Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთისა და რუსეთის საზღვართან აშშ-ის რაკეტები განთავსდება


პოლონეთმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტები სულ მალე განთავსდება მის ტერიტორიაზე. ეს განცხადება მოსკოვის უკმაყოფილებას გამოიწვევს. რა მოჰყვება ამას, რისთვის სჭირდება პოლონეთს ამერიკული რაკეტები რუსეთის საზღვართან?

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბოგდან კლიხმა გააკეთა განცხადება, რომ პოლონეთის ჩრდილოეთში, რუსეთის კალინინგრადის ოლქის საზღვართან, აშშ-ის „პეტრიოტის“ ტიპის - ხმელეთი-ჰაერის კლასის - რაკეტები განთავსდება. შაბათს პოლონურმა საინფორმაციო სააგენტომ, „პაპმა“, გაავრცელა ინფორმაცია, რომ, კლიხის თანახმად, რაკეტებს პოლონეთში მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში ჩაიტანენ. შეიარაღების მიზანია პოლონეთის საჰაერო თავდაცვის განახლება-სრულყოფა. ვინაიდან კალინინგრადის ოლქს უკვე არტყავს გარს ნატოს ორი ქვეყანა, პოლონეთი და ლიტვა, მოელიან, რომ რუსეთი ამ გადაწყვეტილებას წინ აღუდგება. თუმცა თავდაპირველი რეაქცია შერბილდა, როცა “ინტერფაქსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ადრე თავის მიერვე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მოსკოვი აპირებდეს ბალტიის ზღვაში გააძლიეროს თავდაცვა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა კრიხმა ქალაქ მორონკში თქვა, რომ ბალტიის ზღვის პირას ახალი შეიარაღების განთავსება არ ისახავს არც პოლიტიკურ და არც სტრატეგიულ მიზნებს. მისივე თქმით, მორონკში, სადაც პოლონეთის სამხედრო ბაზა უკვე არსებობს, არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ახალი სარაკეტო ბატარეისა და ამერიკელი სამხედროების მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს.

ადრე ფიქრობდნენ ვარშავის მახლობლად განეთავსებინათ ახალი რაკეტები. 2009 წლის დეკემბერში აშშ-ისა და პოლონეთის ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელმაც გზა გაუხსნა პოლონეთში აშშ-ის „პეტრიოტის“ რაკეტების ბატარეის განთავსებას. ამ დოკუმენტის საფუძველზე გახდა შესაძლებელი პოლონეთში სარაკეტო ბაზის აგება და იქ აშშ-ის ჯარისკაცების განთავსებისთვის საჭირო პირობების შექმნა. მანამდე, სექტემბერში, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უარი თქვა გეგმაზე, პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში განეთავსებინათ ანტისარაკეტო თავდაცვის ფარი, რომელიც, ვაშინგტონის თქმით, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავსი ქვეყნების მხრიდან აგრესიის შემთხვევისთვის იყო საჭირო. ამ გეგმამ, რომელიც ბუშის ადმინისტრაციას ეკუთვნოდა, გააღიზიანა რუსეთი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ის მის უსაფრთხოებას ემუქრებოდა. იმისათვის, რომ დაემშვიდებინა მოსკოვის აგრესიული საგარეო პოლიტიკით შეშფოთებული პოლონეთი, ვაშინგტონი დათანხმდა, ამ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის განსამტკიცებლად, პოლონეთის ტერიტორიაზე „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტები განთავსებულიყო.

განცხადება, რომ პოლონეთში სულ მალე ჩაიტანენ ამ რაკეტებს, გაართულებს ბირთვული იარაღის შესახებ ახალი შეთანხმების თაობაზე ვაშინგტონ-მოსკოვის მოლაპარაკებას. დეკემბერში რუსეთის პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების აშშ-ისეული გეგმა მთავარი ზღუდეა ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულების მიღწევის გზაზეო. ამ ახალმა დოკუმენტმა უნდა შეცვალოს 1991 წლის ხელშეკრულება, რომელსაც ვადა გაუვიდა დეკემბერში. მანვე, პუტინმავე, განაცხადა, რომ რუსეთი ახალი იარაღის შექმნას აპირებს აშშ-ის თავდაცვის სისტემის გასაწონასწორებლად. მოსკოვმა და ვაშინგტონმა შარშან დაიწყეს ამ ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობა,რომელმაც წინ ვერ წაიწია იმის გამო, რომ არაერთ საკითხში აზრთა სხადასხვაობაა ორ ქვეყანას შორის. ოთხშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ფილიპ კროულიმ თქვა, პოლონეთში „პეტრიოტების“განთავსების ფაქტი ხელს არ შეუშლის ბირთვული იარაღის შესახებ მოლაპარაკებასო:

„პრეზიდენტმა ობამამ და პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა პირობა დადეს, რომ ამ ხელშეკრულებას ბოლომდე მიიყვანენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკება კარგად მიდის. მე არა მგონია, რაიმე გართულდეს.“

თეთრი სახლის ცნობით, ობამამ მოსკოვში უსაფრთხოების სფეროს ორი მაღალი რანგის წარმომადგენელი მიავლინა - მრჩეველი ამ სფეროში ჯეიმს ჯონსი და შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტების თავმჯდომარე ადმირალი მაიკ მალენი. მათი მიზანია ახალი ბირთვული ხელშეკრულების მიღწევის გზაზე ბოლო ზღუდეების დაძლევა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG