Accessibility links

logo-print

რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე იმსჯელეს


სოჭი: აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტები

სოჭი: აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტები

ორშაბათს სოჭში გაიმართა სამი პრეზიდენტის - რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერების - შეხვედრა, რომელზეც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორშაბათის სამმხრივი შეხვედრით გაგრძელდა ჯერ კიდევ შარშან დაწყებული ფორმატით საუბარი, რომელიც ხელს უწყობს ეუთოს მინსკის ჯგუფის საქმიანობას. ამ საქმიანობის მიზანია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება. აქ შეგახსენებთ, რომ 1994 წელს აზერბაიჯანს და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო ომის შეწყვეტის შემდეგ, ჯერ-ჯერობით, საგულისხმო წარმატების გარეშე გრძელდება შუამავლების ძალისხმევა კონფლიქტის მოსაგვარებლად.

რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების, დმიტრი მედვედევის, ჰეიდარ ალიევისა და სერჟ სარქისიანის დღევანდელი საუბარი სასარგებლო იყოო, განაცხადა ლავროვმა. „განიხილეს ის კონკრეტული წინადადებები, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა წარმოადგინეს. არის ურთიერთგაგება ამ დოკუმენტის პრეამბულის გარშემო - ეს შეხვედრის ყველა მონაწილემ დაადასტურა. და ყველამ აღიარა, რომ სასარგებლოა ასეთი დოკუმენტის არსებობა, რადგან ის საშუალებას იძლევა, საუბარი წარიმართოს არა აბსტრაქტულად, არამედ კონკრეტულ ფორმულირებებთან კავშირში.“

ლავროვის ამ განცხადებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მას პრეს-კონფერენციაზე არ უსაუბრია ზემოხსენებული პრეამბულის შინაარსზე, რადგან, მისივე განმარტებით, ტექსტზე მუშაობა გრძელდება. სამი პრეზიდენტის შეხვედრის მთავარ შედეგად მან დაასახელა ის გარემოება, რომ დოკუმენტის ზოგი ნაწილის, ზოგი მონაკვეთის გარშემო უთანხმოების მიუხედავად, მხარეები სწორედ ამ მონკავეთებზე მოამზადებენ საკუთარ, საპასუხო წინადადებებს, რათა დოკუმენტში შესწორებები შეიტანონ.

მაგრამ რამდენად შესაძლებელია, მომზადდეს დოკუმენტი, რომელიც მართლაც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება? არსებობს ვარიანტი მთიანი ყარაბაღის სტატუსისა, რომელიც მისაღები იქნებოდა ერევანშიც და ბაქოშიც? აი, როგორ პასუხობენ ამ შეკითხვას რადიო „თავისუფლების“ სომხური სამსახურის დირექტორი, ჰრაირ თამრაზიანი „ჩემი აზრით, ასეთი ვარიანტი არ არსებობს. ყარაბაღს სტატუსად სურს დამოუკიდებლობა, აზერბაიჯანელებს კი - ავტონომია“.
ჩვენივე რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის დირექტორი, ქენან ალიევი კი განმარტავს: „აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი, პრინციპში, გადაჭრილია. აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. და ეს არის ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი“.

როგორც ჩვენი რადიოს სომხური და აზერბაიჯანული სამსახურების დირექტორების ეს, ერთმნიშვნელოვანი პასუხები მოწმობს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლად ძალიან რთული საკითხები უნდა მოგვარდეს. სტატუსის გარშემო დაპირსიპირებას ემატება აზრთა სხვაობა შესაძლო რეფერენდუმის გარშემო, იმის გარშემო, თუ როგორ, რა გზით უნდა უკავშირდებოდეს მთიანი ყარაბაღი სომხეთს, ან როგორი უნდა იყოს რეგიონში მშვიდობისდამცველთა მისია...

ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის რედაქტორ, ანდრეი შარისთან ინტერვიუში ქენან ალიევმა მოიყვანა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სიტყვები, რომ „სანამ ყველა საკითხი არ არის მოგვარებული, ესე იგი, არაფერი მოგვარებულა“. ეს ნიშნავს, განმარტავს ჩვენი კოლეგა, რომ სანამ არ გადაჭრილა კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი: ამაში შედის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაც, მთიანი ყარაბაღის სტატუსიც, ლტოლვილების დაბრუნების საკითხიც, ლაჩინის დერეფნის საკითხიც - არც მთიანი ყარაბაღის საკითხი არის მოგვარებული. „დღევანდელმა მოლაპარაკებამ კი აჩვენა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრია მოუგვარებელი საკითხი“, დასძენს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის დირექტორი, ქენან ალიევი.

დაბოლოს, კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც ექსპერტები მიუთითებენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების კონტექსტში: ამ პროცესში დიდ როლს ასრულებს ენერგეტიკის ფაქტორი. სოჭში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე სულ რამდენიმე დღით ადრე აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარმა“ და რუსეთის „გაზპრომმა“ გააფორმეს კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთისთვის გაზის მიწოდების გაორმაგებას 2011 წელს. ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგის თქმით, პირველი შემთხვევა როდია, როდესაც ბაქო შეხვედრის დაწყებამდე აფორმებს ენერგეტიკის დარგში რუსეთისთვის სასარგებლო შეთანხმებას. თუმცა, აზერბაიჯანის ეს, ძლიერი ენერგეტიკული ბერკეტი, როგორც ირკვევა, საკმარისი არ არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მისთვის სასურველი შედეგით მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG