Accessibility links

ახლახან ჩატარებული ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ხელებს - როგორც აღქმის ორგანოებს - არასაკმარისად ვაფასებთ. ფსიქოლოგიაში ცნობილია ცნება „მოქმედების არე“. ის აღნიშნავს იმ სივრცეს, რომელსაც ხელით ვწვდებით. ისრაელის მეცნიერებმა შეძლეს იმის დადგენა, რომ ვიზუალური ინფორმაცია მნიშვნელოვანწილად აღიქმება ხელების მეშვეობით. ექსპერიმენტი ჩაუტარდათ ადამიანებს, რომლებსაც ერთი მკლავი ამპუტირებული ჰქონდათ. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი ხელის არქონა სერიოზულად ცვლის ვიზუალური აღქმის უნარს. ამ გამოკვლევის შედეგებს ბეჭდავს ჟუნალი "Psychological Science".

იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში თამარ მაკინმა და მისმა ჯგუფმა შეძლეს ცდაზე დაეყოლიებინათ ადამიანები, რომელთაც მარჯვენა ან მარცხენა ხელი ჰქონდათ ამპუტირებული. საცდელ პირებს ეკრანზე აჩვენებდნენ ჯვარს. ჯვრის მარჯვნივ და მარცხნივ ცოტა ხნით ჩნდებოდა ორი კვადრატი. საცდელ პირებს უნდა განესაზღვრათ, რომელი კვადრატი იყო ჯვრისგან უფრო დაშორებული.

აღმოჩნდა, რომ როცა მარჯვენა კვადრატი მართლაც ოდნავ უფრო დაშორებული იყო ცენტრში მოთავსებული ჯვრისგან, ვიდრე მარცხენა - ცდის მარჯვენახელდაკარგული მონაწილეების აზრით, ორივე კვადრატი თანაბარი მანძილით იყო დაშორებული ჯვრიდან. და პირიქით - როცა მარცხენა კვადრატი ოდნავ უფრო მეტად იყო დაშორეული ჯვრისგან, ვიდრე მარჯვენა - მარცხენახელდაკარგულები მიიჩნევდნენ, რომ კვადრატებსა და ჯვარს შორის მანძილი თანაბარი იყო. ვინც ეკრანიდან 30 სანტიმეტრზე შორს, ანუ სამოქმედო არის გარეთ იჯდა, ამპუტაციის მიუხედავად სწორად აფასებდა კვადრატების დაშორებას. ანუ ხელის დაკარგვის შედეგად შეზღუდული სამოქმედო არე სივრცის აღქმის გაუარესებას იწვევს. ხოლო როცა ობიექტი ისედაც მიუწვდომელი იქნებოდა ხელებით, სივრცეში მისი აღქმა უპრობლემოდ ხდება.


როგორ არის მოწყობილი ტვინის ლექსიკონი

თავის ტვინი ამა თუ იმ ენის სიტყვებს ანბანის მიხედვით კი არ იმახსოვრებს, არამედ გარკვეული კონტექსტის მიხედვით. თუ რა კონტექსტზეა საუბარი, ეს ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს თავის ტვინზე დაკვირვების შედეგად. მათი მტკიცებით, თუკი ვიცით კატეგორიები, რომლების მიხედვითაც ხდება ენის მთავარი სიტყვების კლასიფიკაცია, მაშინ თავის ტვინის გააქტიურებულ რეგიონებზე დაკვირვებით იმის განსაზღვრაც კი შეიძლება, თუ რა სიტყვაზე ფიქრობს ადამიანი მოცემულ მომენტში.

„აღმოვაჩინეთ, როგორ არის ორგანიზებული ტვინის ლექსიკონი“, წერს კარნეგი მელონის უნივერსიტეტის თანამშრომელი მარსელ იუსტი ჟურალ "PLoS one"-ში. „არსებობს სამი ბაზისური ნიშანი, რომლებსაც ტვინი გამოიყენებს ჩვეულებრივი არსებითი სახელებისთვის ადგილის მისაჩენად.“

ეს ბაზისური ნიშნებია: 1. ის, თუ ადამიანი თავისი სხეულით რა მიმართებაშია მოცემული სიტყვით აღნიშნულ საგანთან. მაგალითად, როგორ გადაადგილებს მას, როგორ ჰკიდებს ხელს და ა. შ.; 2. ის, თუ რა მიმართება აქვს მოცემულ საგანს საკვების მიღებასთან; 3. რა მიმართებაშია ის დამცველ სივრცესთან. თუმცა მეცნიერები დასძენენ, რომ, შესაძლებელია, სხვა ბაზისური ნიშნებიც არსებობდეს.

ხსენებული სამი ნიშანი თავის ტვინის ხუთ სხვადასხვა რეგიონშია კოდირებული. ამის დასადგენად მეცნიერებმა საცდელ პირებს საგნების აღმნიშვნელი 60 არსებით სახელს უსახელებდნენ და შემდეგ აკვირდებოდნენ, ტვინის რომელ რეგიონში შეინიშნებოდა გაზრდილი აქტივობა. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ სიტყვა „ბინა“ გაზრდილ აქტივობას იწვევდა ხუთიდან იმ რეგიონში, რომელშიც „დაცვასთან“ დაკავშირებული სიტყვების გადამუშავება ხდება. „ჩაქურჩზე“ აქტიურდებოდა მოტორული კორტექსი. ტვინისთვის გადამწყვეტია „ჩაქუჩის“ ის მნიშვნელობა, რომელიც გვეუბნება, როგორ უნდა დავიჭიროთ ის ხელში.

არსებობს შებრუნებული ეფექტიც. მარსელ იუსტმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც კონკრეტული სიტყვების შემთხვევაში ტვინის სხვადასხვა რეგიონების გააქტიურების მოდელებს აფიქსირებს. თუკი საცდელი პირი მანამდე მისთვის დასახელებული სიტყვების ნუსხიდან რომელიმეზე ფიქრობს, პროგრამას შეუძლია ამოიცნოს, რა სიტყვაა ეს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ აღმოჩენის საფუძველზე შესაძლებელი გახდება გარკვეული ფსიქიკური მოშლილობების უკეთ მკურნალობა.
XS
SM
MD
LG