Accessibility links

logo-print

გია ჭანტურია: პირველი არხისთვის დახურული თემები არ არსებობს


გია ჭანტურია, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი

გია ჭანტურია, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი

მიმდინარე კვირაში პრაღაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, გია ჭანტურია. ჩვენმა კორესპონდენტმა, სალომე ასათიანმა, მას რამდენიმე შეკითხვით მიმართა:

რადიო თავისუფლება: როგორც ხელმძღვანელს ამ კორპორაციისა, როგორ გესახებათ სახელმწიფო მაუწყებლობიდან საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე გადასვლა? პირველ რიგში - პროგრამული თვალსაზრისით?

გია ჭანტურია: მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გარდასახვა პირველ რიგში ითხოვს გარკვეულ სტრუქტურულ ცვლილებებს. ყველა ხელმძღვანელმა სცადა დაეწყო პროგრამული ნაწილით, მაგრამ თუ სტრუქტურა, სისტემა, მენეჯმენტის ხედვა არ შეიცვალა [არაფერი გამოვა]. საზოგადოებიდანაც არასწორი მოთხოვნაა - საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ითხოვენ იგივეს, რასაც კომერციული არხებისგან.

რადიო თავისუფლება: ასეა ნამდვილად? მე ხშირად მესმის საპირისპირო კრიტიკა, რომ პირიქით, თითქოს არაფრით არ განსხვავდება პირველი არხის მაუწყებლობა სხვა ტელეარხების საინფორმაციო გადაცემებისგან. ამას ერთვის ისიც, რომ ცნობილია თქვენი პირადი პოზოცია და სიმპატიებიც ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ. თუმცა ეს ალბათ ყველა ჟურნალისტის პრობლემაა, უპოზიციო არავინაა.

გია ჭანტურია: არ მეგულება ადამიანი დრევანდელ საქართველოში, ცხოვრების მანძილზე თავისი გარკვეული პოზიცია რომ არ დაეფიქსირებინოს.

რადიო თავისუფლება: ეს არ უნდა აისახოს საქმეზე, თორემ პოზიცია ყველას აქვს.

გია ჭანტურია: მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ - თქვენ რომ ნახოთ საინფორმაციო გამოშვებები ერთი წლის წინ როგორი იყო პირველ არხზე და დღევანდელი, ეს არის რადიკალურად განსხვავებული, თუნდაც თემები, თუნდაც გაშუქების სტილი...

რადიო თავისუფლება: რამდენად აქტიურად ხართ ჩართული ”მოამბეში”?

გია ჭანტურია: საკმაოდ აქტიურად.

რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ გაიხსენოთ ხელისუფლებიდან წამოსული რომელიმე ინიციატივა, რომელიც კრიტიკულად გაშუქდა?

გია ჭანტურია: ცალკეული შემთხვევები ბევრი არსებობს. შემიძლია ვთქვა, რომ ბალანსი ყველაზე მეტად დაცული ჩვენს არხზე არის. ჩვენ საერთოდ მძაფრ შეფასებებს ვერიდებით, მუდმივად, ნებისმიერ მხარეს. საერთოდ, საქართველოში ჟურნალისტიკა რომ გასაზრდელია - ბოდიში, ასეთ ტერმინს რომ ვხმარობ - ეს ფაქტია. ჩვენ ამიტომაც, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირის ეგიდით - ბიბისის დაევალა ჩვენთან თანამშრომლობა. ჩვენ ჩავატარეთ ტრენინგები, თუმცა ძალიან რთულ პერიოდში, აპრილში, როდესაც პიკეტის ქვეშ ვიყავით. არნახულ შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩვენს თანამშრომლებს. მაშინ შეფერხდა ეს პროცესი, თუმცა...

რადიო თავისუფლება: მაშინ ოპოზიციას ჰქონდა პრეტენზიები აქციების გაშუქებასთან დაკავშირებით.

გია ჭანტურია: ჰო, მაგრამ ეს იყო აბსოლუტურად არასწორი. ჩვენ პირნათლად ვასრულებდით იმ სქემას, რაზეც ვიყავით შეთანხმებული.

