Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტი დსთ-ის საპარლამენტო ასამბლეასაც გამოეთიშა


დსთ-ისა და წევრი სახელმწიფოების დროშები

დსთ-ისა და წევრი სახელმწიფოების დროშები

22 იანვრიდან საქართველოს პარლამენტი დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრად აღარ ჩაითვლება. სწორედ 22 იანვარს ამოიწურა 6-თვიანი ვადა, რომელიც საქართველოს მხრიდან ასამბლეაში შესული შესაბამისი განაცხადის დაკმაყოფილებას დასჭირდა, - ამ შინაარსის განცხადება 21 იანვარს გააკეთა დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა. დსთ-ს დატოვების ცალკეული ეტაპის ფორმალური პროცედურები თბილისის ყურადღებას ვერ იმსახურებს, რადგანაც მთავარი გადაწყვეტილება - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვების თაობაზე საქართველომ 2008 წლის აგვისტოში მიიღო. რუსეთის სამხედრო აგრესიის კვალდაკვალ მიღებული გადაწყვეტილების ერთი წლის თავზე საქართველო დსთ-დან გამოსულად ჩაითვალა, თუმცა ქვეყანა კვლავ ინარჩუნებს ვალდებულებას ორგანიზაციის ფარგლებში გაფორმებული ცალკეული ხელშეკრულებების მიმართ.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვების პროცესის ცალკეულ ეტაპებზე საუბარს თბილისი აბსოლუტურად აზრსმოკლებულად მიიჩნევს და ასეა ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის შემთხვევაშიც. რადიო თავისუფლების შეკითხვაზე - რას ნიშნავს საქართველოსთვის დსთ-ის საპარლამენტო ასამბლეის დატოვება და რა ეტაპზეა ამჟამად ქვეყნის მიერ ორგანიზაციის დატოვების პროცესი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიგა ბოკერიას მოკლე პასუხი აქვს და იქვე მიზეზსაც განმარტავს:

”ეს არ ნიშნავს არაფერს არსებითს... იმიტომ რომ გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მიერ იქნა მიღებული, არის საბოლოო. და ამის შემდეგ, თვითონ დსთ-ს როგორ აქვს გაწერილი ამა თუ იმ თავის სტრუქტურაში პროცედურები და როდის ჩათვლიან ისინი საქართველოს ”გასულად”, ამას ჩვენთვის არანაირი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ რუსეთის ბოლო და ყველაზე უფრო ღია და მასშტაბური აგრესიის შემდეგ (თუმცა ეს აგრესია, გარკვეული თვალსაზრისით, დღესაც გრძელდება, რადგანაც გრძელდება ოკუპაცია) და ამის შემდეგ საქართველოსთვის ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.”

როდესაც საქართველომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყანას ჯერ ისევ ბომბავდა რუსეთის ავიაცია. 12 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ათობით ათას ადამიანს საქართველოს პრეზიდენტმა პირადად მიმართა და უთხრა, რომ საქართველო ტოვებს დსთ-ს და ამით ”საბოლოოდ ემშვიდობება საბჭოთა კავშირს.” 2 დღის შემდეგ საქართველოს პარლამენტმაც მიიღო შესაბამისი დადგენილება, რომელსაც დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტში განცხადება 2008 წლის 18 აგვისტოს შეიტანა და პროცედურით გათვალისწინებული ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2009 წლის 18 აგვისტოს, საქართველო დსთ-დან გამოსულად გამოცხადდა.

მიუხედავად ამისა, 1969 წლის ვენის კონვენციის შესაბამისად, საქართველოსთვის კვლავ მოქმედებს დსთ-ის ფარგლებში გაფორმებული მრავალმხრივი ხელშეკრულებები, მათ შორის, უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. გიგა ბოკერიას თქმით, საქართველო დსთ-ის სივრცეში დარჩენილი მეგობარი ქვეყნების წინაშე აღებული ორმხრივი ვალდებულებების ერთგულებას განაგრძობს. ”ჩვენ გვაქვს ერთი და ფუნდამენტური პრობლემა დსთ-ის მხოლოდ ერთ წევრ ქვეყანასთან და ეს არის რუსეთი”, - უთხრა გიგა ბოკერიამ რადიო თავისუფლებას.

