Accessibility links

logo-print

საქართველო მსოფლიოში 26-ეა ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით


“ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2010”

“ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2010”

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ავტორიტეტიანი ორგანიზაციის - „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” - “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის” მიხედვით, საქართველო 183 ქვეყანას შორის 26-ე პოზიციაზე იმყოფება. ფონდის მონაცემებით, საქართველომ შარშანდელთან შედარებით, 0,6 პუნქტით გაიუმჯობესა ვითარება და ამის ძირითადი მიზეზი ვაჭრობის ხელშეწყობა, საკუთრების უფლების დაცვა და ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარებაა. საქართველოს, რომელიც ევროპის 43 ქვეყანას შორის მე-14-ეა, 2010 წელს პირველად მიენიჭა „ძირითადად თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი.

„ჰერიტიჯ ფაუნდეიშენს“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ათი მაჩვენებლის შეჯერებით გამოჰყავს. საქართველოს განსაკუთრებულად მაღალი სარეიტინგო ქულები მიენიჭა საქმიანობის დაწყების სიმარტივის, თავისუფალი ვაჭრობის, ფისკალური თავისუფლებისა და ლიბერალური შრომითი კანონმდებლობის მიხედვით. საქართველოში ბიზნესის დასაწყებად სამი დღეა საჭირო, მაშინ როცა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 35 დღეა. 100-დან დაახლოებით 90 ქულა მიენიჭა საქართველოს ფისკალური თავისუფლების, ანუ დაბალი გადასახადების გამო. ფონდის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში საშემოსავლო გადასახადი 20 პროცენტამდე შემცირდა, ყველა სხვა გადასახადი კი, ჯამში, 15 პროცენტს არ აღემატება. რაც შეეხება სახელმწიფო ხარჯების მაჩვენებელს, „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ შეფასებით, სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი, მთლიანობაში, ზომიერია, თუმცა 2009 წლის განმავლობაში გაიზარდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 34 პროცენტი შეადგინა. შედარებით მაღალი, 9,7 პროცენტი, იყო ინფლაცია, თანაც მთავრობა წლის განმავლობაში გასცემდა სუფსიდიებს როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე ენერგეტიკის სფეროში, პრივატიზაციიდან შემოსული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი კი სოციალური დახმარებისა და თავდაცვის ხარჯების გაზრდას ხმარდებოდა.

თანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორები, თუმცა გამონაკლისს წარმოადგენდა რამდენიმე სფერო: ავიაცია, საზღვაო ნაოსნობა, თევზჭერა და მაუწყებლობა.

და მართლაც, ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ, რეფორმის მიმდინარეობის მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში სასამართლო დავები უსაშველოდ იწელება და ადგილი აქვს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შემთხვევებსაც. უცხოურ კომპანიებს შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ პრივატიზებაში მონაწილეობა, თუმცა პროცესი ყოველთვის გამჭვირვალე არაა - შესაბამისად, ინვესტიციის თავისუფლების ინდექსი შედარებით დაბალია და სამოცს არ აღემატება. ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობაა სასამართლოს თავისუფლებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, თუმცა ანგარიშში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული ღონისძიებები გაატარა.

საქართველო, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, უსწრებს ყველა ყოფილ საბჭოთა რესბუბლიკას და შემდეგ ქვეყნებს: რუმინეთს, თურქეთს, ჩერნოგორიას, სერბიას, პაკისტანსა და ირანს.
XS
SM
MD
LG