რადიო თავისუფლება: საერთოდ, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ოპოზიციასთან, თუნდაც ხელისუფლებასთან შეთანხმება - რა როგორ უნდა გაშუქდეს? ბევრი საუბრობს ბორდის დაკომპლექტების წესზეც - კვოტებზე. ამ პირობებში, რამდენად შესაძლებელია მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა პოლიტიკური პროცესებისგან, თუკი ყველაფერი გარიგებებით უნდა იქნას მიღწეული?

გია ჭანტურია: არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელსაც არ ჰქონდეს სურვილი ზეგავლენა მოახდინოს მედიაზე - არც ერთ ქვეყანაში, ყველაზე დემოკრატიულშიც კი. მთავარია, ზუსტად ის, თუ რამდენად მდგრადები არიან ამის წინააღმდეგ ჟურნალისტები.

რადიო თავისუფლება: დაახლოებით ერთი წლის წინ [როცა არხის გენერალური პროდიუსერი იყავით] თქვენ, ბევრის აზრით, დისკრიმინაციული განცხადებებით გამოხვედით და არაერთი ადამიანის გაღიზიანებაც გამოიწვიეთ. ჟურნალ ”ცხელი შოკოლადის” მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე დაგისვეს კითხვა ტოლერანტობის შესახებ - გკითხეს მრავალფეროვნების განვითარებაზე.

გია ჭანტურია: არა, მსგავსი რამ არ ყოფილა.

რადიო თავისუფლება: ჯერ, თუ შეიძლება, მსმენელს შევახსენოთ რაში იყო საქმე. თქვენ მათ შეკითხვა დაუბრუნეთ - იკითხეთ, "უნდა იყოს თუ არა ტოლერანტობა პრიორიტეტიო“ - და თქვით, რომ კორკოტა - მაშინ ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი - როცა იტყვის, ჩემი მეზობელი ვანია პეტროვი ჯიგარი ბიჭი იყო, ეს უკვე საკმარისი ხელშეწყობაა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნებისა. ასევე, კითხვა დასვით - უნდა გამოჩნდეს თუ არა ხეიბარი ტელეეკრანზე? თქვით - ეთერი ვის დავუთმო - პიდარასტებს? ”"პიდარასტი” - ეს ტერმინი გამოიყენეთ.

გია ჭანტურია: კი, ეგ ტერმინი გამოვიყენე. მე ამისთვის ბოდიშიც მოვიხადე, მაგრამ აბსოლუტურად სხვა კონტექსტი იყო.

რადიო თავისუფლება: თქვენს განცხადებას საქართველოში არ მოჰყოლია სათანადო გამოხმაურება, ალბათ იმის გამო, რომ საზოგადოება არის დიდწილად ჰომოფობიური და არ არის მგრძნობელობა ჯერჯერობით გამახვილებული სოციალურად დაუცველი ჯგუფებისა და უმცირესობების მიმართ. მაგრამ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, ალბათ დამეთანმებით, სავარაუდოდ, ასეთ განცხადებებს მოყვებოდა თანამდებობიდან გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობის წარმომადგენლისა. ახლაც ასე ფიქრობთ - რომ ტოლერანტობა და მრავალფეროვნება არ არის პრიორიტეტი?

გია ჭანტურია: იქ იყო სხვა თემაზე საუბარი აბსოლუტურად, კონტექსტიც სხვა იყო, რომელშიც ვიხმარე. მე საჯაროდაც ვთქვი, რომ ჩემგან საკმაოდ არაკორექტული იყო ამ ტერმინის, საერთოდ, ხმარება. მაგრამ, იგი, აბსოლუტურად სხვა კონტექსტში იყო.

რადიო თავისუფლება: რა კონტექსტში იყო?