დსთ-ის დატოვებას ორგანიზაციის სივრცეში შემავალ მეგობარ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა რომ არ მოუხდენია, ამას პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძეც ადასტურებს. ექსპერტი ამბობს იმასაც, რომ ”დსთ-ს დატოვებას საქართველოსთვის რაიმე უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგი არ მოუტანია”, საქართველოს პრაქტიკულად არაფერი დაუკარგავს და, მით უმეტეს, ”აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამ ორგანიზაციაში საქართველოს დარჩენას აღარანაირი აზრი აღარ ჰქონდა.”

”ფაქტიურად, აზრი დაეკარგა დსთ-ის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციას აფხაზეთში. აგვისტოს ომმა პრაქტიკულად დაანგრია მოლაპარაკებისა და სამშვიდობო ოპერაციის ყველა ის ფორმატი, იქნებოდა ეს სამხრეთ ოსეთში თუ აფხაზეთში, ეუთოს თუ გაეროს ეგიდით. და რადგან ეს მექანიზმები მოიშალა, აზრი აღარ ჰქონდა ამის გამო დსთ-ში დარჩენას. სხვა მოტივაცია კი ამ ორგანიზაციაში დარჩენის ისედაც აღარ ჰქონდა საქართველოს”, - ასეთია არჩილ გეგეშიძის მოსაზრება.

დსთ-დან საქართველოს გამოყვანას ოპოზიციური ძალები ხელისუფლებას გაცილებით ადრეც ურჩევდნენ. ბოლო ასეთი ხმაურიანი შეთავაზება ხელისუფლებამ 2006 წელს მიიღო, როდესაც წინა მოწვევის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ, ”დემოკრატიულმა ფრონტმა”, პრაქტიკულად კენჭისყრამდე მიიტანა შესაბამისი პროექტი, თუმცა კენჭისყრა არ შედგა. იდეის მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ საქართველოს, დსთ-დან გამოსვლის გადაწყვეტილებით, იმხანად აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების საკითხის ეფექტიანად დაყენებაც შეეძლო, 2008 წელს მიღებულმა დაგვიანებულმა გადაწყვეტილებამ კი საქართველოს ვერანაირი სარგებელი ვეღარ მოუტანა.

თუმცა, მაგალითად, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძისთვის დსთ-ს აგვისტოს ომამდე დატოვება საკმაოდ აშკარა საფრთხეს უკავშირდებოდა. ექსპერტი საუბრობს საფრთხეზე და ”დასაკარგის შიშზე”, რომლის გამოც საქართველო დსთ-ს შემადგენლობაში იძულებით ჩერდებოდა. აგვისტოს აგრესიამ კი ეს შიშიც გააქრო:

”ქვეყანა, რომელმაც აფხაზეთის ომი 90-იან წლებში მოგიწყო იმ მიზნით, რომ მერე დსთ-ში შეეყვანე, თუკი დსთ-დან გამოხვიდოდი, კიდევ რაღაცას მოგიწყობდა... აგვისტოს აგრესიით კი რუსეთმა პრაქტიკულად აღარ დაგიტოვა შიშიც კი, რადგან ამის შემდეგ დსთ-დან გამოსვლას იმაზე უარესი ვეღარაფერი მოჰყვებოდა, ვიდრე რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიაა. ამდენად, დასაკარგი უკვე აღარაფერი იყო...”

დსთ-ს შემადგენლობაში საქართველომ თითქმის 15 წელი დაყო, თუმცა უკანასკნელი სამი-ოთხი წლის განმავლობაში მისი წევრობა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. საქართველოს ხელი არ მოუწერია არც ერთი პრინციპული დოკუმენტისათვის - მათ შორის, არც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებისათვის.
XS
SM
MD
LG