Accessibility links

logo-print

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტროლი გამკაცრდა


ენგურის ხიდი, ადმინისტრაციული საზღვარი

ენგურის ხიდი, ადმინისტრაციული საზღვარი

აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს ადმინისტრაციული საზღვარი დილით რუსმა სამხედროებმა დაკეტეს და მოქალაქეებს გადაადგილება აუკრძალეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ მიმოსვლა აფხაზური და რუსული ძალების მიერ დადგენილი 4-ვე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტით შეწყდა, რაც კილანავას განმარტებით, ამ პუნქტების რეორგანიზაციას და ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებთათვის ახალი საშვების დაწესებას უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, ენგურის ცენტრალური ხიდის გადალახვა მხოლოდ ენგურჰესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვისაა შესაძლებელი.

შეზღუდვის მიუხედავად დღეს ოკუპირებული გალის რაიონიდან, ენგურის ხიდის გავლით, ადმინისტრაციული საზღვარი რამდენიმე ადამიანმა გადმოკვეთა. მათ რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ მიმოსვლა მაქსიმალურად შეზღუდულია მხოლოდ ერთი მიმართულებით - გალიდან ზუგდიდისკენ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელთ არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული საზღვრის გადალახვა რუსმა სამხედროებმა ენგურის ცენტრალური ხიდის გარდა, კიდევ სამი მიმართულებით - ხურჩა-ნაბაკევთან, განმუხური-ოტობაიასა და ფახულანი-საბერიოსთან აკრძალეს. თუმცა, ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას გალელმა რესპონდენტმა არ დაუდასტურა.

გასულ კვირაში, ოკუპირებულ გალში გამართული ტრადიციული ხუთმხრივი შეხვედრისას თბილისის დელეგაციამ აფხაზური მხარისგან მიიღო პირობა, რომ რიგითი მოქალაქეები ადმინისტრაციულ საზღვარს უპრობლემოდ გადაკვეთდნენ. შეხვედრიდან ხუთ დღეში მოლაპარაკების აფხაზმა და რუსმა მონაწილეებმა პირობა დაარღვიეს და ე.წ. საზღვრის გადალახვა მაქსიმალურად შეზღუდეს.
XS
SM
MD
LG