Accessibility links

logo-print

“ტვიტერის დებიუტი” უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში


17 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს უკრაინაში ტვიტერის – გლობალური სოციალური ქსელის – ერთგვარი პრეზენტაცია მოხდა. საარჩევნო კომისიის ზოგიერთმა წევრმა და ჟურნალისტებმა ტვიტერი გამოიყენეს, როგორც ინფორმაციის წყარო, საარჩევნო მონაცემების გასავრცელებლად. ტვიტერის მომხრეები უკრაინაში ფიქრობენ, რომ ეს არის გამჭვირვალობის ტრიუმფი. სკეპტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ უკრაინას წინ დიდი გზა აქვს გასავლელი, ვიდრე ახალი ტექნოლოგია ნორმად იქცეოდეს.

ლუგანსკელი ოლეკსეი ბრიტუკი 33 წლის აქტივისტი და ტვიტერის ენთუზიასტია. იგი სამოქალაქო ჟურნალისტიკის იმ ჯგუფში შედიოდა, რომელიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გასაშუქებლად სოციალურ ქსელ ტვიტერის მეთოდოლოგიას იყენებდა.

“უკვე დათვლილია ბიულეტენების 76 პროცენტი. იანუკოვიჩს ხმების 66.66 პროცენტი აქვს, ტიგიპკოს 16%, იულიას -7%-“.
ბრიტუკი, რომელიც ასეთი სახის ინფორმაციას ტვიტერის მეშვეობით ავრცელებდა, ამბობს, რომ სოციალური ქსელის ინსტრუმენტი წინგადადგმული ნაბიჯია უკრაინაში დემოკრატიის განსავითარებლად:

“2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო ცალკეული მცდელობა, მომხდარიყო დემოკრატიზაცია მედიისა, რომელიც მიკერძოებული იყო. მაგრამ ამ მცდელობას წარმატება არ მოჰყოლია. ამჯერად, როგორც მე გავიგე ტვიტერის ფილოსოფია, თვითმხილველებს აქვთ მხარდაჭერა, რომ გადასცენ, რასაც აკეთებენ და ხედავენ, ტვიტერის საიტის მეშვეობით. ეს არის ინფორმაციის რეალურ დროში მიღების საშუალება.”

ვიტალი მოროზი საერთაშორისო მედიაგანვითარების ორგანიზაცია „ინტერნიუსის“ ახალი ამბების განყოფილების ხელმძღვანელია. სწორედ ეს ორგანიზაცია უძღვებოდა პროექტს, სახელწოდებით “სრულიად უკრაინის 2010 წლის არჩევნების გაშუქება ტვიტერით.”

მოროზის თქმით, პროექტის მიზანია არჩევნების ყველა დონის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მედიისა და საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. უკრაინაში სოციალური ქსელის 100 ათასი მომხმარებელია დარეგისტრირებული საიტზე, რომლის სახელწოდებაცაა „ელეკტ_უა“. მოროზი დარწმუნებულია, რომ სოციალური ქსელის გამოყენებას არჩევნების გამჭვირვალობისათვის დიდი პერსპექტივა აქვს, და ანალოგიას აკეთებს ირანთან, სადაც ოპოზიციური პარტიები ტვიტერის შესაძლებლობებს ვიდეო და აუდიო ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელებისათვის იყენებენ.

“მთავარი ანალოგია შეიძლება იყოს ის, რომ სოციალურ ქსელს ირანშიც და უკრაინაშიც ბლოგების წერისათვის იყენებენ. მაგრამ არსებობს ფუნდამენტური სხვაობაც. ირანში სოციალური ქსელი გამოიყენებოდა არჩევნების შემდეგ ხალხის მობილიზებისათვის, უკრაინაში კი იგი გამოიყენებოდა არჩევნების გასაშუქებლად, როგორც ინფორმაციის გავრცელების ყველაზე უფრო სწრაფი საშუალება.”

მაგრამ ტვიტერის – სოციალური ქსელის - შესაძლებლობებს უკრაინაში სკეპტიკურად უყურებს ნატალია ლიგაჩოვა. მისი თქმით, „ელეკტ.უა-ს“ პროექტი, გარკვეული თვალსაზრისით, მართლაც ხელს უწყობს არჩევნების გამჭვირვალობას. თუმცა, მის თქმით, ინტერნეტ ტექნოლოგიას უკრაინის სინამდვილეში მეორეხარისხოვანი ადგილი უჭირავს, ტრადიციულ მედიასთან შედარებით:

“პროპაგანდის ორკესტრში ტელევიზია პირველი ვიოლინოს როლს ასრულებს. და თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ამ მედიის როლი, საბოლოო ჯამში, გადამწყვეტია. სერგეი ტიგიპკოს კამპანიამ ეს დაადასტურა. მისი კამპანია ექვსი თვის წინ დაიწყო და მისი მთავარი სტრატეგია იყო საკუთარი თავი ტრადიციული მედიის სახით წარმოეჩინა. ჩვენ არ ვიცნობთ მის გუნდს, მას არ ჰყავდა მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები, მაგრამ იგი მესამე ადგილზე გავიდა. ჩემი აზრით, ეს მოხდა იმის გამო, რომ იგი ჭკვიანურად იყენებდა ტრადიციულ მედიას რეკლამირებისათვის.”

ლიგაჩოვა პარალელს ავლებს ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიასთან, რომლის დროსაც დემოკრატიული პარტიის ერთიანი კანდიდატი ამომრჩევლებთან საკომუნიკაციოდ ფართოდ იყენებდა კარგად მოფიქრებულ ინტერნეტ- კამპანიას, რაც კი ოდესმე ყოფილა შეერთებულ შტატებში. უკრაინის შემთხვევაში კი, -ამბობს ლიგაჩოვა, - პრეზიდენტობის კანდიდატები ინტერნეტ ტექნოლოგიებს იყენებენ საკუთარი მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციისთვის და არა ამომრჩევლების შეკითხვებზე პასუხებისათვის ანდა საკუთარი ბლოგების დასაწერად.
XS
SM
MD
LG