Accessibility links

პრესა უკრაინაში საქართველოდან ჩასულ მეთვალყურეთა გარშემო


უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები არ დასრულებულა, მეორე ტურის მოლოდინშია ეს ქვეყანა. ამ არჩევნებთანაა დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეთა დიდი ჯგუფების იქ ჩასვლაც. გამოცემა „ვერსიაში“ ვლადიმირ სკაჩკო ასე ასათაურებს თავის წერილს: „გრუზინიადა თუ გრუზინ-გეიტი?“ მასში თავიდან იმაზეა ლაპარაკი, რომ საქართველოს ელჩმა უკრაინაში უკრაინას მოსთხოვა განმარტება, რატომ არ გაატარა რეგისტრაციაში უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს ორი ათასზე მეტი მოქალაქე, რომლებმაც „უცბად გადაწყვიტეს უკრაინისვე საპრეზიდენტო არჩევნებზე მეთვალყურეობა გაეწიათ საერთაშორისო მეთვალყურეების, ანუ პრაქტიკულად უკრაინის მილიციისთვის, ხელშეუხებლობის სტატუსით, რაც უნდა ეკეთებინათ საარჩევნო უბნებზე დემოკრატიის სახელით. უკრაინა, პასუხად, დუმს პარტიზანივითო“, წერს სკაჩკო. მისი აზრით, ეს გასაკვირი და, მეტიც, დანაშაულია, რადგან შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები უნდა დაინტერესებულიყვნენ, რატომ ჩავიდა იქ ეს უცნაური „დესანტი მთიელი დემოკრატებისა“ და დიდხანს არ აპირებდა წასვლას, მისი მებრძოლები კი ხან მეთვალყურეებად, ხან უკრაინული მედიის შტატგარეშე კორესპონდენტებად, ხან კი, უბრალოდ, „სექს- ტურისტებად“, უკრაინული საინტერნეტო გვერდის, „ოდნოკლასნიკის“, ლამაზმანების მსხვერპლად ასაღებდნენ თავს. მაგრამ ისინი, საწოლებში კი არ აპირებდნენ შეღწევას, არამედ საარჩევნო უბნებში, არჩევნების დღეს. მეტიც, განაგრძობს სკაჩკო, არავითარი ოფიციალური რეაქცია არ მოჰყოლია ამას მაშინაც კი, როცა უმაღლესი რადას ტრიბუნიდან არაერთმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ 17 იანვარს უკრაინა გადააწყდა დაქირავებულების მოქმედებას, დაქირავებულების, რომლებიც საქართველოს სპეცსამსახურების გადაცმულ თანამშრომლებს წარმოადგენდნენ, შინ რომ პრეზიდენტის საწინააღმდეგო დემონსტრაციებს არბევენ და ოპოზიციონერებს სცემენ. თუკი ეს ასეა, ამბობს „ვერსიაში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, მაშინ საქართველო ჩაერია უკრაინის საშინაო საქმეში. შემდეგ სტატიაში მოთხრობილია მომხდარის დეტალები და წაიკითხავთ, რომ ასეთ მოვლენას თავისი ტრადიცია აქვს, სამწუხარო და სისხლიანი. უკრაინაში ასე იყო ყოველთვის: ვისაც ქვეყნის მართვა სურდა, დაქირავებულებს უხმობდა ხოლმე - პოლონელებს, ყირიმელ თათრებს, რუსეთის ან გერმანიის ჯარს. სტატიაში მოთხრობილია უკრაინის ბოლო წლების ამბები და უფრო დაწვრილებითაა აღწერილი საქართველოდან მეთვალყურეთა ჩასვლის გარემოებები. წერილში წაიკითხავთ ასევე იმ სატელეფონო ფარული ჩანაწერის შესახებ, რომელიც გავრცელდა და რომელშიც, როგორც ამ სტატიაში წერია, ქალი, იულია ტიმოშენკოს ხმით, და კაცი, მიხეილ სააკაშვილის ხმით, საუბრობენ. ქალი სთხოვს თანამოსაუბრეს, გაგზავნოს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე მეთვალყურეები, კაცი კი არწმუნებს, რომ უკვე გაგზავნა ყველაზე შემოწმებული და ბრძოლისუნარიანი პირები. ოდნავ ქვემოთ კი წერილის ავტორი წერს, ამ ორიათასკაციანი ჯგუფის ჩასვლის მიზანი უკრაინაში გასაგები გახდა - ეს იყო იმ რეგიონებში არჩევნების ჩაშლა, სადაც ტიმოშენკოს მეტოქეს, „რეგიონების პარტიის“ ლიდერს, იანუკოვიჩს, დიდი მხარდაჭერა ჰქონდაო.