გია ჭანტურია: საუბარი იყო ხალხთან, რომელთაც, ჩემი აზრით, ტელევიზიასთან შეხება არასოდეს ჰქონიათ, და ისინი ითხოვდნენ ცალკე გადაცემას ტოლერანტობაზე, და მე მაგალითისთვის მოვიყვანე, რომ შეიძლება ტოლერანტობა არ იყოს ერთი გადაცემის თემა და სხვა გადაცემებში შეიძლება გაჟღერდეს ისეთი მომენტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ტოლერანტობას. ასე რომ, მაგალითად კორკოტას მოვიყვანდი თუ სხვა ვინმეს, ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩანაწერი და იმის მიხედვით ისაუბროთ. იქ შეკრებილი ადამიანები ამბობდნენ: თუ გადაცემა არის ხეიბარზე - წამყვანი უნდა იყოს ხეიბარი. რაღაც მსგავსი იდეა გააჟღერეს. ამან, რა თქმა უნდა, ჩემი გაღიზიანება გამოიწვია.

რადიო თავისუფლება: ახლაც ასე ფიქრობთ, რომ არ შეიძლება ფიზიკურად უნარშეზღუდულმა პირმა გადაცემა წაიყვანოს?

გია ჭანტურია: რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ეს არ არის იმის პირობა, რომ მაინცდამაინც სოციალურად გაჭირვებულმა ადამიანმა სოციალურად გაჭირვებულებზე წაიყვანოს გადაცემა.

რადიო თავისუფლება: იქ ამაზე არ არის საუბარი.

გია ჭანტურია: ზუსტად ამაზეა საუბარი... მე მესმის თქვენი ღირებულებები - გინდათ რომ ისინი უფრო მეტად წარმოაჩინოთ...

რადიო თავისუფლება: ეს ჩემი ღირებულებები არ არის - ისინი გაწერილია საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ მისიაში.

გია ჭანტურია: თქვენ უნდა მოისმინოთ ის ჩანაწერი და გააკეთოთ დასკვნები. ჟურნალში ვინ რა დაწერა - ეს არ არის წყარო. მე არანაირი მსგავსი განცხადებები იქ არ გამიკეთებია. რაც შეეხება ტერმინს, რა თქმა უნდა, როცა ჩამონათვალი იყო ძალიან ბევრი, მე ვთქვი ეს ტერმინი, და მე ამის გამო ბოდიში მოვიხადე.

რადიო თავისუფლება: საერთოდ, როგორ გესახებათ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობა? ეს ხომ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი პრიორიტეტი.

გია ჭანტურია: თუკი ჩვენ ამას ვალის მოხდის მიზნით გავაკეთებთ, კი ბატონო, შეგვიძლია ცალკე გავაკეთოთ "გადაცემა ტოლერანტობაზე". მაგრამ მერწმუნეთ, ის ვერ იქნება ყურებადი, აქტუალური. მე ვფიქრობ, მრავალფეროვან გადაცემთა სპექტრში, თითოეულ მათგანში უნდა იყოს ჩადებული ამ ღირებულების მატარებელი ელემენტები. მაგალითად, ერთ სერიალში, რომელსაც ვგეგმავთ, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი არის მიჯაჭვული სკამზე. ეს არის სამხედრო სერიალი და ძალიან საინტერესოა ამ ადამიანის ბედი, რომ შეუძლია ასეთ ადამიანს სხვებზე მეტი და აკეთებს ბევრ და დიდ საქმეს.

რადიო თავისუფლება: წინა ხელმძღვანელის დროს ბევრი აკრიტიკებდა ტელევიზიას ფსევდოოპტიმისტური მუხტის გამო. შეიქმნა გასართობი გადაცემები, პოპულარულ ადამიანებზე... თითქოს იყო მცდელობა იმისა, რომ ომით დამძიმებული ცუდი განწყობა შეემსუბუქებინათ. რამდენად სწორად გესახებოდათ ეს პოლიტიკა მაშინ? აპირებთ თუ არა ამის შეცვლას ცოტათი და უფრო გასერიოზულებას?

გია ჭანტურია: პრინციპში, ის გადაცემები, რომლებიც მიმდინარეობდა 2008 წელს და 2009 წლის დასაწყისში, პრაქტიკულად არცერთი არ დარჩენილა რამდენიმეს გარდა. ერთი არის „წითელი ზონა“, რომელიც აღვადგინეთ გარკვეული პაუზის შემდგომ, და რამდენიმე ისეთი პროექტი, რომელიც უბრალოდ გაგრძელდა.

