Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს პლიევის საქმის გამო


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (ესმი) დღეს გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამს სამხრეთ ოსეთის მკვიდრის, გენადი პლიევის დაკავებასთან დაკავშირებული გარემოებების გამო. პლიევი 4 იანვარს დააკავეს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში ვკითხულობთ, მისიის წარმომადგენლები ორჯერ ესაუბრნენ გენადი პლიევს, შეხვდნენ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალურ წარმომადგენლებს, დაათვალიერეს ის ადგილი ცხინვალის რეგიონში, საიდანაც, დე ფაქტო ხელისუფლება როგორც ირწმუნება, პლიევი იქნა გატაცებული. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, სადამკვირვებლო მისია გამოთქვამს „სერიოზულ ეჭვს“ როგორც ცხინვალის დე ფაქტო ლიდერების, ისე საქართველოს ხელისუფლების ვერსიებთან დაკავშირებით. კერძოდ მას ეჭვი ეპარება, რომ პლიევი მართლაც მოიტაცეს, ან მას მართლაც ჰქონდა იარაღი დაკავების მომენტში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოთქვამს იმედს, რომ ყველა მხარე ჩაუფიქრდება გენადი პლიევის საქმეს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სადამკვირვებლო მისიას არაერთხელ გამოუთქვამს მოსაზრება, რომ იმ პირების მიმართ, რომლებმაც ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთეს, მართებულია ადმინისტრაციული და არა სამართლებრივი ზომების გამოყენება.
XS
SM
MD
LG