგინონ. ამის მიზეზად რუსი მესაზღვრეები და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ქართული ენის არცოდნას ასახელებენ.
XS
SM
MD
LG