რადიო თავისუფლება: ანუ არ ეთანხმებოდით იმ პოლიტიკას?

გია ჭანტურია: გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, არა. თუმცა იყო პროექტები, რომლებსაც თავიდანვე ვეთანხმებოდი და ძალიან მომწონდა. თუმცა მათი განხორციელება არ მოხდა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო.

რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ, დაგვისახელოთ?

გია ჭანტურია: იგივე „დიდი ათეული“, მაგალითად, შესაძლებელი იყო, რომ გაცილებით კარგად განხორციელებულიყო. თუმცა მიეცათ საშუალება გარკვეულ პოლიტიკოსებს, თავიანთი „ინტელექტი“ წარმოეჩინათ მაყურებლის წინაშე, რაც, ჩემის აზრით, არასწორი იყო.

რადიო თავისუფლება: აქ ეკლესიის პოზიციამაც გაართულა გადაცემა...

გია ჭანტურია: რა თქმა უნდა ეს ძალიან რთული თემა იყო. მე მგონია, რომ ეს ძალიან სერიოზული გამოცდა იყო მაშინ, სხვათა შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. საკმაოდ სეროიზული გამოცდა იყო.

რადიო თავისუფლება: როგორ გესახებათ - რახან ამ თემას შევეხეთ - შეიძლება პირველ არხზე როდესმე ვიხილოთ ანალიტიკური გადაცემა, თუნდაც კრიტიკული გადაცემა, მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ?

გია ჭანტურია: მე არ ვიცი, თქვენ რამდენად უყურებთ - ამის ფაქტები უკვე ძალიან ბევრი არსებობს. იგივე ეკა კვესიტაძესთან, იგივე დავით პაიჭასესთან ტოკშოუში ამ თემებმა გაიჟღერა და საკმაოდ მძაფრად და საინტერესოდ. არ არსებობს თემა პირველი არხისთვის, არ არსებობს თემა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რომელიც შეიძლება იყოს დახურული. თუ რანაირად და როგორ უნდა გაშუქდეს ეს ყველაფერი, ეს, რა თქმა უნდა, მარტო ხელმძღვანელობის გადასაწყეტი არ არის. ეს თავად იმ ჟურნალისტებთან და რედაქციებთან ერთად საფიქრალი და ერთად გასაკეთებელია.

რადიო თავისუფლება: კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა - ამაზეც ბევრი ითქვა თავის დროზე - ტენდერების თემა წინა ხელმძღვანელის დროს. შევახსენოთ მსმენელს, რაში იყო საქმე: 800 ათას ლარზე მეტი დაკვეთა შეუვიდა TBC TV-ს სტუდიას პირველი არხისგან იმ დროს, როდესაც ბატონი ლევან ყუბანეიშვილი იყო ყოფილი დირექტორი TBC TV სტუდიისა, და ის თავად გახლდათ სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.

გია ჭანტურია: კი, ბატონო, ეს ძალიან სამწუხარო და ცუდი ფაქტი იყო.

რადიო თავისუფლება: ... თქვენი აზრით, იყო თუ არა ეს ინტერესთა კონფლიქტი?

გია ჭანტურია: რა თქმა უნდა ეს იყო ინტერესთა კონფლიქტი. თუმცა მაშინვე აღიძრა ამაზე სასამართლოში საქმე. სულ ახლახან, ორი კვირის წინ, იყო სასამართლოს გადაწყვეტილება ამის შესახებ, რომ, რა თქმა უნდა, იქ იყო დარღვევა.

რადიო თავისუფლება: თქვენც ხომ იყავით იმ კომისიაში - სატენდერო კომისიაში?

გია ჭანტურია: არა... კომისია ორ ნაწილად იყოფა. მე მყავდა ჩემი ჯგუფი, ექსპერტთა ჯგუფი იყო, რომელიც აფასებდა წინასწარ ამა თუ იმ გადაცემის შინაარსობრივ ნაწილს.

რადიო თავისუფლება: ანუ უნდა დადგეს წინა ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი, თქვენი აზრით?

