Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ხარატიშვილი სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობას დებს


ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი (მარცხნივ) და ვიცე სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი
ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი (მარცხნივ) და ვიცე სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი 20 იანვარს ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე კომისიის წევრებსა და ადმინისტრაციას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუსუდან კერვალიშვილმა წარუდგინა. ზურაბ ხარატიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეორგანიზაციასა და სტრუქტურულ ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა აღნიშნავს, რომ სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტები შეიცვლება. ნიშნავს თუ არა ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის თვისებრივ განახლებას? ამ შეკითხვით მივმართე ზურაბ ხარატიშვილს.

” მე არანაირად არ მითქვამს და, მით უმეტეს, ეს ამაში არ იგულისხმება. მე ვგულისხმობ იმას, რომ იმ ხარვეზების გამოსწორება, რაც არის ეუთოს დასკვნაში, მოექცეს სისტემაში, დაჯგუფდეს და,ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდეს სამოქმედო გეგმად. პირობითად, ეს იდეაში, ალბათ, ორ ეტაპად უნდა გაიყოს:მოკლევადიან პერიოდში ეს უახლოესი არჩევნებია, ხოლო შემდეგი - ერთწლიანი, თორმეტთვიანი, თვრამეტთვიანი პერიოდი, რომელიც უფრო საკანონმდებლო ბაზის დახვეწას და გრძელვადიანი მიზნების განხორციელებას დასჭირდება”, - განმარტავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე.

თუ სამოქმედო გეგმა კომისიის წევრებთან შეთანხმებით შედგება, გაცილებით ფართოა ის სპექტრი, რომელსაც ზურაბ ხარატიშვილი პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში მოიაზრებს. კერძოდ, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, საზოგადოებრივი აზრის უკეთ ასახვის მიზნით, კონსულტაციები უნდა დაიწყოს პოლიტიკურ პარტიებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. თუმცა მანამ, სანამ კონკრეტული პრიორიტეტები შეჯერდება, ზურაბ ხარატიშვილი ასახელებს ზოგად პრიორიტეტს. ეს არის ხარვეზების გამოსწორება 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად.

ეს ხარვეზები კი, დასკვნის თანახმად, ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიცაა: უზუსტობები საარჩევნო სიებში, უთანასწორო პირობები მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების გაუმართავი პროცედურა, საარჩევნო ადმინისტრაციებისა და სასამართლო სისტემის ”ნების ნაკლებობა” საჩივრებისა და სარჩელების სერიოზულად და მიუკერძოებლად განსახილველად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის არასაკმარისი დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი ხელმძღვანელობის პირობებში კომისია სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის დაცვას შეძლებს, კომისიის ოპოზიციური ნაწილისთვის კი თავმჯდომარის გულწრფელობის ტესტი მის მიერვე გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები იქნება - მაგალითად, ისეთი, რაზეც ქრისტიან-დემოკრატი გოჩა ჯოჯუა საუბრობს:

” მიიღებს თუ არა ოპოზიციური წარმომადგენლობა მონაწილეობას პროცესში, ადმინისტრირებაში, ასევე არჩევნების პროცესში რამდენად მეტად იქნებიან ჩართულები? რასაკვირველია, მეტი პასუხისმგებლობა გადმოვა ასევე ოპოზიციაზეც. თუ ამას შეძლებს ბატონი ზურაბი, მე ამას მოვესალმები და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ხელი შევუწყო. რეგლამენტის მიხედვით, მათ შეუძლიათ ბევრი რამ შეცვალონ და ნდობის ხარისხი გაზარდონ როგორც თვითონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ანუ ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობაში, ასევე საზოგადოებასთან.”

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ ხარატიშვილი პარლამენტმა 15 იანვარს დაამტკიცა. მანამდე კი, 14 იანვარს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უშედეგოდ დასრულდა კომისიის ოპოზიციური ნაწილის მიერ თავმჯდომარის არჩევის მიზნით მოწვეული სხდომა. ოპოზიციამ პრეზიდენტის მიერ არასამთავრობო სექტორიდან რეკომენდებული კანდიდატებიდან შერჩეული სამივე კანდიდატი დაიწუნა. სხდომას ცესკოში წარმოდგენილი 6 ოპოზიციური პარტიიდან მხოლოდ სამი პარტიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შორის, ვინც ფაქტობრივად ბოიკოტი გამოუცხადა სხდომას, იყო კონსერვატიული პარტიის წევრი ნინო გოგუაძე. მისი შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე სამივე კანდიდატი მმართველი პარტიის ინტერესების ერთგულების ნიშნით შეირჩა. რა შეიცვალა კომისიის წევრი ოპოზიციონერებისთვის ზურაბ ხარატიშვილის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ? ნინო გოგუაძე ამბობს, რომ ცესკოს წინაშე წაყენებული ამოცანა უცვლელია: ჩატარდეს დამოუკიდებელი, სამართლიანი და თანასწორი არჩევნები.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თავმჯდომარის გარდა, ახალია კომისიის სამი წევრი, რომლებიც პარლამენტმა, ზურაბ ხარატიშვილთან ერთად, 15 იანვარს დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG