Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 22 იანვარი 2010

  • ნიკო ნერგაძე

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები და იქ ქართველი დამკვირვებლების ჩასვლა ქართულ პრესაში კვლავინდებურად ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. ”ვინ იყვნენ 17 იანვარს საქართველოდან უკრაინაში ჩასული პირები, ვისგან დაფინანსდნენ და რა უნდოდათ ამ რაოდენობით უკრაინაში - ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს”, - წერს ”რეზონანსი” სტატიაში, რომლის სათაურიცაა ”ვინ წავა საქართველოდან უკრაინის არჩევნების მეორე ტურზე”.

აქვე წაიკითხავთ სტატიას იმის შესახებ, რომ უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც, როგორც ისინი ამტკიცებენ, გივი თარგამაძე ვინმე კონსტანტინეს ელაპარაკება, ნახსენები პირები გია და ლაშა, შესაძლოა, უკრაინაში მყოფი ქართველი კანონიერი ქურდები იყვნენ. გია ხმელიძე, იგივე ხმელო, და ლაშა შუსანაშვილი რუსთაველები არიან და დონეცკში დიდი გავლენით სარგებლობენო, წერს ”რეზონანსი”. ”ხმელო დონეცკში საწარმოებს აკონტროლებს და კარგი კავშირები ჰქონდა ”იაპონჩიკტან”, ახლა კი ”ურალმაშში” კახა ბენდუქიძის კუთვნილ წილს აკონტროლებს”, - წერს ”რეზონანსი”.

”ვერსია” წერს სკოლებში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ: იქ სპეციალური ტერმინალები დაიდგმება და ბუფეტებში მოსწავლეები ნაღდ ფულს აღარ გადაიხდიანო. ”ელექტრონული ბარათებისა და ტერმინალების აჯაფსანდალი” ბენდუქიძე-გურგენიძის კუთვნილი ”სახალხო ბანკისთვის” კეთდებაო, - წერს ”ვერსია”.

”ახალ თაობაში” წაიკითხავთ ინტერვიუს ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძესთან. ”ზურაბ ნოღაიდელს პატივს ვცემ თუნდაც იმიტომ, რომ იმას აკეთებს, რისი სურვილიც ჰქონდა, ამ შემთხვევაში - ღიად დაესახელებინა თავისი საგარეოპოლიტიკური პარტნიორი”, - ამბობს ის და ამატებს: ”ყველას არ ეყო ამის ვაჟკაცობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ჰქონდა ცდუნება რუსეთში ევლო.”

”საქართველოს რესპუბლიკაში” წაიკითხავთ ინტერვიუს მწერალ ჭაბუა ამირეჯიბთან. ”ჩვენი უბედურება ერთობლივი ეროვნული მიზნის უქონლობაა, მიზნისა, რომელიც შეკრავდა, გააერთმთლიანებდა და გააერთმიზნიანებდა ქართველ ერს”, - უთხრა მწერალმა ”საქართველოს რესპუბლიკას”.

”24 საათი” ოსკარების უცხოენოვანი ფილმების ნომინაციის ნახევარფინალზე წერს. კინოაკადემიამ 9 ფილმი შეარჩია, რომელთაგანაც ბოლოს 5 დარჩება და ამ 9-ში გიორგი ოვაშვილის ”გაღმა ნაპირი” ვერ აღმოჩნდაო. ”ეს ნამდვილად მოსალოდნელი იყო, რადგან ის, რაც ჩვენ გვაღელვებს, სულაც არ ნიშნავს, რომ უცხოელებსაც აუტოკებს გულს. ხოლო ის, რაც ჩვენ საუკეთესო გვგონია, სხვებისთვის დიდი ხანია განვლილი ეტაპია”, - წერს ”24 საათი”.
XS
SM
MD
LG