Accessibility links

logo-print
ევრაზიის ქვეყნებში - მათ შორისაა საქართველოც - საშუალო ფენამ და ადამიანებმა, რომლებიც ამ შრეს შეიძლება წარმოადგენდნენ, ვერ მოახერხეს საზოგადოებაში იმ პოზიციის მოპოვება, იმავე როლის თამაში, რასაც მათი კატეგორიის მოქალაქეები აღწევენ დასავლეთში. რა არის მიზეზი, რატომ ვერ მოძლიერდა ეს ფენა, რატომ არის ის ასე სუსტი ბალკანეთიდან ავღანეთამდე, რუსეთსა თუ სომხეთში?

ეს არეალი უზარმაზარია და ამ ქვეყნებს განსხვავებული წარსული, აწმყო და მომავალი აქვთ. არის, ცხადია, მათი გამაერთიანებელი მახასიათებლები და მათ შორისაა სწორედ ესეც, საშუალო კლასის სისუსტე. დასავლეთში ეს შრე ძრავაა საზოგადოებისა, მისი დემოკრატიულად მოწყობისაც და კეთილდღეობის განსაზღვრისაც. აშშ-ში, მაგალითად, საშუალო ფენა მოსახლეობის 60 პროცენტს შეადგენს. მისი წარმომადგენლები ყველა სფეროში პროფესიონალები არიან. ისინი, ბეგარის სახით, მილიარდობით დოლარს უხდიან სახელმწიფოს და არსებობის საშუალებას აძლევენ. და, რაც მთავარია, ამ საფინანსო პოტენციალთან ერთად, მათზეა დიდად დამოკიდებული, ვინ მართავს ქვეყანას და როგორ. ასევეა ევროპაში - გერმანიასა თუ ბრიტანეთში, საფრანგეთსა თუ ბელგიაში. მაგრამ განსხვავებული სურათია აღმოსავლეთში, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. მართალია, რუსეთში, პირველ რიგში, - ასევე ყაზახეთსა და აზერბაიჯანში და, ნაწილობრივ, საქართველოშიც, - სოციალიზმის შემდგომ პერიოდში შეიქმნა მატერიალურად ძლიერი - ამ მხრივ, დასავლეთის დონის - ადამიანების მცირე შრე, მაგრამ ფასეულობები და შეხედულება ქვეყნის მართვაზე მათ საკუთარი აქვთ. რუსეთში ვითარებას ასე აღწერს ბორის დუბინი, „ლევადას“ კვლევითი ცენტრის სოციოლოგი:

„ისინი დემოკრატიას და ლიბერალიზმს კი არ აძლევენ ხმას, არამედ ემხრობიან იმ სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ წესრიგს, რომელიც 2000-იან წლებში შეიქმნა რუსეთში. ეს წესრიგი მაინც ავტორიტარულია - სადაც ხელისუფლება არ არის საკუთრებისგან გამოყოფილი, სადაც ხელისუფლების უმსხვილესი წარმომადგენლები უმსხვილესი მესაკუთრეები არიან.“

დუბინის განმარტებით, ეს კლასი საზოგადოების 4-5 პროცენტს შეადგენს და აერთიანებს დიდ ქალაქებში მცხოვრებ ახალგაზრდებს. სოციოლოგები ადრე მოელოდნენ, რომ საბჭოთა პერიოდის ინტელიგენციად წოდებული შრე მოახერხებდა გამხდარიყო ახალი საშუალო ფენა, რომ მასში შევიდოდნენ განათლებული ადამიანები, პროფესიონალები, რომლებიც მთავრობასთან არ იყვნენ მჭიდროდ დაკავშირებულნი საბჭოთა პერიოდში. ისინი უფრო დამოუკიდებელნი და ხშირად სხვაგვარად მოაზროვნეები იყვნენ, კომუნისტური სახელმწიფოს მოხელეებისგან განსხვავებით. მაგრამ მოხდა სხვა რამ: ინტელიგენციამ ვერ მოახერხა ახლით შეეცვალა მთავრობის მიერ მართული ეკონომიკა - ის დაჩრდილა ახალმა მეწარმეობამ, რომელმაც ახალ მთავრობებთან შეკავშირებით მიაღწია წარმატებას. ასეთია ტენდენცია ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. ორიოდე სიტყვით შევეხები ამ სივრცეში მცხოვრები მოქალაქეების წარმოდგენას საშუალო ფენაზე. რუსეთში, მაგალითად, საშუალო ფენას, ამ ქვეყნის მოქალაქეთა წარმოდგენით, ის ადამიანები შეადგენენ, რომლებსაც საკმარისი შემოსავალი აქვთ საიმისოდ, რომ ფული დაზოგონ და სიამოვნებისთვის ხარჯონ.

დასავლეთციმბირელი მეწარმე დენის მოლოტკოვი ასე ხედავს ამ შრეს:

„ჩემთვის საშუალო ფენა ნიშნავს ადამიანს, რომელსაც აქვს სტაბილური - საშუალოზე მაღალი - შემოსავალი, აქვს საკუთრება, ჰყავს მანქანა, ანუ აქვს მინიმუმი.“

სხვები რუსეთში საშუალო კლასს მიაკუთვნებენ მათ, ვინც გონებრივად მუშაობს - არა ფიზიკურად - მაშინაც კი, როცა ისინი ნაკლებ ფულს გამოიმუშავებენ, ვიდრე მუშები. ამის მაგალითი მასწავლებლები არიან. ტაჯიკეთში, მაგალითად, პროფესორებს ძალიან მცირე შემოსავალი აქვთ და ზაფხულობით რუსეთში მიდიან შავი სამუშაოს შესასრულებლად, ხოლო როცა სწავლის სეზონი იწყება, უბრუნდებიან თავიანთ ძირითად საქმიანობასა და საშუალო ფენის რიგებს.

მიზეზი, რატომ ვერ ახერხებს საშუალო ფენა განვითარებას, ბევრია. ერთი ისაა, რომ მცირე ჯგუფი მეწარმეებისა, დიდად გამდიდრებული, ზეწოლას ახდენს მცირე მეწარმეებზე და მათ განვითარების საშუალებას უსპობს. ამას გარდა, მაღალი გადასახადი წელში გამართვის სახსარს არ აძლევს მცირე მეწარმეებს და მათ, ვისაც საშუალო მოგება აქვს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სახელმწიფოსთან შეკავშირება და მისი მფარველობით მუშაობაა გამოსავალი არსებობის შესანარჩუნებლად. სომხეთის მაგალითს მოგიყვანთ. მთავრობის ყურადღება რომ არ მიიქციონ, საქართველოს სამხრეთი ქვეყნის მეწარმეები არ ავითარებენ თავიანთ საქმიანობას - ურჩევნიათ მცირედით დაკმაყოფილდნენ, ვიდრე საქმიანობა გაშალონ და მაღალი ბეგარა იხადონ. ამის შედეგად, ყოველგვარ ინიციატივას მთავრობასთან დაკავშირებული ან მის მიმართ ლოიალურად განწყობილები იჩენენ. ამ ვითარებას სისტემატურად აკრიტიკებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელსაც მიაჩნია, რომ მეტი კონკურენციაა საჭირო, ანუ საჭიროა ხალხი გააქტიურდეს, საჭიროა თანაბარ პირობებში მეტოქეობა გაუწიონ ერთმანეთს.

„ ცენტრიდან მართული საგეგმო კომუნისტური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა ხანგრძლივი პროცესია. უკვე არის ამ ქვეყნებში პროგრესი, არის შესული საბაზრო მექანიზმები, რომელიც მოქმედებს ეკონომიკაში, მაგრამ საჭიროა მეტი კონკურენცია არაერთ სექტორში. ბევრ სფეროში ერთი თუ ორი დიდი კომპანია ბატონობს და მონოპოლია თუ ოლიგოპოლიაა გამეფებული“, - ამბობს ნინკე ომესი, სომხეთში სავალუტო ფონდის წარმომადგენელი.

ოდნავ სხვაგვარადაა საქმე ნავთობით მდიდარ ყაზახეთსა და აზერბაიჯანში, სადაც მმართველი ელიტა ფლობს სანავთობო და გაზის სფეროებს, როგორც სახელმწიფო მონოპოლია და, შესაბამისად, დამოუკიდებლად მოაზროვნე საშუალო კლასი კუთხეში ჰყავს მიმწყვდეული. აქაც ასეთია ტენდენცია: კეთილდღეობა ადამიანისთვის ხელისუფლებასთან დაახლოებას მოაქვს. მთავრობა ბაქოში ორჯერ მეტს ხარჯავს სამართალდამცველ ორგანოებზე, ვიდრე სოციალურ სფეროში.

„ უსამართლობაა სახელმწიფო ფულის ასე განაწილება. მასწავლებლები აზერბაიჯანში კი არ ცხოვრობენ, არამედ თავი ძლივძლიობით გააქვთ. მე ჩემი ხელფასით ძლივს ვარსებობ და ისინი კი პოლიციელებს, რომლებიც ისედაც მდიდრები იყვნენ, ხელფასს უმატებენ“, - ამბობს ბაქოელი სკოლის მასწავლებელი არზუ ჰუსეინოვა.

მოკლედ, სხვადასხვა ქვეყანაში სხვდასხვა პირობებში უწევს ჩანასახში მყოფ თუ უფრო განვითარებულ საშუალო ფენას ჩამოყალიბება. რა მოხდება ამ ჩამოყალიბების შემდეგ, რა გზას დაადგება - ისეთსავე, როგორც დასავლეთში, დემოკრატიის გზას, თუ სხვა მიმართულებით წავა? ამ შეკითხვასაც უსვამენ საკუთარ თავს მკვლევრები, რომელთაც მხედველობაში აქვთ დასავლეთის მაგალითი, დასავლეთისა, სადაც საშუალო ფენა საქველმოქმედო ცნობიერებისაა - ეხმარება უქონელ მასას, ქმნის ბუნების დაცვის მოძრაობებს და სხვ. ბევრი ექსპერტი აღმოსავლეთის რეგიონებში თვლის, რომ ახალი მეწარმეთა კლასი ვერ არის დასავლეთის საშუალო ფენისთვის დამახასიათებელი ალტრუიზმის მატარებელი. ისინი უფრო იმას ცდილობენ, საკუთარი ფინანსური მდგომარეობა გაამყარონ, ნაკლებად ფიქრობენ გაცემაზე და არც დიდი სოციალური აზროვნებით გამოირჩევიან. რუსეთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ უამრავი საქველმოქმედო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბევრი მათგანი კრემლს შეუკავშირდა, არასამთავრობო ორგანიზაციებად იქცა, რომლებიც დასავლეთთან ურთიერთობენ, მაგრამ, არსებობს ეჭვი, რომ ისინი სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებიან. პუტინის რუსეთში ითვლება, რომ რუსეთის სახელმწიფო საკმარისად ძლიერია საიმისოდ, რომ თავის მოქალაქეებზე იზრუნოს, რომ არ არსებობს ადგილი და საჭიროება „შეშფოთებული მოქალაქეებისა“. რუსეთის სისტემა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას და ავტორიტარულ კაპიტალიზმს გულისხმობს. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს ეკონომიკურ რესურსებსა და სოციალურ მომსახურებაზე სახელმწიფოს მონოპოლიას; მოქალაქეებს ნაკლებად ეხებათ პოლიტიკა, ის პარტიების საქმეა, ხალხი უფრო ეკონომიკითაა დაკავებული. ბევრი კაპიტალიზმის ამ ვარიანტს ანიჭებს უპირატესობას, - მით უმეტეს, კრიზისის პირობებში, - რადგან მას მეტი სტაბილურობა ახლავს. ბრიტანელი მწერალი, ოქსფორდელი ისტორიკოსი ტიმოთი გარტონეში ამბობს:

„მე, საერთოდ, ვთვლი, რომ, მთლიანობაში, 1989 წლის შემდეგ დემოკრატიულ კაპიტალიზმს საკმაოდ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა ჩინეთის თუ რუსეთის მსგავსი სისტემის - ავტორიტარული კაპიტალიზმის - სახით. ის დასავლეთში ხალხს არ მოსწონს, მაგრამ მისი მომხრეა ბევრი ადამიანი განვითარებად ქვეყნებში. ასე რომ, ბოლო 20 წელიწადში პირველად გამოგვიჩნდა კონკურენტი.“

საქმე ისაა, რომ საშუალო ფენა, ზოგადად, პირადი თავისუფლების მქონე ადამიანებისგან შედგება, რაც ყველა შრეს - და ამ დამოუკიდებელ შრეს, პირველ რიგში - უნდა ახასიათებდეს. ეს სოციალური და დემოკრატიული სისტემა, რომელსაც ქმნის საშუალო ფენა, დღეს მსოფლიოს ყველაზე თავისუფალი და აყვავებული საზოგადოების მახასიათებელია.
XS
SM
MD
LG