Accessibility links

logo-print
23 აგვისტო, კვირა
კვირადღეა. ერთადერთი თავისუფალი დღე, როდესაც ოჯახის წევრებისთვის ვიცლი და არსად მეჩქარება. თუმცა, არის გამონაკლისებიც. დღეს სახლში დავისვენე, არსად გავსულვარ. დედაჩემმაც მთელი კვირის განმავლობაში დაგროვილი ამბები მომიყვა. საღამოს მეგობრებს შევხვდი. კიდევ ერთხელ მომიწია მათი საყვედურების მოსმენა, რომ დავიკარგე და მათთვის ისე ხშირად ვეღარ ვიცლი. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ძველი ამბები და კვირა დღემაც ასე გაირბინა.

24 აგვისტო, ორშაბათი
ყველაზე მძიმე დღეა. დილით ადრე ვდგები და სამსახურში გავრბივარ.
იწყება თათბირი. სოფლის რწმუნებულები გვიამბობენ, თუ რა ხდებოდა მათთან ერთი კვირის განმავლობაში. ყოველ ორშაბათ დღეს 16 რწმუნებული სხვადასხვა საკითხებზე გვესაუბრება და ხშირ შემთხვევაში ჩვენგან დახმარებას ითხოვს. ყველაზე მძიმე მოსასმენი იყო სტიქიით დაზარალებული სუფლების რწმუნებულების მონათხრობი. მაგალითად, სოფელ წყალთბილაში ჩაინგრა სოფელ ნაოხრეთთან დამაკავშირებელი ხიდი, სტიქიამ ორი სოფლის მოსახლეობას ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება წაართვა. ეს პრობლემა სასწრაფოდ მოსაგვარებელია და უკვე დავიწყეთ კიდეც ამაზე ზრუნვა.
ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! ძნელია, როცა ერთი ხელის მოსმით ყველაფრის გამოსწორება არ შეგიძლია. არადა, გინდა, ხალხს მაქსიმალურად დაეხმარო...

25 აგვისტო, სამშაბათი
მთელი დღე მოქალაქეებთან საუბარში გავატარე. სამშაბათი მათი მიღებისა და, შეძლებისდაგვარად, პრობლემების მოწესრიგების დღეა. მოქალაქეებთან შეხვედრას ყოველთვის ვცდილობთ, მაგრამ ზოგჯერ, ბევრი პრობლემის გამო, ვერ ვახერხებთ. ჩემთან მოქალაქეები, ძირითადად, ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული თხოვნებით მოდიან. ჩვენც ვუხსნით, თუ რა არის საჭირო, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს; რის შედეგადაც მოსულთა უმრავლესობა განცხადებას ტოვებს კანცელარიაში.

26 აგვისტო, ოთხშაბათი
არაფრით გამორჩეული დღე. დილით - ადრე ადგომა, სამსახურში წასვლა, მოქალაქეების მიღება და მათი სატკივრის მოსმენა.
გარდა ამისა, დავათვალიერეთ თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. უახლოეს დღეებში გაიხსნება კიდევ ერთი ახალი ტაძარი, მაცხოვრის ამაღლების სახელობისა. როგორც ვფიქრობ, მოსახლეობას ეს ძალიან მოსწონს, განსაკუთრებით კმაყოფილი არიან ახალგაზრდები. ყოველ საღამოს გამოდიან და ისვენებენ. რა თქმა უნდა, ეს მეც მომწონს, თუნდაც იმიტომ, რომ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ეცნობიან და უახლოვდებიან ერთმანეთს.

27 აგვისტო, ხუთშაბათი
ცოტათი განსხვავებულია იმით, რომ ამ დღეს მოქალაქეებისაგან მიღებული განცხადებების განხილვა ხდება. სპეციალური კომისია ჯანდაცვის სფეროში შემოსულ საკითხებზე მსჯელობს. მეორე ეტაპი უკვე სოციალურ საკითხებს ეხება და ეს კომისია ამ ტიპის განცხადებებს განიხილავს. გადაწყვეტილებას კომისია არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს და ამა თუ იმ განცხადების დაკმაყოფილებაც მისი გადაწყვეტილებით ხდება.

28 აგვისტო, პარასკევი
მარიამობაა. ყველას ვულოცავ ამ დღესასწაულს! ეს დღე დასვენების დღეცაა, მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობა დროებით ივიწყებს ყველა პრობლემას და სანთლების დასანთებად მიდის სხვადასხვა ტაძარში, რომელიც ასე ბევრია ჩვენს მუნიციპალიტეტში.
მოსახლეობის მსგავსად, დილა მეც ტაძრით დავიწყე, ხოლო საღამო მეგობრისთვის დაბადების დღის მილოცვით დავამთავრე.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას მარიამობას! შევთხოვოთ ღვთისმშობელს, რომ დაიფაროს საქართველო და ჩვენი მოსახლეობა!

29 აგვისტო, შაბათი
დილიდან რადიო თავისუფლებისთვის ისევ დღიურების წერას ვიწყებ. დღეს უკვე ვამთავრებ კვირის ამბების მიმოხილვას და კიდევ ერთი დასვენების დღისთვის ვემზადები.
იმედია, მომავალი კვირა ამაზე უკეთესი იქნება.
XS
SM
MD
LG