Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში რუსეთის ახალი ელჩის ჩასვლას, შესაძლოა, ახალი დიპლომატიური სკანდალი მოჰყვეს


კიევში რუსეთის ახალი ელჩის ჩასვლას, რაც მომავალ კვირაშია დაგეგმილი, შესაძლოა, ახალი დიპლომატიური სკანდალი მოჰყვეს. გაზეთი ”კომერსანტი” უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვიქტორ იუშჩენკო აპირებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართოს რეკომენდაციით, მიხაილ ზურაბოვისგან რწმუნებათა სიგელების ასლი არ მიიღოს, რადგან ამ დოკუმენტებში უკრაინის პრეზიდენტის სახელი მითითებული არ არის. დიპლომატიური პრაქტიკით, ახალი ელჩი რწმუნებათა სიგელების ასლს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცემს, რაც მუშაობის დე ფაქტოდ, პრეზიდენტისთვის სიგელების გადაცემის შემდეგ კი - უკვე დე იურედ დაწყებას ნიშნავს. იმას, რომ რუსეთის ახალი ელჩის მიერ წარსადგენ დოკუმენტებში უკრაინის პრეზიდენტის სახელი მითითებული არ არის, ვიქტორ იუშჩენკოს ადმინისტრაცია დიპლომატიური ნორმების დარღვევად და მოქმედი პრეზიდენტის დამცირების მცდელობად აფასებს. თავის მხრივ, მოსკოვში ირწმუნებიან, რომ მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებებით ხელმძღვანელობენ, რადგან ახალი ელჩი პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს როგორც წესი, ქვეყანაში ჩასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ გადასცემს, იმ დროისთვის კი, უკრაინას უკვე ახალი პრეზიდენტი ეყოლება. მოსკოვმა კიევში ახალი ელჩის, მიხაილ ზურაბოვის გაგზავნა, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გადაწყვიტა.
XS
SM
MD
LG