Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 20 იანვარი 2010


უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები დღევანდელ ქართულ პრესაში კვლავ ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. ”რეზონანსი” აქვეყნებს ინტერვიუს „იმედის“ უცხოეთის ამბების პროდიუსერ ირაკლი გვარამაძესთან, რომელიც ამბობს, უკრაინაში, საბილიარდოში, 6 კაცი დაგვესხა თავს, ჩვენს საცემრად იყვნენ მოსული და ეტყობოდათ, რომ კარგად იყვნენ მომზადებულნიო. ”თავი ფრონტის ხაზზე მეგონა, ძალიან გაგვიჭირდა მუშაობა, აშკარა წინააღმდეგობებს ვაწყდებოდით ყველა ნაბიჯზე”, - უთხრა „იმედის“ პროდიუსერმა ”რეზონანსს”.

ექსპერტმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა კი ”ახალ თაობასთან” საუბრისას ქართველი დამკვირვებლების უკრაინაში გაგზავნა ასე შეაფასა: ”ესენი იყვნენ დაუსაქმებელი ხალხი, კუნთმაგარი ყმაწვილები, ზოგი პოლიციის თანამშრომელი, ზოგი მოკრივე და ასე შემდეგ. როგორც ამბობენ, მიზანი იყო, რომ დებოში შეექმნათ ამა თუ იმ უბანზე, რათა ამას მოჰყოლოდა ექსცესები და ჩაშლილიყო არჩევნები.”

აქვე ნახავთ ინტერვიუს პარლამენტის ვიცე-სპიკერ პაატა დავითაიასთან,რომელიც უკრაინის არჩევნებთან ერთად თბილისის თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზეც ლაპარაკობს. ”თუ ლევან გაჩეჩილაძე „ალიანსში“ შევა, ეს გაერთიანება ძალიან სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდება. ლევან გაჩეჩილაძე ძლიერი ადამიანია. მას შეუძლია ერთ დღეში მეტი რეიტინგი აკრიფოს, ვიდრე ბევრმა ერთადო”, - უთხრა პაატა დავითაიამ ”ახალ თაობას”.

ამ შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით ”ვერსია” შეკითხვებს ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერ, ალიანსელ დავით გამყრელიძეს უსვამს. ”დაიცავი საქართველო” ჩვენს ალიანსში ვერ შემოვა, რადგან ის არ გახლავთ პოლიტიკური ორგანიზაცია”, - თქვა გამყრელიძემ და დაამატა: ”თუმცა მის წევრებსა და ლევან გაჩეჩილაძესთანაც ყოველდღიური მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. დარწმუნებულები ვართ, მჭიდრო კოორდინაციით მივალთ არჩევნების დღემდეც და შემდგომ პროცესებსაც, ალბათ, ერთად დავგეგმავთ.”

აქვე ნახავთ ინტერვიუს პოლიტიკური მოძრაობა ”იმედის“ ლიდერ ირინა სარიშვილთან. ინტერვიუს დიდ ნაწილში სარიშვილი სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს - ძირითადად, რესპუბლიკელებს - აკრიტიკებს. ალასანიას გვერდით თარსი მოკავშირეები - რესპუბლიკელები და „ახლები“ - რომ გამოჩნდნენ, წინასწარვე გახდა ცნობილი, რომ ყველაფერი კრახით დასრულდებოდა. ეს პირადად მაქვს ჩემს თავზე გამოცდილიო, - ამბობს ირინა სარიშვილი და შემდეგ ნოღაიდელზეც ლაპარაკობს: ”რუსეთი ისეთი უტვინო არაა, დასაყრდენი ნოღაიდელში ეძებოს. პუტინს ჯადოსნური კვერთხი არა აქვს, რომ უსახური და უპერსპექტივო ადამიანები ლიდერებად აქციოსო, - თქვა მან. ინტერვიუს ”ვერსიაში” წაიკითხავთ.

დაბოლოს, ”რეზონანსს” მივუბრუნდეთ, რომელიც ახლა ნახსენებ ორ პარტიას შორის უთანხმოებაზე წერს. ”მორიგი დაპირისპირება რესპუბლიკელებსა და ნოღაიდელის პარტიას შორის” - ასე ჰქვია სტატიას, სადაც წერია, ქუთაისში რამდენიმე ადამიანი ნოღაიდელთან გაწევრიანების შემდეგ აცხადებს, რომ რესპუბლიკური პარტიიდან არიან წამოსულები, თავად რესპუბლიკელებში კი აცხადებენ, პარტია მხოლოდ ერთმა ადამიანმა დატოვა, დანარჩენები კი მანამდე ჩვენ გავრიცხეთ პარტიიდანო.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG