Accessibility links

უკრაინის არჩევნების თემა კვლავაც არ ტოვებს საქართველოს პრესის ფურცლებს. ამის შესახებ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში მამუკა არეშიძე საუბრობს და ასეთ ვარაუდსაც გამოთქვამს: ”შესაძლებელია, ქართული მხარე, უბრალოდ, გამოიყენეს. გამოიყენეს იმისთვის, რომ კონკრეტული პრეზიდენტობის კანდიდატის - ამ შემთხვევაში იულია ტიმოშენკოს - იმიჯისთვის დარტყმა მიეყენებინათ. ცხადია, ეს ვერ მოხდებოდა საქართველოს ხელისუფლებაში რომ არ ყოფილიყო კაცი, რომელიც ამაში დაინტერესებულ მხარეს, ანუ რუსეთს არ გაუწევდა დახმარებას. დღეს უკვე აშკარა გახდა, ოპერაციის შინაარსიც, დეტალებიც და ფორმატიც მოწინააღმდეგისთვის წინასწარ იყო ცნობილი და მან რეაგირება მოასწრო, შექმნა პიარკამპანიისთვის ყველა საჭირო საფუძველი”, - ამბობს არეშიძე ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ამავე გაზეთში გოგა ხაინდრავასთან ინტერვიუსაც ნახავთ. ”უკრაინაში რას სჩადის მერაბიშვილი და აქ რას იზამს, ძნელი წარმოსადგენია? მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების არ მჯერა, პატივს ვცემ ჩემი კოლეგების პოზიციას, რომლებიც არჩევნებზე გადიან”, - ამბობს გოგა ხაინდრავა. საქართველოში დაგეგმილი არჩევნების თემა ერთ-ერთი წამყვანია დღევანდელ პრესაში და ამ თემას მივუბრუნდები.

”ასავალ-დასავალს” ლეიბორისტთა ლიდერმა განუცხადა: ”ერთი უკრაინაშიღა გვქონდა გასაქცევი და ისიც მალე შემოიღებს ჩვენთან სავიზო რეჟიმს, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ! უკრაინა აუცილებლად შეწყვეტს ჩვენთან სამხედრო თანამშრომლობას და იანუკოვიჩი, რომლის გაპრეზიდენტებაც გარდაუვალია, ამას გააკეთებს აუცილებლად!” - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. მას ”ასავალ-დასავლის” კორესპონდენტი ესაუბრა. ამავე ინტერვიუში ლეიბორისტთა ლიდერი მცხეთა-მთიანეთში პრეზიდენტის რწმუნებულ ცეზარ ჩოჩელზეც - მის ქონებასა და მოსახლეობისადმი დამოკიდებულებაზე - საუბრობს.

ჩოჩელთან ინტერვიუს ”ვერსია” ბეჭდავს. ის შალვა ნათელაშვილზე ამბობს: ”გააყალბეს არჩევნებიო, რომ ყვირის, ჩანაწერები მაქვს, რომ ასე არ მომხდარა. შალვასთან არჩევნების გაყალბება საჭირო არც არის. ყველაფერზე მოეცარათ ხელი. დუშეთში, ახალგორში, მცხეთაში გავლენის სფეროები დაკარგეს და ატეხეს ამბები.” - ამავე ინტერვიუში ჩოჩელი ამბობს: ”მინდა სასახლეს მოვიწყობ, მინდა თვითმფრინავს ვიყიდი და მინდა კიდევ 5 სახლს ავიშენებ. მაქვს ქონება, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დროს არ მიმიღია. 1991 წლიდან 2002 წლის ჩათვლით ჩემს ბიზნესს ვმართავდი, რომელიც რწმუნებულად დანიშვნის შემდეგ ძმას, იაგო ჩოჩელს გადავაბარე. რა თქმა უნდა, გარკვეული შემოსავალი იქიდანაც მაქვს. დასამალი არაა, მარტო ერთი ქარხნის გაყიდვიდან 16 მილიონ ლარამდე მივიღე. ეს თანხა ისევ სხვა წარმოებებში ჩავდე. ნაწილით კი, სახლი ავიშენე და მანქანა ვიყიდე”, - აცხადებს ინტერვიუში ცეზარ ჩოჩელი.

რაც შეეხება საქართველოში მოსალოდნელი არჩევნების თემას, ”მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო არჩევნების გაყალბება: ”ჩემს მხარდამჭერებს მე მივეცი სიტყვა, რომ მკვდარი უნდა ვიყო, ეს ყველაფერი სააკაშვილს შერჩეს.” ”მთელ კვირაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ ”ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერ დავით გამყრელიძესთან: ”თუ გავიმარჯვებთ და გაყალბდა, ვეცდებით, ვიბრძოლოთ და არავის დავუთმოთ გამარჯვება”, - აცხადებს გამყრელიძე.

”ახალი თაობა” უმრავლესობის წევრ კობა ხაბაზს ესაუბრა: ”ქართულ რეალობაში ნოღაიდელის, ძიძიგურისა და დავითაშვილის დაახლოება ქართულ იგავს და მათემატიკურ ფორმულას მაგონებს. იგავიდან - ”მკვდარი მკვდარს აეკიდაო” და მათემატიკიდან: ნულს რომ ნული მივუმატოთ, მაინც ნული დარჩება, თუგინდ ასი ნულიანი შეიკრიბოს.”

”კვირის ქრონიკა”, ლევან გაჩეჩილაძე: ”მჯერა, რომ ერთობა შედგება”. გაჩეჩილაძე აპირებს საერთო კანდიდატს დაუჭიროს მხარი და თუ ასეთზე ოპოზიცია ვერ შეთანხმდება, მხარს დაუჭერს მას, ვისი პროგრამაც მისთვის ყველაზე მისაღები იქნება. ”კვირის ქრონიკაშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთ ლიდერ გუბაზ სანიკიძესთან, რომელიც ადგილობრივი არჩევნებისგან არაფერს ელოდება და რომ ”ფორუმი” სხვა რამებზე ფიქრობს: ”ახლა მე არ შემიძლია გითხრათ ”ეროვნული ფორუმი” რას აპირებს. ”ეროვნული ფორუმი” აპირებს! თან, ძალიან სერიოზულს!”.

”24 საათი” ქართველი მოციგურავის, ელენე გედევანიშვილის, წარმატებას ეხმაურება სტატიაში, სათაურით ”ელენემ ყინული გაალღო”: ”ესეც სასიამოვნო სიურპრიზი. ელენე გედევანიშვილმა ტალინის ევროპის ჩემპიონატზე ისე ისრიალა, კონსერვატორ მსაჯთა კოლეგიას საკმარისი ქულები გამოსტყუა, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბრინჯაო დაესაკუთრებინა. ელენეს მესამე ადგილი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მსგავსი წარმატებისთვის ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში არავის მიუღწევია”, - წერს ”24 საათი”.
XS
SM
MD
LG