Accessibility links

logo-print

თბილისს ყოფილი კონგრესმენები სტუმრობენ


ამერიკელ ყოფილ კონგრესმენთა შეხვედრა ქართველ პარლამენტარებთან

ამერიკელ ყოფილ კონგრესმენთა შეხვედრა ქართველ პარლამენტარებთან

ამერიკის კონგრესის ოთხი ყოფილი წევრი - მარტინ ლანკასტერი, ჯოელ ჰეფლი, ჰეზერ უილსონი და პრესტონ გერენი შედიან დელეგაციაში, რომელიც 25 იანვარს მთელი დღის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს საქართველოს პარლამენტში. ამ შეხვედრების მიზანი, როგორც თავად დელეგაციის წევრებმაც განაცხადეს, არის საქართველოს პარლამენტის პროგრამული დახმარება ისეთი საკითხების უკეთ ზედამხედველობისათვის, როგორიცაა თავდაცვა და და უსაფრთხოება.

ამერიკის კონგრესის ყოფილი წევრებისგან შემდგარმა დელეგაციამ 25 იანვარს საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წევრებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა.

”ჩვენი შეხვედრა მხოლოდ ერთი ნაწილია საქართველოსა და ამერიკის შტატებს შორის უკვე ჩამოყალიბებული და მიმდინარე ურთიერთობისა. კონგრესი უკვე წლებია მუშაობს საქართველოს პარლამენტთან იმისათვის, რომ გაგრძელდეს და განვითარდეს დემოკრატიული ტრადიციები და პრაქტიკა. ეს ძალიან კონსტრუქციული ორმხრივი ურთიერთობაა. საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი ურთიერთობა კი არის შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ადგილებშიც”, - განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთ წევრთან - რუსუდან კერვალიშვილთან - შეხვედრის შემდეგ ამერიკული დელეგაციის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წევრმა პრესტონ გერენმა.

თავად რუსუდან კერვალიშვილი ამბობს, რომ ასეთი მაღალი დონის ექსპერტებთან მუშაობა საქართველოს პარლამენტს მნიშვნელოვნად წაადგება:

”ყველა ეს ადამიანი არის უმაღლესი დონის ექსპერტი და მოქმედი თავდაცვის ზედამხედველობის სფეროში. ისინი ჩვენს სტრატეგიულ მხარდაჭერას ახორციელებენ იმ ქარტიის ფარგლებში, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის გაფორმდა და ხელს უწყობენ საზედამხედველო კონტროლის გაძლიერებას პარლამენტში.”

ერთობლივი განსახორციელებელი პროგრამა სხვადასხვაგვარ აქტივობას მოიცავს.: ტრენინგებს, მრგვალ მაგიდებს, კონფერენციებს და ა.შ.

”ღია და კონსტრუქციული” - ასე შეაფასა დელეგაციის მეთურმა მარტინ ლანკასტერმა პარლამენტის თვდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრებთან გამართული შეხვედრა:

„ჩვენ გვქონდა ძალიან გულწრფელი და ინფორმაციულად დატვირთული საუბარი პარლამენტის როლზე - განსაკუთრებით თავდაცვის ზედამხედველობის საკითხში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქვეყნის მომავალი დაკავშირებულია ნატოს წევრობასთან. ჩვენ ასევე გამოვხატეთ ჩვენი პატივისცემა საქართველოს მიმართ იმ როლის გამო, რომელსაც ის ასრულებს სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობით - ჯერ ერაყში და ახლა უკვე ავღანეთში. ნათელია, რომ საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო პრიორიტეტი იმეგობროს დასავლეთთან და, კერძოდ კი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.”

შეხვედრების თემატიკა მხოლოდ თავდაცვის ზედამხედველობის სფეროთი არ შემოფარგლულა. ისაუბრეს ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზეც. ამ მხრივ, როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის ხელმძღვანელი გია არსენიშვილი აცხადებს, საქართველოს ამერიკისგან ბევრი რამ აქვს სასწავლი.

ვიზიტი ორდღიანია. ყოფილი კონგრესმენები შეხვედრებს 26 იანვარსაც განაგრძობენ.
XS
SM
MD
LG