Accessibility links

logo-print

კოკოითი რუსულ სამშენებლო ფირმებს ნარკორეალიზაციაში ადანაშაულებს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ნარკომანიის მასშტაბები საგანგაშოდ იზრდება – ეს განცხადება დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ძალოვანი უწყებების მინისტრებთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ნარკოტიკების მომხმარებელი გახდა. შესაბამისად, იმ ნარკორეალიზატორების რაოდენობაც გაზრდილია, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებთან ერთად დანაშაულებრივ დაჯგუფებებს ქმნიან და მათ გარკვეული ანაზღაურების საფასურად ე.წ. ”სახურავად” იყენებენ.

კოკოითის ბრძანებით, ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახური ჩაერთვება, რომელიც ნარკორეალიზატორების გარდა, მათთან კავშირში მყოფ მილიციელებსაც გამოავლენს. კოკოითი შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკლებად ენდობა და საქმეში უშიშროების სამსახურის გარდა ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურსაც რთავს.

ედუარდ კოკოითიმ დე ფაქტო რესპუბლიკაში ნარკოტიკების შეტანაში რუსული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები დაადანაშაულა. მისი თქმით, რესპუბლიკაში ნარკოტიკების გარკვეული რაოდენობა იმ რუსული ორგანიზაციების თანამშრომლებს შეაქვთ, რომლებიც რეგიონში აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი ყველა ორგანიზაციას, რომლის თანამშრომლებიც სამხრეთ ოსეთში ნარკოტიკების რეალიზაციაში იქნებიან შემჩნეულნი, რესპუბლიკიდან გაძევებით და კონტრაქტების გაუქმებით ემუქრება.

გაეროს ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის მალხაზ მინდიაშვილის განცხადებით, ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის პრობლემა დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი არ არის და ომამდეც არსებობდა. ბოლო წლებში ცხინვალი ნარკოტრანზიტის დერეფნად იქცა. მისი მასშტაბების ზრდა კი, პირველ რიგში, უმუშევრობას უკავშირდება და მეორე - ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში.

აგვისტოს ომამდე ქართული და ოსური კრიმინალური დაჯგუფებები აქტიურად თანამშრომლობდნენ. ცხინვალის გავლით ნარკოტიკული საშუალებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ხვდებოდა. გორის რაიონში ყველამ იცოდა, რომ ერგნეთის ბაზრობაზე და კოკოითის მიერ კონტროლირებულ სოფელ არცევში ნარკოტიკების შოვნა პრობლემას არ წარმოადგენდა. ამ სოფელში ქართველი ნარკომანები წამლის სანაცვლოდ ხშირად მანქანებს ტოვებდნენ, მანქანების დიდი ნაწილი კი გატაცებული იყო. ომის შემდეგ ცხინვალთან მისასვლელი გზები და შესაბამისად, ნარკოტიკული მარშრუტებიც ჩაიკეტა, ამიტომ ჩრდილო კავკასიიდან დე ფაქტო რესპუბლიკაში შესული ნარკოტიკი ძირითადად ადგილზე რჩება და დაბალი ფასის გამო იგი ბევრისთვის ხელმისაწვდომი ხდება.
XS
SM
MD
LG