Accessibility links

logo-print
საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის წინასაპროექტო სამუშაოები იწყება. ამასთან დაკავშირებით გაზსაცავის წინასაპროექტო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ”რამბოლმა” ნავთობის და გაზის კორპორაციისა და „ათასწლეულის ფონდის“ ხელმძღვანელებთან პირველი შეხვედრა და პროექტის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიწისქვეშა გაზსაცავის წინასაპროექტო სამუშაოები 12 თვეს გასტანს და გეოლოგიურ, ტექნიკურ, გარემოსდაცვით, ეკონომიკურ, ფინანსურ და სხვა შესაბამისი საკითხების კომპლექსურ ანალიზსა და შესწავლას მოიცავს.

მიწისქვეშა გაზსაცავის წინასამშენებლო დაპროექტების სამუშაოების განხორციელებაზე კონტრაქტი დანიურ კომპანია ”რამბოლთან” „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ 2009 წლის 29 დეკემბერს გააფორმა. გაზსაცავი სოფელ ნინოწმინდაში განთავსდება და მისი მშენებლობა 3 წელიწადში, 2013 წელს, დასრულდება.

“კონტრაქტი არის 3,4 მილიონი დოლარის ღირებულების და 12 თვის შემდეგ უკვე საბოლოო პროდუქტი გვექნება, რაც არის წინასამშენებლო ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა მიწისქვეშა გაზსაცავის. თვითონ მშენებლობას, სახელმწიფო გადაწყვეტს, ვინ დააფინანსებს და ეს უკვე შემდეგი ეტაპია, ანუ შემდეგი ეტაპისათვის ვამზადებთ დოკუმენტაციას”, - ამბობს საქართველოს „ათასწლეულის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბდუშელიშვილი.

სოფელ ნინოწმინდის ნავთობისა და გაზის საბადოს ტერიტორიაზე გაზსაცავის მშენებლობა 3 ფაზად განხორციელდება. პირველ ეტაპზე გაზსაცავის მოცულობა 450 მლნ კუბ.მეტრი იქნება, მეორე ეტაპზე ეს მაჩვენებელი 1,5 მლრდ კუბ. მეტრამდე გაიზრდება, ხოლო მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ გაზსაცავში 5 მლრდ კუბ. მეტრი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი.

საქართველოში გაზსაცავის შექმნის იდეა სათავეს 1988 წლიდან იღებს. მაშინ პროექტის განხორციელებას საქართველოში, საბჭოთა კავშირიდან გაზის მიღების სანაცვლოდ, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა აპირებდა, მაგრამ გერმანიის გაერთიანებამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ პროექტიც ჩაშალა. გაზსაცავის მშენებლობაზე ზრუნვა უკანასკნელ წლებში ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ნაწილად განიხილება.

“ეს პროექტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული პროექტი საქართველოსათვის, რადგანაც გაზსაცავის პროექტის დასრულების შემდგომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის სივრცეში და ასევე საქართველო გახდება საიმედო პარტნიორი სატრანზიტო პროექტებში”, - ამბობს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ზურაბ ჯანჯღავა.

მიწისქვეშა გაზსაცავს რამდენიმე ფუნქცია აქვს, თუმცა მისი უმთავრესი დანიშნულება მაინც ფორსმაჟორული სიტუაციის განმუხტვაა, ისეთის, მაგალითად, როგორიც 2006 წლის ზამთარში შეიქმნა.

”თქვენ თუ გახსოვთ, 2006 წელს რუსეთმა ააფეთქა გაზსადენები. აღარ გვქონდა რამდენიმე დღე და ირანიდან წამოვიღეთ გაზი. ძალიან ძნელია მაგის გაკეთება. ჩვენ გვექნება საკუთარი საცავი, სადაც იქნება საშუალება, რომ შევინახოთ და მერე გამოვიყენოთ კრიტიკულ სიტუაციაში.”

როგორც ენერგეტიკის ექსპერტი თემურ გოჩიაშვილი აღნიშნავს, ნინოწმინდის გაზსაცავში ბუნებრივი აირის სენსიტიური მომხმარებლისთვის - კერძოდ, მოსახლეობისა და სტრატეგიული ობიექტებისათვის - საშუალოდ 2 თვემდე საჭირო მარაგი განთავსდება.
XS
SM
MD
LG