Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მოსწავლე და სკოლა - საზღვრის ორი მხარე


სკოლა სოფელ ხურჩაში
სკოლა სოფელ ხურჩაში
ოკუპირებული აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარს, პრაქტიკულად ყოველდღე, რამდენიმე ათეული მოსწავლე იმისთვის კვეთს, რომ განათლება მდინარე ენგურის მარცხენა მხარეს არსებულ სკოლებში მიიღონ. მოსწავლეების უმრავლესობას ე.წ. საზღვრის გადაკვეთა იმიტომაც უხდებათ, რომ სკოლა ოკუპირებული სოფლიდან არც ისე შორსაა. ასეთია იმ 44 მოსწავლის ყოველი დღე, რომლებიც ოკუპირებული საბერიოდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყოუშის საჯარო სკოლაში სწავლობენ.

წყოუშის საჯარო სკოლა

გასულ კვირას 44 მოზარდიდან 12 რუსმა სამხედროებმა ერთ-ერთი პატრულირებისას ე.წ. საზღვრის გადაკვეთისას შეაჩერეს და სკოლაში არ გაუშვეს. თუმცა, ინციდენტი მალევე ამოიწურა, და აღარ განმეორებულა, - ამბობს წყოუშის სკოლის დირექტორი ვახტანგ გოგოხია, რომელიც ჩვენს კითხვაზე - კიდევ რა მიზეზით კვეთენ ბავშვები ე.წ. საზღვარს - გვიხსნის: ”საბერიოს სკოლებში სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს და ბავშვებს რუსულად განათლების მიღება არ სურთ”.

თუმცა ვახტანგ გოგოხია დარწმუნებული არ არის იმაში, რომ საბერიოში სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობს. საბერიოელი მოსწავლეების მსგავსად, ადმინისტრაციულ საზღვარს კვეთს კიდევ 38 მოსწავლე, რომლებმაც განათლების მიღება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ახლადგარემონტებულ და კომფორტულ სკოლაში არჩიეს. ”გარდა მოსწავლეებისა, ოკუპირებული აფხაზეთიდან მასწავლებელიც დადის”, - ამბობს მზია გერგედავა, რომელიც განმუხურის სკოლის დირექტორია - ”ფიჩორელი და ოტობაიელი ბავშვები ჩვენთან რამდენიმე მიზეზის გამო დადიან. ერთ-ერთი ის არის, რომ სკოლა საზღვართან ახლოს არის”.

სრულიად განსხვავებული სურათია კიდევ ერთ მოსაზღვრე სოფელ ხურჩაში. საბერიოელი, ფიჩორელი და ოტობაიელი მოსწავლეებისგან განსხვავებით, ხურჩელ მოზარდებს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა და ოკუპირებულ სოფელ ნაბაკევში შესვლა საკუთარ სოფელში სკოლის არარსებობის გამო უწევთ. ნაბაკევის სკოლაში უმცროსკლასელთა უმრავლესობა დადის, უფროსები კი, ანუ სულ ხუთი მოსწავლე, კოკის სკოლაში. ამბობენ, რომ აფხაზები და რუსები პატარებს არ ერჩიან და არც გადაადგილებას უზღუდავენ.

განმუხურის სკოლა

ხურჩაში სკოლის არ არსებობის მიზეზად ზუგდიდის რესურს-ცენტრის უფროსი აზა ჯოჯუა შემდეგს ასახელებს: ”ხურჩა არ არის ზუგდიდის რაიონის ერთეული და ამ საკითხზე გალის რესურს-ცენტრის უფროსს უნდა მიმართოთ”. თუმცა, სატელეფონო საუბრისას აზა ჯოჯუას გაახსენდა, რომ ხურჩა ზუგდიდის ერთეულია. ”2004 წლიდან ვარ რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი და მე არ მახსოვს, რომ ხურჩაში სკოლა არსებობდა. თუმცა, სკოლის გახსნას არ საჭიროებს, რადგან სამ კილომეტრში კოკის სკოლაა და სოფლისთვის სამი კილომეტრი არაფერია. აქვე გეტყვით, რომ ასეთ საკითხებზე განათლების სამინისტროს უნდა მიმართოთ”, - ამბობს აზა ჯოჯუა.

რადიო თავისუფლებამ გასულ წელს ხურჩაში ყოფნისას გადაიღო ფოტო, რომელშიც კარგად ჩანს, რომ ხურჩაში სკოლა ერთ დროს ნამდვილად ფუნქციონირებდა და ამას ადგილობრივებიც ადასტურებენ. თუ რატომ არა აქვს სოფელს სკოლა, ამაზე პასუხი მხოლოდ ადგილობრივებს გააჩნიათ. მათი თქმით, ხურჩა ხელისუფლებისგან მივიწყებული და საოკუპაციო ჯარებისგან გაოხრებული სოფელია. განმუხურისგან განსხვავებით, ხურჩამ საქართველოს მთავრობისგან ”აღიარება” ამ დრომდე ვერ მოიპოვა. სწორედ ამიტომ სოფელს არ აქვს სკოლა და არც ავტობუსი ემსახურება.
XS
SM
MD
LG