Accessibility links

logo-print

დალი ხომერიკი: მოსწავლეები რუსმა სამხედროებმა დააკავეს და არა აფხაზებმა


აფხაზეთში ქართული სკოლის მოსწავლეები

აფხაზეთში ქართული სკოლის მოსწავლეები

28 იანვარს ჟენევაში კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილი მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდი გაიმართება. დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დელეგაცია, რომელშიც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეც შედის, შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ საკითხებზე ისაუბრებს. მათ შორის მთავარი თემა იქნება 20 იანვარს რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ საბერიოდან წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშის სკოლაში მომავალი მოსწავლეების შეფერხება, - ამბობს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განათლების მინისტრი დალი ხომერიკი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებას პირადად ვერ დაესწრება. იგი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასევე აღნიშნავს: ”მიუხედავად იმისა, რომ თბილისის დელეგაციამ ოთხშაბათს, გალში გამართული ხუთმხრივი შერეული შეხვედრისას, ოკუპირებულ სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ე.წ. საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთაზე პირობა მიიღო, ჟენევის მოლაპარაკება კიდევ ერთი საშუალებაა ამაზე ღიად სასაუბროდ, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებმა შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

რაც შეეხება მოსწავლეებს, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ოთხშაბათს საბერიო-ფახულანის ე.წ. საზღვართან არ გამოატარეს, დევნილი მთავრობის განათლების მინისტრმა იმავე დღეს ზუგდიდში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საბერიოელი მოსწავლეები აფხაზმა სამხედროებმა დააკავეს და დღის მეორე ნახევრისთვის გაათავისუფლეს. ”12 ბავშვის დაკავება ე.წ. საზღვარზე მოხდა და ისინი ფახულანის სკოლაში არ გამოუშვეს, მაგრამ მათი გათავისუფლება ორგანიზაციების ჩარევის შემდეგ მოხერხდა”, - ამბობს ხომერიკი.

დღეს კი დალი ხომერიკმა რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ მოსწავლეები რუსმა სამხედროებმა დააკავეს და არა აფხაზებმა. ”აფხაზები რომ ყოფილიყვნენ, იქ აღშფოთდებოდნენ კიდევაც.”

დევნილი მთავრობის განათლების მინისტრის განცხადებით, გალში გამართულმა ხუთმხრივმა შეხვედრამ შედეგი გამოიღო, რადგან მსგავსი ფაქტი მას მერე არ მომხდარა.
XS
SM
MD
LG