გია ჭანტურია: ეს ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, თუმცა ის, რომ ამაზე უკვე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ეს უკვე ფაქტია და მან ცნო, რომ აქ იყო ინტერესთა კონფლიქტი.

რადიო თავისუფლება: როგორც ვიცი, თქვენი ყოფილი სტუდიაც იყო ერთ-ერთი დაფინანსებული სტუდია, „ქართული ანიმაციური სტუდია“. მან დაახლოებით ოთხასი ათასი ლარი...

გია ჭანტურია: არა, მაგდენი არ იყო, ზუსტად ციფრს ვერ გავიხსენებ...

რადიო თავისუფლება: ესეც შევახსენოთ მსმენელს, რომ სამი წლის განმავლობაში არ უნდა მუშაობდეს დაინტერესებული პირი, რომელიც იღებს თანხას და დაკვეთას. ლევან ყუბანეიშვილის შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა და თქვენს შემთხვევაში?

გია ჭანტურია: ოთხი წლის წინ, სანამ მე მივიდოდი იმ არხზე, მე ამ ორგანიზაციასთან კავშირი გავწყვიტე. თუმცა, მოდით, ასე ვთქვათ, რომ ერთადერთი გადაცემა, რომელიც ტენდერის დროს დაიხურა, ეს იყო ახალგაზრდული ტოკშოუ, რომელსაც ზუსტად ეს სტუდია აკეთებდა.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება „პირველ კავკასიურს“. ვინ და რატომ გადაწყვიტა ამ მაუწყებლობის დაწყება და ვინ არის ამ ტელევიზიის სამიზნე აუდიტორია?

გია ჭანტურია: კი ბატონო. პირველ რიგში - ვინ და როგორ. მე შევედი ბორდში გარკვეული ინიციატივით მას მერე, რაც დავინიშნე...

რადიო თავისუფლება: ანუ ეს იდეა თქვენია?

გია ჭანტურია: ინიციატივა ჩემია. ბორდმა მომიწონა და დამავალა, რომ ამ მიმართულებით მემუშავა. ჩვენ ვიმუშავეთ გარკვეულწილად და რაღაც პირველადი ეთერი გავაკეთეთ.

რადიო თავისუფლება: ვინ არის ამ არხის აუდიტორია?

გია ჭანტურია: აუდიტორია არის პრაქტიკულად მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე, ყველა, ვინც ფლობს რუსულ ენას. რამდენიმე მიზანს ისახავს ის. ერთი, რომ გარკვეულწილად ვისაუბრობროთ საქართველოზე და მოვუყვეთ, რა ხდება, როგორ ხდება. მოვუყვეთ კარგი, ასევე, თავისთავად, ცუდიც. იმიტომ, რომ დღესდღეობით პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოზე პრაქტიკულად ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია არსებობს. ჩემი აზრით, ეს ძალიან პერსპექტიული არხია - თუმცა ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ ის შედგა, სამუშაო კიდევ ბევრია. ვფიქრობ, ასეთი რეგიონალური მაუწყებლის გარკვეული სტატუსის შეძენა ძალიან დაეხმარება საქართველოს, რომ თავად განავითაროს სიტყვის თავისუფლება კიდევ უფრო მეტად.

რადიო თავისუფლება: რა ჯდება წელიწადში ეს მაუწყებლობა?

გია ჭანტურია: სახელფასო ფონდი, თუ არ ვცდები, დაახლოებით არის შვიდასიათას ლარამდე და პლიუს ამას კიდევ დამატებული გარკვეული ხარჯი, რომელიც ახალ პროექტებს დასჭირდება.

რადიო თავისუფლება: ეს პირველი არხის დაფინანსებას ჩამოეჭრება?

გია ჭანტურია: იცით რა არის? მოდით, ასე ვთქვათ - ჩვენ ამ არხთან დაკავშირებით გარკვეული კომერციული ინტერესიც გვაქვს.

რადიო თავისუფლება: თუმცა დასაწყისისთვის პირველი არხის დაფინანსება იყოფა? დავაკონკრეტოთ...

