Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი ჟენევის დისკუსიისთვის ულტიმატუმებს ამზადებს


დღეს ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ევროკავშირის ელჩი პიერ მორელი, ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ბოლათ ნურგალიევი და გაეროს წარმომადგენელი მარკო ბიენჩინი. მათ შეხვედრა გამართეს პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან ბორის ჩოჩიევთან და მასთან მომავალი შეხვედრის დღის წესრიგი შეათანხმეს. ჩოჩიევმა სტუმრებთან კიდევ ერთი ულტიმატუმი წამოაყენა - მისი თქმით, ვიდრე ქართული მხარე ახალგორის რაიონს ბუნებრივი აირის მიწოდებას არ აღუდგენს, ოსური მხარე სხვა საკითხების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ წინადადებას ჩოჩიევი 28 იანვარს ჟენევაში სხდომის დაწყებისთანავე წამოაყენებს.

ჟენევის მორიგი დისკუსიის წინ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გავრცელდა - რუსული მხარე თბილისსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმებების გაფორმებას და საქართველოს გადაიარაღებასთან დაკავშირებულ საკითხებს კიდევ ერთხელ დააყენებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "იმ პირობებში, როდესაც თბილისიდან საომარი რიტორიკა გრძელდება, როდესაც საქართველოს ხელისუფლებისაგან ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ ფასად აღდგენის თაობაზე გამუდმებით ისმის მოწოდებები, როდესაც ქართული სამხედრო დასწრება იზრდება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან ახლოს მანევრები ხორციელდება, სოხუმისა და ცხინვალისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების შექმნის საკითხი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. ამასთან, რუსული მხარე ყველა პასუხისმგებელ ქვეყანას მოუწოდებს გაიაზროს ის შედეგები, რომელიც, შეიძლება, თბილისისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის "გაუხმაურებელ" მიწოდებას მოჰყვეს.

ამ განცხადებას არასერიოზული და ცინიკური უწოდა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან აღნიშნა, რომ პირველ რიგში რუსებმა საკუთარი შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან უნდა გაიყვანოს და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება ამ საკითხებზე მოლაპარაკებას აზრი. რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებას, იაკობაშვილის თქმით, ქართული არმიის მანევრებს და გადაადგილებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკვირდება.

ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი 28 იანვარს გაიმართება. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკება რთული იქნება. მხარეები სხვა საკითხებთან ერთად ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს დაკავებულ და დაკარგულ პირთა პრობლემის მოგვარების საკითხსაც დააყენებენ.
XS
SM
MD
LG