Accessibility links

logo-print

„YouTube-ის მილიციელი“ დააპატიმრეს


რუსი კანონდამცველი, „YouTube-ის მილიციელად“ წოდებული ალექსეი დიმოვსკი

რუსი კანონდამცველი, „YouTube-ის მილიციელად“ წოდებული ალექსეი დიმოვსკი

რუსი კანონდამცველი, „YouTube-ის მილიციელად“ წოდებული ალექსეი დიმოვსკი, რომელმაც სახელი გაითქვა იმით, რომ რუსეთის მილიციაში კორუფციის შესახებ ვიდეოჩანაწერი გაავრცელა ინტერნეტით, დააპატიმრეს. დიმოვსკი თაღლითობის და სამსახურის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. უფლებადამცველები რუსეთში ფიქრობენ, რომ დაპატიმრების მიზანი თვით დიმოვსკის დადუმება და მომავალში სხვა უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლის მსურველთა დაშინებაა.

რუსმა მილიციელმა საინტერნეტო ვიდეოქსელით - „YouTube-ით“- გაავრცელა პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინისადმი ვიდეომიმართვა, სადაც მილიციაში კანონდარღვევებზე ლაპარაკობდა. ახლა, თუ მას ბრალდება დაუმტკიცეს, ათი წლით პატიმრობა ემუქრება. დიმოვსკის იცავს ადვოკატი სერგეი გუბარი, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხელისუფლებას მისთვის სახელის გატეხა, უბრალო თაღლითად წარმოდგენა და მისი საზოგადოებრივი პოზიციის დაკნინება სურს. გუბარის თანახმად, მიზანი ისიც არის, რომ სხვები, დიმოვსკის მსგავსი სურვილის მქონენი, დააფრთხონ:

„ამ ქმედებით, დიმოვსკის დაკავებით, ისინი ემუქრებიან ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს, რომლებიც მილიციაში დარჩნენ. მათ აფრთხილებენ, თუკი ისე არ მოიქცევით, როგორც სისტემა მოითხოვს, თქვენც იგივე მოგელითო. ასე რომ, რაც მოხდა, სამართლებრივი განუკითხაობაა.“

თავის ვიდეოჩანაწერზე დიმოვსკი, რომელიც მილიციაში მუშაობდა ნოვოროსიისკში, ჰყვება, რომ მილიციაში ჩვეულებრივი ამბავია სამხილების გაყალბება, რომ მასზე ზეწოლას ახდენდნენ, დაეკავებინა უდანაშულო ადამიანები, რათა თვიური გეგმა შესრულებულიყო და სხვ. მას მერე, რაც ვიდეოჩანაწერი („YouTube-ში“ ის მილიონამდე ადამიანმა ნახა) გაავრცელა, დიმოვსკი სამსახურიდან დაითხოვეს. მილიციამ ნოვოროსიისკში თვითონ დაიწყო დიმოვსკის მიერ მოყვანილი ფაქტების გამოძიება და თქვა, რომ შედეგი არ ემთხვევა ბრალდებებს. მაგრამ უფლებადამცველები აცხადებენ, რომ დიმოვსკის ბრალდებები სამართლიანი იყო. იურისტმა ვლადიმირ ვოლკოვმა უთხრა ჩვენს რადიოს, რომ დიმოვსკის ბრალდებები მხოლოდ ნაწილი და ზედაპირია იმისა, რაც ხდება რუსეთის მილიციაში. ვოლკოვისვე თანახმად, ეს ყველაფერი, ცხადია, სიმართლეა. მეტიც, დიმოვსკიმ ყველაფერი არც იცისო, გვითხრა ვოლკოვმა. გამოძიების დასრულების შემდეგ დიმოვსკი სასამართლოში დაიბარეს. რუსეთის უფლებადაცვის აქტივისტი ვადიმ კარასტელიოვი ამბობს, რომ მისი დაპატიმრება თავიდანვე გადაწყვეტილი იყო: „დიმოვსკის დაკავება თავიდანვე იყო გადაწყვეტილი“, რადგან სასამართლოს შენობა, როცა მოსმენა დაიწყო, უკვე გარშემორტყმული იყო მილიციისა და უშიშროების ძალებით, გარეთ კი მილიციის მანქანა ელოდებოდა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მილიციამ ალყა შემოარტყა ასევე სასამართლო დარბაზს. როცა მოსამართლე დარბაზში შევიდა დიმოვსკის დაკავების შესახებ გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად, მას უკვე ახლდნენ მილიციელები.“

დიმოვსკის საქმე ერთია. საერთოდ, რუსეთში ბოლო ხანს მილიცია მზარდი ზეწოლის ქვეშაა არაერთი სკანდალური ამბის გამო, რამაც ერთი-ორ შემთხვევაში პრეზიდენტი მედვედევი აიძულა, გაეთავისუფლებინა მილიციის საქალაქო განყოფილების უფროსები, როგორც ეს მოსკოვში, შემდეგ კი ტუვის ოლქში მოხდა. სულ ახლახან, 20 იანვარს, ტომსკში დაკავებული ჟურნალისტი, კონსტანტინ პოპოვი, მილიციის განყოფილებაში ცემის შედეგად გარდაიცვალა. ამ საქმის გამო მილიციის ოფიცერი დააკავეს.
XS
SM
MD
LG