გამოცემა „უნიანიც“ უძღვნის წერილს საქართველოდან უკრაინაში ჩასული მეთვალყურეების თემას. მას მოჰყავს საქართველოს ელჩის სიტყვები, რომ ეს მოქალაქეები არ ყოფილან თვითმარქვია მეთვალყურეები, რომ ისინი პარლამენტის წარმომადგენლები იყვნენ და არა ძალოვანი უწყებებისა. სტატიაში მოყვანილია „რეგიონების პარტიის“ ბრალდებაც, რომ მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველი „ძალოვანები“ ჩაიყვანეს. საქართველოს ელჩს, გაზეთის თანახმად, მოჰყავს სასამართლოს დასკვნა, რომ უკრაინის ცეტრალური სარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უარი ეთქვა მეთვალყურეთათვის, იყო უკანონო. დიპლომატის თქმით, როცა მათ უარი უთხრეს რეგისტრაციაზე, ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ. მისივე დაზუსტებით, მეორე ტურის დროს საქართველოდან მეთვალყურეები მხოლოდ უკრაინის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით იქნებიან იქ.

გაგაცნობთ ერთ სტატიას ჩეხეთის რესპუბლიკის გაზეთ „მლადა ფრონდა დნესიდან“. მისი სათაური ასე ჟღერს: „ტიმოშენკოს კოზირი? - ქართველები“. ავტორს მოჰყავს ინტერფაქსის ცნობა საქართველოდან უკრაინაში მეთვალყურეთა ჩასვლის შესახებ. ცნობით, დაკუნთული ასეულობით მეთვალყურის იქ ჩასვლა ტიმოშენკომ სააკაშვილს სთხოვა. ამავე ცნობით, იანუკოვიჩმა სააკაშვილს მიმართა, წაეყვანა უკან ეს მეთვალყურეები, საპრეზიდენტო კანდიდატის ბანაკიდან კი გაისმოდა სიტყვები - „საქართველოს იზოლირებაა საჭიროო“. „მლადა ფრონტას“ მოჰყავს იულია ტიმოშენკოს სიტყვები, რომ არ მიემხრობა ამ მეთვალყურეების განსჯას იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნიდან არიან. ქართველები გამოცდილები არიან, იციან, რომ აქ იყო გაყალბება. მე თავისუფლების და დემოკრატიის მომხრე ვარ, მხოლოდ მივესალმები საერთაშორისო მეთვალყურეთა მონაწილეობას“, - უთქვამს ტიმოშენკოს. გაზეთს მოჰყავს უკრაინელი პოლიტოლოგის ტარას ბერეზოვეცის განმარტება: „რეგიონების პარტიამ“, იანუკოვიჩის მეთაურობით, უკვე ადრევე განაცხადა, რომ გახდება თუ არა იანუკოვიჩი პრეზიდენტი, უკრაინა აღიარებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად ითვლება. ამ თვალსაზრისით, სააკაშვილი ძალიანაა დაინტერესებული, რომ დონეცკის ოლქში არჩევნები გაყალბების გარეშე ჩატარდეს, ამბობს ბერეზოვეცი. პოლიტოლოგები, წერს პრაღაში გამომავალი გაზეთი, ფიქრობენ, რომ „ქართულ იმპროვიზაციას“ შეუძლია გამოიწვიოს დასავლეთ უკრაინაში სოლიდარობა და იქაურმა მოსახლეობამ ხმა მისცეს იმ პოლიტიკოსის წინააღმდეგ, რომელიც მოსკოვივით იქცევა.
XS
SM
MD
LG