Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში კორპუსების სახურავები შველას ითხოვენ


გორში მაღალსართულიანი კორპუსების მაცხოვრებლები სახურავების შეკეთებას ითხოვენ. რუსთაველის ქუჩაზე არსებულ ცხრასართულიან კორპუსში დაზიანებული სახურავის გამო წვიმის წყალი უკვე დაბალ სართულებამდე აღწევს. ბინის მაცხოვრებლებმა ხელისუფლებას დასახმარებლად არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

ცხრასართულიანი კორპუსის მაცხოვრებლების აზრით, ბინის კედლები ნესტის გამო უკვე იშლება, ამიტომ თუ სარეაბილიტაციო სამუშაოები სწრაფად არ დაიწყება, შესაძლოა სავალალო შედეგი დადგეს.

ცოტა ხნის წინ გორში მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, შიდა ქართლში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ომის შედეგად დაზარალებული რეგიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან 25 მილიონამდე ლარი გამოიყო. ეს თანხა სხვადასხვა პროექტებს, მათ შორის მრავალსართულიანი ბინების სახურავების შეკეთებას მოხმარდება.

მაღალსართულიანი კორპუსების სახურავების შეკეთება გორში აგვისტოს ომამდე დაიწყო, ბინების ნაწილს სახურავი მთლიანად გამოეცვალა, მაგრამ ომის გამო პროცესი შეჩერდა. ომის შემდეგ კი მთავარი აქცენტი დაზიანებული სახლებისა და შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციაზე გაკეთდა და სახურავები აღარავის ახსოვდა.

მიმდინარე წელს სახურავების შეკეთებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გარკვეული თანხა უკვე გამოყოფილია. როგორც გორის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, კორპუსებს კიდევ ერთხელ შეამოწმებენ, შეადგენენ ხარჯთაღრიცხვას და სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკვე გაზაფხულიდან დაიწყებენ.
XS
SM
MD
LG