Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეკონომიკის ძლიერ ვარდნას არ გამორიცხავს


საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოაცხადა, რომ ქვეყანამ ეკონომიკური კრიზისი დაძლია, რასაც 2009 წლის ბოლო თვეების სტატისტიკური ინფორმაციაც ცხადყოფს. მინისტრთა კაბინეტს იმედი აქვს, რომ ზრდის ტემპი შენარჩუნდება და 2010 წელს ეკონომიკა 2 პროცენტით გაიზრდება. ანალოგიური ვითარებაა მსოფლიოს დიდ ნაწილში, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი მაინც შიშობს, რომ ეკონომიკის ძლიერი ვარდნა შეიძლება კვლავ განმეორდეს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკანასკნელ მოხსენებაში იმ დადებით ტენდენციებზეა საუბარი, რაც მსოფლიოს ეკონომიკაში შეიმჩნევა. ეკონომიკურ კრიზისს ყველაზე უკეთ აზიის ქვეყნები გაუმკლავდნენ და ზოგიერთ მათგანში ეკონომიკის ზრდაც კი დაიწყო. სავალუტო ფონდის ერთ-ერთი დირექტორის, დომინიკ სტროს-კანის, განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივა ძლიერია, მაგრამ მყიფე.

”პროგნოზი, რომლის გამოქვეყნებასაც ამ დღეებში ვაპირებთ, აჩვენებს, რომ კრიზისიდან გამოსვლა მოსალოდნელზე სწრაფად ხდება, რაც ძალიან კარგი ამბავია. თუმცა მდგომარეობა მაინც მყიფეა, რადგან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კრიზისიდან გამოსვლა კვლავაც საჯარო ფინანსებით არის მხარდაჭერილი, კერძო სექტორში კი მოთხოვნა საკმაოდ სუსტია.”

ეს შეფასება საქართველოსაც ეხმიანება, რადგან საქართველოში კერძო სექტორში მოთხოვნის ზრდა ჯერჯერობით არ შეიმჩნევა. ამაზე მეტყველებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკლებობა, საგადასახადო შემოსავლების შემცირება და სამუშაო ადგილების სიმწირე. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

2009 წლის ბოლო დღეებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თამამად განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისი დაძლეულია:
”საქართველომ რამდენიმე თვის წინ დაიწყო კრიზისიდან გამოსვლა. ბოლო სამი თვის მანძილზე ყველა ციფრი არის პოზიტიური. ჩვენ ველოდებით ეკონომიკის პლუს 2 პროცენტიან ზრდას.”

საქართველოს მთავრობის ამგვარ ოპტიმიზმს ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი არ იზიარებს. მათ შორისაა დემურ გიორხელიძეც. იგი პოზიტიურ ტენდენციებს აღნიშნავს, მაგრამ ფიქრობს, რომ ეკონომიკის ვარდნის საშიშროება კვლავ არსებობს. მისი თქმით, ვარდნის მიზეზად შეიძლება იქცეს კერძო სექტორში არსებული ვითარება:

”ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ კერძო სექტორის აქტივობა არ შემცირებულიყო. კერძო სექტორი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა საბანკო სექტორში არსებული რისკების გამო. საბანკო სექტორმა პრაქტიკულად რეალური ეკონომიკის დაფინანსება შეწყვიტა.”
საქართველოს მთავრობა კი ეკონომიკის გამოცოცხლებას ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ხედავს და, საერთაშორისო დახმარების წყალობით, თავად გამოდის მთავარ ინვესტორად.

დაახლოებით ანალოგიური ტენდენციებია მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკის გამოცოცხლება შეიმჩნევა. ამას აღნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც.
დომინიკ სტროს-კანის განცხადებით, ქვეყნების უმეტესობაში ეკონომიკური ზრდა ისევ მთავრობის აქტიურობითაა განპირობებული. დომინიკ სტროს-კანის თანახმად, ეკონომიკის აღდგენის ყველაზე საუკეთესო ინდიკატორი კერძო სექტორში მოთხოვნა და დასაქმების დონეა, ამ მხრივ კი ბევრი არაფერი შეცვლილა და განვითარებულ ქვეყნებში კვლავაც ეკონომიკის ვარდნის ყველაზე დიდი საშიშროება რჩება. ის მოუწოდებს მთავრობებს განაგრძონ ეკონომიკის იმგვარი სტიმულირება, რომ შედეგად სამუშაო ადგილები შეიქმნას.
XS
SM
MD
LG