Accessibility links

logo-print

რას მოიტანს სტამბულში ავღანეთის, პაკისტანისა და თურქეთის პრეზიდენტთა შეხვედრა?


სტამბულში მიმდინარე შეხვედრების მთავარი თემა თალიბ მეამბოხეებთან კონფლიქტის მოგვარებაა. შეხვედრებს ამ პრობლემასთან უშუალოდ დაკავშირებული ავღანეთისა და პაკისტანის - ასევე მათი შუამავლის, მასპინძელი თურქეთის - პრეზიდენტები მართავენ.

სამდღიანი მოლაპარაკება მეზობლებს - პაკისტანის პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარისა და ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის - შორის და მათი ცალ-ცალკე მოლაპარაკება თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულთან წინ უსწრებს ავღანეთის შესახებ ლონდონში 28 იანვრისთვის დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას. ლონდონის კონფერენციაზე ავღანეთის უსაფრთხოების შესახებ იმსჯელებენ. პაკისტანი, სადაც თალიბები 90- იან წლებში დაირაზმნენ, ავღანეთის საკითხებში დიდი ხანია აქტიურ როლს თამაშობს. ავღანეთი, თავის მხრივ, ეჭვობს,რომ ისლამაბადი საკუთარ საქმეს აკეთებს ავღანეთის საზიანოდ. პაკისტანს თვითონ ჰყავს დასაძლევი საკუთარი თალიბები, მაგრამ ამ ქვეყნის მთავრობა თავშეკავებულია ავღანელ თალიბებთან ბრძოლაში. ზოგიერთი მიმომხილველი ფიქრობს, რომ პაკისტანს სურს ავღანელი თალიბები გამოიყენოს ავღანეთში ინდოეთის გავლენის გასაწონასწორებლად, თუკი აშშ-ის არმია იქიდან წავა.

„გლობალ პოუსტის“ ახალი ამბების ვებგვერდის კორესპონდენტი ჯინ მაკკენზი, რომელიც ქაბულში მუშაობს, ორი ქვეყნის რთულ ურთიერთობაზე ლაპარაკობს:

„ავღანეთსა და პაკისტანს შორის - და პრეზიდენტებს კარზაისა და ზარდარის შორის - ურთიერთობა ძალიან დაძაბულია. ავღანეთი თვლის, რომ პაკისტანი მის საქმეებში უარყოფით როლს თამაშობს, რომ ისლამაბადს არ სურს სტაბილური ავღანეთი, რომ კმაყოფილი იქნებოდა, თუკი ქაბულში თალიბანის რეჟიმი გაბატონდებოდა. თურქეთს შეუძლია ითამაშოს შუამავლის როლი ორი ქვეყნის დაახლოებაში, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი პაკისტანისა და ავღანეთის პროდუქტიული ურთიერთობის მისაღწევად.“

მაკენზის ვარაუდით, კარზაის სურს ლონდონის კონფერენციის წინ თავისი მთავრობის ავტორიტეტი აამაღლოს, რასაც ემსახურება მისი შეხვედრები, სხვათა შორის, სტამბულის შემდეგ გერმანიაშიც.

დასავლეთს კარზაი ზეწოლის ქვეშ ჰყავს - მისგან მოითხოვს გააძლიეროს თავისი ქვეყნის უსაფრთხოება ქვეყანაში ძალადობის ზრდის ფონზე. კარზაიმ მოამზადა გეგმა თალიბი მეამბოხეების საზოგადოებაში დაბრუნების მიზნით, რათა ისლამისტურმა გაერთიანებამ იარაღი დაყაროს. ამ საქმეში პაკისტანიც ცდილობს ჩართვას. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის ყველა დონეზე ურთიერთობს ავღანელ თალიბებთან მშვიდობაზე მათ დასაყოლიებლად. სტამბულიდან რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს კარზაის წარმომადგენელმა ვაჰიდ უმარმა უამბო, რომ კარზაისა და მასპინძლის - აბდულა გიულის - საუბრის თემა იყო გაეროს სურვილი, ამოიღონ ტერორისტთა სიიდან ზოგიერთი თალიბი მეამბოხის გვარი, სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების წასახალისებლად:

„ავღანეთის პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა ავღანეთში გაეროს წარმომადგენლის კაი აიდეს განცხადების გამო, რომ მზად არიან განიხილონ ავღანეთის მთავრობის წინადადება, ამოღებულ იქნეს თალიბების გვარები „შავი სიიდან“. ამის შესახებ კარზაიმ თურქეთის პრეზიდენტსაც უთხრა. აბდულა გიულმა კარზაის განუცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სამხედრო გზასთან ერთად, პოლიტიკური მოგვარების გზის ძიება. გიულის თქმით, თურქეთი, როგორც ისლამური ქვეყანა, კმაყოფილი იქნებოდა, თუ შეძლებდა ეთამაშა დადებითი როლი პოლიტიკურ მოლაპარაკებასა და ავღანეთის პრობლემის პოლიტიკური გზებით მოგვარებაში.“

თალიბანთან პოლიტიკურ მოლაპარაკებას ემხრობა ასევე ავღანეთში ამერიკის ჯარების მეთაური გენერალი სტენლი მაკკრისტალი, რომელმაც „ფაინენშელ ტაიმსს“ უთხრა, ავღანეთში უკვე საკმარისად იყო ომი, კონფლიქტი საჭიროა პოლიტიკური გზებით მოგვარდესო. მაკკრისტალის განცხადება იმედის მომცემად მიაჩნია მაკკენზის, მაგრამ დიდად ოპტიმისტურად განწყობილი არ არის, რადგან, მისივე თქმით, დიალოგზე ლაპარაკი ლაპარაკადვე რჩება, საქმე კი წინ არ მიდის.

„ისინი თალიბანს ეუბნებიან: თუკი დაყრით იარაღს და მიიღებთ ჩვენს პირობებს, ძალიან კმაყოფილი ვიქნებით და ნებას დაგრთავთ ჩვენს მთავრობას შეუერთდეთო. თალიბანის პასუხი ასეთია: „ეს არ არის მოლაპარაკება. ეს ნიშნავს, დაგნებდეთო“. სანამ ძირფესვიანად არ შეიცვლება რამე, ჩემი აზრით, ამ ფრონტზე წინსვლა არ იქნება.“

კარზაიც და ზარდარიც შეხვდნენ თურქეთის პრემიერ ერდოანს. ამის შემდეგ კი კარზაი სტამბულიდან ბერლინში მიემგზავრება, კანცლერ მერკელთან შესახვედრად.
XS
SM
MD
LG