Accessibility links

logo-print
ქართულ პრესაში გრძელდება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების თემის გაშუქება. დღეს რამდენიმე გაზეთი ბეჭდავს უკრაინული მედიით გავრცელებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერს: ”მერაბიშვილი-თარგამაძის სატელეფონო საუბრის სრული ვერსია და ამ სკანდალის უცნობი დეტალები”, ”ვანო მერაბიშვილი სკანდალში გაეხვია”, ”კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერი უკრაინიდან - არასაპარლამენტო ოპოზიცია თარგამაძისა და მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ცდილობს” - ასეთია ქართულ გაზეთებში ამ თემაზე გამოქვეყნებული ტექსტების სათაურები.

”ალია” პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელს ეკითხება: ”თქვენ რომ ოპოზიციაში ყოფილიყავით, მოითხოვდით თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას?”. წერეთლის პასუხი: ”ძალიან გულწრფელად გეტყვით: მე რომ ოპოზიციაში ვყოფილიყავი, მოვითხოვდი საკითხის გარკვევას ჩემივე ხელისუფლებასთან. თუ დამაინტერესებდა, დავსვამდი კითხვებს და ვეცდებოდი, საკითხი ბოლომდე გამერკვია.” უმრავლესობის წევრის როლში კი გიგი წერეთელი ოფიციალურად ახსნა-განმარტების მოთხოვნას არ აპირებს: ”ისინი ჩემი კოლეგები არიან. მე, რა თქმა უნდა, ვკითხავ ამის თაობაზე, როგორც კი საშუალება მომეცემა.”

”ალიაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ ლეიბორისტთა ერთ-ერთ ლიდერ ნესტან კირთაძესთან. ის თვლის, რომ ”საქართველოში დღეს არსებული სიტუაცია წვიმის წვეთივით ჰგავს 1921 წელს არსებულ ვითარებას, როდესაც ევროპისა და ამერიკის მიერ ზურგშექცეული სახელმწიფო რუსეთის პირისპირ მარტო აღმოჩნდა. თუ რით დასრულდა 1921 წლის თებერვალ-მარტის კამპანია საქართველოსთვის, ყველამ კარგად იცის. მე ამის საფრთხეს ვრგძნობ”, - აცხადებს კირთაძე.
”ყველა სიახლე” წერს: ”ბევრს კი ეცადნენ ქართველი ”ნაციონალები” უკრაინული არჩევნებიც ისე გაეხაზირებინათ, როგორც ქართული, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ისე, სასაცილოა, იმ ქვეყანაში, სადაც მოქმედი პრეზიდენტი ამომრჩეველთა ხმების 6%-საც ვერ იღებს, ქართველი ”დამკვირვებლები” დემოკრატიულობას უჩიოდნენ.”

”ყველა სიახლეს” უკრაინის არჩევნებთან დაკავშირებულ ამბებზე მოსაზრებას უზიარებს ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე დავით გამყრელიძე: ”ეს იყო მიშასა და მისი რევოლუციონერი თანაგუნდელების ბოლო გაბრძოლება, რამენაირად შეენარჩუნებინათ ფერადი რევოლუციების მონაპოვარი და იმიჯი. ამიტომაც გადაისროლა სააკაშვილმა სპეცრაზმი უკრაინაში. ტიმოშენკოს დამარცხება ქართველი საზოგადოებისა და უცხოეთისთვისაც იქნება ნიშანი, რომ ფერადი რევოლუციების იდეამ მწარე მარცხი განიცადა.”

”ახალი თაობა” პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს: ”რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, შეიძლება იანუკოვიჩისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს ქართველების მხრიდან ასეთი სკანდალის საბაბის მიწოდება, რადგან არჩევნების დროს ყურადღების მიქცევის ნებისმიერი ფორმა მომგებიანია პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, მით უმეტეს, ეს ფორმა.”
”ჯორჯიან ტაიმსის” პირველ გვერდზე წაიკითხავთ: ”გაზეთის მეორე გვერდზე იხილეთ 2009 წელს ”დამწვარი აგენტების” არასრული სია. ისინი კრემლში არიან, სტალინთან!”. მეორე გვერდზე კი ნახავთ იმ ცნობილი - სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი - ქართველების ფოტოებს, რომლებიც ან მოღვაწეობენ რუსეთში, ან ბოლო დროს ჩასულან რუსეთის დედაქალაქში: ”როგორც ბევრ რამეში, აქაც ვნოვატორობთ და, ხელისუფლებას და მის დამქაშ ტელევიზიებს რომ შრომა გავუადვილოთ, ”შპიონებთან” ერთად ”შპიონკების” გვარ-სახელებსაც ვთავაზობთ... ყველა მათგანი, როგორც მიშა იტყოდა, ”მოსკოვშია ნამყოფი”... ზოგი მეოცე საუკუნის ბოლოს, ზოგიც ოცდამეერთის დასაწყისში. პაროლი ყველას ერთი აქვს: ”კრემლში ვარ, სტალინთან”...

”რეზონანსის” კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ ახლო მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანების იმედი გაუცრუვდა და ახლა ამას 20 წლის შემდგომ პერსპექტივაში თუ განიხილავს: ”ნატოში შესვლაზე რომ უარი გვითხრეს, ეს ხელისუფლების სინდისზეა. ახლა დროა ნატოში შესვლაზე კი არა, საკუთარ თავზე ვიფიქროთ. ხომ ხედავთ, საქართველოს გამო არც ევროპას და არც აშშ-ს არ სურს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება. საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯი რუსეთთან დიალოგისთვის”, - აცხადებს ზვიად ძიძიგური ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG