Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოში საქართველო თადარიგის დაჭერას ცდილობს


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის 5-დღიან სესიაზე, რომელმაც სტრასბურგში მუშაობა 25 იანვარს დაიწყო, საქართველოს საკითხზე არ იმსჯელებენ. წინა რეზოლუციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე მოსთხოვს. მანამდე კი საქართველოს დელეგაცია თადარიგის დაჭერასა და ნიადაგის მომზადებას ცდილობს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ 25 იანვარს სტრასბურგში ლიბერალურ-დემოკრატიული ფრაქციის სხდომაზე მსჯელობდნენ. ფრაქციის წევრია საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია, რომელსაც რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა:

”ევროსაბჭოს წევრები საქმის კურსში ჩავაყენე იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კერძოდ, ახალგორის მიმართულებით ხდება ძალადობრივი გზით პასპორტიზაცია. ევროსაბჭოს რეზოლუციები კი გმობს მსგავს ქმედებებს. იმავე მიმართულებით დაძაბულია ვითარება აფხაზეთის რეგიონში, გალის ტერიტორიაზე. საუბარია საზღვრის ჩაკეტვაზე, ძალადობრივი გზით აფხაზური და რუსული პასპორტების მინიჭებაზე და სახლების ჩამორთმევაზე, თუ ისინი იქ არ იმყოფებიან.”

პაატა დავითაია იმედოვნებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ლიბერალურ-დემოკრატიული ფრაქციის სხდომაზე განხილული საკითხები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შემდგომი ობიექტური შეფასების საქმეში. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რუსეთი არათუ მხოლოდ არ ასრულებს ევროსაბჭოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს, არამედ კვლავაც განაგრძობს უკანონო და უკონტროლო ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე.

იმის გამო, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შეფასების საკითხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დღის წესრიგში არ მოხვდა, საქართველოს დელეგაციის მთავარ ამოცანას აპრილის სესიისთვის მზადება წარმოადგენს. სწორედ ამ ფაქტს უსვამს ხაზს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დეპუტატთა ჯგუფის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი:

”ვიმუშავებთ ორმხრივ საფუძველზე სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან, ისევე როგორც ფრაქციებს შორის. და ამ ფორმატში შევეცდებით, რომ ყველა დადგეს ერთ მხარეს და მოლოდინი იყოს იმისა, რომ შემდეგ სესიაზე მიღებული იქნება მკვეთრი გადაწყვეტილებები.”

რატომ ”შემდეგ”, ანუ საგაზაფხულო სესიაზე, და რატომ არა ახლა, ზამთრის სესიაზე, როცა რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციით განსაზღვრული ვადა პირველ იანვარს ამოეწურა?

ამ შეკითხვის პასუხად არასაკმარისი დრო სახელდება. შედეგების გადასამუშავებლად და რეაგირებისთვის ევროსაბჭოს მეტი დრო სჭირდება, ვიდრე 1 იანვრიდან ზამთრის სესიის დაწყებამდე გასული 25 დღეა - ასეთია ქართველი დეპუტატების ძირითადი განმარტება.

აქვე გავიხსენოთ, რომ მოსკოვს პირველ იანვრამდე უნდა შეესრულებინა ყველა ის ვალდებულება, რომელიც მას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აგვისტოს ომის შემდეგ მიღებული რამდენიმე რეზოლუციით დააკისრა. ამ ვალდებულებებს შორისაა: სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გაუქმება, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში, ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვრებზე მშვიდობიანი მოსახლეობისათვის თავისუფალი გადაადგილების საშუალების უზრუნველყოფა თუ დევნილების დაბრუნების პროცესის ხელშეწყობა. ერთი სიტყვით, ეს სწორედ ის ვალდებულებებია, რომელთა შესრულებაც მიუღებელია რუსეთისთვის და ის მათ შესრულებას არც კი აპირებს. შესაბამისად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მას პასუხი უნდა მოსთხოვოს და, წესით, ხელახლა უნდა დადგეს რუსეთის დელეგაციისთვის, ოქტომბერში შენარჩუნებული, ხმის უფლების შეჩერების საკითხი. რამდენად მკაცრი იქნება მოთხოვნა, ამას, სავარაუდოდ, აპრილში შევიტყობთ.
XS
SM
MD
LG