გია ჭანტურია: ჩავთვალოთ, რომ ეს არის გარკვეული ინვესტიცია. თუმცა თუ აქამდე პირველი არხის არასაბიუჯეტო შემოსავლები იყო მაქსიმუმ მილიონ 700 ათასი ლარი, წელს ჩვენ უკვე დაახლოებით 8 მილიონს ვგეგმავთ. ისე რომ, სწორი ადმინისტრირების პირობებში ნურავის ნუ დაწყდება გული, რომ „პირველი კავკასიურისთვის“ გარკვეული თანხა დაიხარჯება, თუ ჩვენ ერთისამად და ერთიოთხად გავზრდით შემოსავალს.

რადიო თავისუფლება: ალბათ გაჩნდება შეკითხვა: რამდენად მართებულია, როცა თვითონ პირველი არხი ავარიულ შენობაშია, პროგრამები მისახედია, ტექნიკურად ჩამორჩენილია... კიდევ ახალი მაუწყებლობის დაწყება ამ პირობებში არის თუ არა მართებული?

გია ჭანტურია: იცით, ეს მენეჯერის გადაწყვეტილებაა და მე ვფიქრობ, რომ ასე უფრო იოლად შევძლებთ ახალ შენობაზე ზრუნვასაც.

რადიო თავისუფლება: და რით მიიზიდავს არხი ამხელა აუდიტორიას?

გია ჭანტურია: სიმართლით. ერთადერთი, ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის სიმართლე.

რადიო თავისუფლება: როგორც ადამიანს, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი იყო თავის დროზე პოლიტიკურ სატირაში და იყო ავტორი საეტაპო მულტსერიალისა „დარდუბალა“, როგორ გესახებათ ამ ჟანრის მდგომარეობა დღეს?

გია ჭანტურია: მე ვთვლი, რომ დღესდღეობის სოციალური ჟანრის მსგავსი პროექტები უფრო საინტერესოა. თუმცა მცდელობა ჰქონდათ სხვა არხებს და არა მგონია, მათ კარგად გამოუვიდათ.

რადიო თავისუფლება: რატომ? რატომ იყო მაშინ პოლიტიკური სატირა ასე საჭირო და ახლა - სოციალური?

გია ჭანტურია: მაშინ უფრო სხვა სიტუაცია იყო. თანაც პირველი იყო და ჰქონდა რეიტინგი. მას შემდეგ რამდენიც არ იყო მცდელობა მსგავსის კეთების, სამწუხაროდ, არცერთი არ გამოდგა წარმატებული. ე.ი. რაღაცეები იცვლება ხალხში. ის პირველი იყო, „დარდუბალა“. მაშინ ძალიან სხვა სიტუაცია იყო, თქვენ კარგად გახსოვთ. დღეს მსგავსი კრიტიკა არავის არ უკვირს. ამ მიმართულებითაც ვგეგმავთ გარკვეულ პროექტებს. რა თქმა უნდა, სატირა, ოღონდ ცოტა უფრო ფართო მასშტაბით - არა კონკრეტულად პოლიტიკოსებზე, არამედ ცხოვრების სტილზე, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის პრობლემა.

რადიო თავისუფლება: წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა.

ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ საქართველოში რამდენიმე საჯარო პირმა გააკრიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებელი იმის გამო, რომ მან უყურადღებოდ დატოვა უკრაინული გამოცემა "კომერსანტის" მიერ გავრცელებული სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები. „კომერსანტის“ მტკიცებით, ერთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე ვინმე კონსტანტინეს ესაუბრება; მეორე ჩანაწერში კი, გამოცემის თანახმად, თარგამაძის თანამოსაუბრეა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. უცენზურო გამოთქმებისა და მუქარის შემცველი საუბრები უკრაინის არჩევნებს ეხება. ჩვენ დავუკავშირდით გია ჭანტურიას და განმარტება ვთხოვეთ. მან გვითხრა, რომ პრაღაში ყოფნისას სათანადოდ ინფორმირებული არ იყო, თუმცა თბილისში დაბრუნებისთანავე გაერკვეოდა საქმის ვითარებაში და გადაწყვეტილებას, რა და როგორ გააშუქოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ამის შემდეგ მიიღებდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG