Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა დაახლოვდნენ ამერიკისა და საქართველოს მოქალაქეები


გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში რიგით მესამე შეხვედრა 21 იანვარს თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა. ამერიკულ მხარეს წარმოადგენდნენ სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეები სპენსერ ბოიერი და ალინა რომანოვსკი, ხოლო ქართულ მხარეს - საგარე საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია. შეხვედრა გაიმართა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების - ხალხებს შორის ურთიერთობის - სამუშაო ჯგუფის ფორმატში და ძირითადი აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე განათლების სფეროში. რა შესაძლებლობები იკვეთება საქართველოსა და ამერიკის მოქალაქეების კიდევ უფრო დაახლოების გზაზე?

”ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია გამოხატავს ჩვენს ერთობლივ ძლიერ სურვილს, გაიზარდოს ურთიერთობა ჩვენი ორი ქვეყნის ხალხებს შორის და გაიზარდოს ძალისხმევა დემოკრატიისა და აღიარებული ფასეულობების გასავრცელებლად”, - ასეთია დამოკიდებულება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიისადმი, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ სპენსერ ბოიერმა ხუთშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ გაახმოვანა. მადლიერება გამოიხატა საქართველოს მიერ თანამშრომლობის პრინციპების სწორი გააზრებისა და გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებისათვის:

”ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას საქართველოსთან და მეტად ვუმადლით მის წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში - მათ შორის, საქართველოს მიერ ნატოს მისიის დახმარებას ავღანეთში და ასევე საქართველოს მზადყოფნას, დახმარება აღმოუჩინოს ჰუმანიტარულ მისიას ჰაიტზე. გვჯერა, რომ დღევანდელმა განხილვებმა შექმნა საფუძველი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ”

რაც შეეხება ორი ქვეყნის ხალხებს შორის კონტაქტის გაღრმავებას, ითქვა, რომ ამ მიმართებით საუკეთესო გზას უფრო ხშირი მიმოსვლა წარმოადგენს და რომ ამ მიზნით შეერთებული შტატების საელჩო აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს ვიზებზე განაცხადების მიღებისა და ინფორმაციის გადამუშავების გამარტივებულ სისტემასაც შესთავაზებს. 21 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე დეტალები არ დაკონკრეტებულა.

სპენსერ ბოიერმა აღნიშნა განსაკუთრებული როლი, რომელიც ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავების გზაზე განათლების მიმართულებას ეკისრება. სტატისტიკა მოწმობს, რომ 1993 წლის შემდეგ ამერიკაში განათლების მიღების საშუალება დაახლოებით 3000 ახალგაზრდას მიეცა. ამჟამად კი მხარეები ეძებენ გზებს, რომ იმავე შესაძლებლობის გამოყენების საშუალება დასავლური ცოდნის მიღების კიდევ უფრო მეტ მსურველს მიეცეს. მუშაობის გაფართოებას გეგმავენ ”მშვიდობის კორპუსის” მოხალისეები, რომლებიც საქართველოში ინგლისური ენის შესწავლას შეუწყობენ ხელს. კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცემათ ინგლისური ენის ქართველ პედაგოგებსაც. განათლების სფეროსთან მიმართებით აღინიშნა უმცირესობათა უკეთ ინტეგრაციის აუცილებლობაც.

დასავლური განათლების მიღების საშუალება თანაბრად უნდა მიეცეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებსაც. საქართველოს მზადყოფნას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია გამოხატავს, თუმცა სხვა საკითხია, როგორ მოხერხდება ეს ყველაფერი:

”საუბარი იმაზე, მოგვცემს თუ არა ამის შესაძლებლობას საოკუპაციო რეჟიმი, ნაადრევია და დღევანდელი საუბრის თემა არ ყოფილა ეს მხარე, მაგრამ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გვინდა ჩვენ, რომ განვახორციელოთ ეს პროგრამა... ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ, ყოველგვარი ზედმეტი პოლიტიზირების გარეშე, ამ შესაძლებლობის მიცემას სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ რომლებიც გამოაძევეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან... რათა მივცეთ მათ განათლების შესაძლებლობა, მივცეთ მათ ერთმანეთთან კონტაქტის შესაძლებლობა.”

გიგა ბოკერია ამბობს, რომ სწორედ ხალხებს შორის კონტაქტის გაღრმავებისა და ცალკეული თემების დაახლოებისკენ არის მიმართული სტრატეგია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. ხსენებული სტრატეგია მხარეებმა 21 იანვრის შეხვედრაზეც განიხილეს. შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში ჯონ ბასის თქმით, ვიდრე სტრატეგიას საბოლოო სახე არ მიეცემა, დეტალებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა უკვე გამოკვეთილია მთავარი მიდგომა, რომ ”საქართველოს თითოეული მოქალაქე მსოფლიოს მოქალაქეა და მას ხელი უნდა მიუწვდებოდეს შესაძლებლობებზე, რომლებიც მსოფლიოში არსებობს.”

21 იანვარს გამართული შეხვედრა - ხალხებს შორის ურთიერთობის სამუშაო ჯგუფის ეგიდით - თბილისში გამართული მესამე შეხვედრაა ამერიკასა და საქართველოს შორის 2009 წლის 9 იანვარს ხელმოწერილი ქარტიის ფარგლებში. პირველი შეხვედრა გაიმართა 2009 წლის 20 ოქტომბერს, როდესაც თბილისს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ სტუმრობდა, და ის ეძღვნებოდა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს.

რიგით მეორე შეხვედრა შედგა 2009 წლის ნოემბერში, როდესაც თბილისს ეწვია შეერთებული შტატების უწყებათაშორისი დელეგაცია, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მაიკლ პოსნერის ხელმძღვანელობით. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომელიც 17 ნოემბერს თბილისში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა გამართა. მთავარი აქცენტი ქვეყანაში სწორედ დემოკრატიის განვითარებას შეეხებოდა. ხაზი გაესვა გაზაფხულის არჩევნების ღირსეულად ჩატარების აუცილებლობას და ყველა პოლიტიკური ძალისთვის თანაბარი, კონკურენტული პირობების უზრუნველყოფის საჭიროებას. ითქვა, რომ თავისუფალმა მედიამ სათანადოდ უნდა უზრუნველყოს განსხვავებული პოზიციებისა და მოსაზრებების სრული გაშუქება.

რაც შეეხება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს, პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ასეთი ხელშეკრულება 2009 წლის 6 აგვისტოს გაფორმდა. საუბარია თანამშრომლობაზე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG