Accessibility links

სოხუმი თბილისს ”ბუკეტს” სთხოვს


პანამის დროშით მცურავი თურქული ტანკერი “ბუკეტი”

პანამის დროშით მცურავი თურქული ტანკერი “ბუკეტი”

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ მან გასული წლის აგვისტოში დაკავებული პანამის დროშით მცურავი ტანკერი “ბუკეტი” დააბრუნოს.

სააგენტო ”აფსნიპრესისა” და ინტერნეტ-გამოცემა “კავკაზსკი უზელის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს საკითხი დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლანა აგრბამ ოთხშაბათს დასვა გალში, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა.

აფხაზური მხარე მოითხოვს, რომ ”ბუკეტის” საკითხი სამუშაო ჯგუფების შეხვედრების დღის წესრიგში დარჩეს, სანამ საქართველოს ხელისუფლება ტანკერს არ დააბრუნებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა, რომელიც გალში ხუთმხრივ შეხვედრაში მონაწილეობდა, დღეს რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ტანკერის საკითხი აფხაზურმა მხარემ მას შემდეგ დასვა, რაც თბილისის დელეგაციამ ევროკავშირთან ერთად ინციდენტების პრევენციისთვის ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა მოითხოვა.

რაც შეეხება პანამის დროშით მცურავ ტანკერს, რომელიც საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურმა თურქეთიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კონტრაბანდული საწვავის გადატანისა და ”ოკუპირებული ტერიტორიების კანონის” დარღვევის გამო დააკავა, შოთა უტიაშვილის განმარტებით, ეს საკითხი დიდი ხანია ამოიწურა. ”აფხაზებს ავუხსენით, რომ ეს არის საქართველო-თურქეთის საკითხი და მათ არანაირი კავშირი არ აქვთ, და რომ დიდიხანია ეს საკითხი ამოწურულია”, - აღნიშნა უტიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პანამის დროშით მცურავი ტანკერის კაპიტანს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, სასამართლომ გასული წლის აგვისტოს ბოლოს 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მისი გათავისუფლება ერთ-ერთი საკითხი იყო თბილისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას, რომელიც სექტემბრის დასაწყისში გაიმართა. მისი და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, ტანკერის კაპიტანს 24-წლიანი პატიმრობა სამ წლიანი პირობითი სასჯელით და 30 ათასი ლარის ჯარიმით შეუცვალეს.

ტანკერ ”ბუკეტის” გარშემო რამდენიმე თვის წინ განვითარებული მოვლენების გარდა, 20 იანვარს გალში გამართული შეხვედრისას სხვა საკითხებთან ერთად საუბარი იყო ენგურის ხიდის გავლით სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენასა და ამ მიზნით სპეციალური ავტობუსის დანიშვნაზე, რაც აფხაზურ მხარეს თბილისის დელეგაციამ შესთავაზა. შოთა უტიაშვილის ცნობით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა საპასუხო რეაქცია უარყოფითი იყო. ”აფხაზებმა გვითხრეს, რომ ამ საკითხზე შეთანხმება უახლოესი თვეების განმავლობაში შეუძლებელია, თუმცა მომავალში საუბარი შეიძლება”, - ამბობს უტიაშვილი.

ენგურის ხიდის გავლით სატრანსპორტო მიმოსვლის განახლების ინიციატივას გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, რომელიც გაეროს დროებით სპეციალურ წარმომადგენელს მარკო ბიანჩინის სოხუმში შეხვდა. როგორც სააგენტო ”აფსნიპრესი” იუწყება, თბილისის ამ წინადადებას შამბამ ნაადრევი უწოდა და განაცხადა, რომ ამ და სხვა საკითხებზე საუბარი შესაძლებელი მას შემდეგ იქნება, რაც საქართველო და აფხაზეთი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას დაამყარებენ.
XS
SM
MD
LG