Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულმა ვერტმფრენებმა აფხაზეთიდან ფრენას უხშირეს


გალში დღეს, გაეროსა და ევროკავშირის მისიების მონაწილეობით, ხუთმხრივი შეხვედრის მორიგი რაუნდი გაიმართა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით შექმნილი ჯგუფების შეხვედრა, გაეროს კომისრის გალის ოფისში 6 საათი მიმდინარეობდა. ქართული დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ დავით რაქვიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის ხიდთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელი საუბარის მთავარი თემა იყო ადმინისტრაციულ საზღვარზე სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა და ის ინციდენტები, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში 20 იანვრამდე მოხდა. ასევე იმ მოსწავლეების საკითხი, რომლებიც რუსმა სამხედროებმა წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანთან მოსაზღვრე გალის რაიონის სოფელ განთიადთან გააჩერეს და წყოუშის სკოლაში არ გამოუშვეს. ”საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებას თანამშრომლობაზე. სტრატეგია პირველ რიგში გულისხმობს ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის უფრო ინტენსიურ ურთიერთობას დანარჩენ საქართველოსთან” - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ხუთმხრივი შერეული შეხვედრა გალში ამ თემებზე საუბრით დასრულდა. ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ აფხაზები მათ შეთავაზებას, სატრასპორტო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე განიხილავენ და დადებითად გადაწყვეტენ. გალში შეხვედრის პარალელურად აფხაზეთის დევნილი მთავრობის განათლების მინისტრმა მოსწავლეების შესახებ ზუგდიდში სპეციალური ბრიფინგი გამართა.

დღეს რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ საბერიოდან მომავალი წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშის საჯარო სკოლის მოსწავლეები გააჩერეს და ე.წ. საზღვარზე არ გამოატარეს. როგორც რადიო თავისუფლებას ამავე სკოლის დირექტორმა ვახტანგ გოგოხიამ განუცხადა, რუსმა სამხედროებმა მოზარდები იმ მონაკვეთში შეაფერხეს, საიდანაც რუსულ საგუშაგომდე 4 კილომეტრია, ანუ ოკუპირებულ სოფელ განთიადთან. ”სხვა გადასასვლელთან კი მოსწავლეები გაატარეს”, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

აფხაზეთის დევნილი მთავრობის განათლების მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსწავლეები ადმინისტრაციული საზღვრის გადალახვისას აფხაზებმა დააკავეს და დღის მეორე ნახევრისთვის გაათავისუფლეს.

და ბოლოს, ვიდრე ოკუპირებულ გალში ხუთმხრივი შეხვედრა მიმდინარეობდა, ენგურის ხიდთან შეკრებილმა ჟურნალისტებმა რუსული სამხედრო ვერტმფრენი შენიშნეს, რომელიც საბერიოდან გამოემართა და დაბალი ზონის სოფლებისკენ გაფრინდა. ენგურის ხიდთან მდგომმა ქართველმა ჯარისკაცებმა აღნიშნეს, რომ რუსულმა ვერტმფრენებმა ფრენებს ორი დღეა უხშირეს. რაც შეეხება მორიგ შერეულ შეხვედრას, ის ოკუპირებულ გალში მხარეთა შეთანხმებით 10 თებერვალს გაიმართება.
XS
SM
MD
LG