Accessibility links

logo-print
ერთი კვირაა ახალგორის რაიონის მოსახლეობისათვის დაბაში შესასვლელად ახალი რეჟიმი მოქმედებს. რუსულ საგუშაგოზე ახალგორში შესვლის მსურველმა ქართული პირადობის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული რუსული თარგმანი უნდა წარადგინოს. ახალგორის მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა - როგორც დაბაში დარჩენილებმა, ისე წეროვანში მყოფმა დევნილებმა - დოკუმენტაციის მოწესრიგება უკვე მოასწრო. როგორც ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა თამარ მეარაყიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, მოწესრიგებული საბუთების მქონე მოქალაქეებს პრობლემა არ ექმნებათ. რუსულ საგუშაგოზე კი ახალგორელების კომპიუტერულ ბაზას ქმნიან. ეს პროცესი თავიდან ნელა მიმდინარეობდა.

ახალგორში შემსვლელთათვის ახალი რეჟიმი კოკოითის ხელისუფლებისა და რუსი მესაზღვრეების ინიციატივით განხორციელდა, რაც იმით აიხსნა, რომ რუსებმა ქართული არ იციან. გარდა ამისა, ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაცია ცდილობს დაადგინოს დაბაში ვინ ცხოვრობს მუდმივად და ვინ ჩადის იქ პერიოდულად. ცნობისათვის: ახალგორის მოსახლეობის დიდ ნაწილს ეთნიკური ქართველები შეადგენენ. დაბის ოსური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ჯუსოევი რამდენიმე თვის წინ ეგრეთ წოდებული საზღვრის მთლიანად ჩაკეტვის ინიციატივით გამოდიოდა, მაგრამ გადაადგილების ახალი რეჟიმიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ახალგორის მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა დადგინდეს.

ამჟამად ახალგორში მკვიდრი მოსახლეობის 20 პროცენტია დარჩენილი, დიდი ნაწილი წეროვანში დევნილად ცხოვრობს, მაგრამ პერიოდულად დაბაში ისინიც ჩადიან. თამარ მეარაყიშვილს ახალგორი არ დაუტოვებია. მისი თქმით, ბევრი მისი ნაცნობი იქ მხოლოდ ხელფასის ასაღებად ჩადის, რომელსაც კოკოითის ხელისუფლება იხდის. ეს ადამიანები, ამავე დროს, წეროვანში დევნილთა შეღავათებითაც სარგებლობენ. არადა, დარჩენილ მოსახლეობას სხვადასხვა სამსახურების გამართული მუშაობა სჭირდება.

გუშინ ოსური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო ხელისუფლება და ეგრეთ წოდებული რუსი მესაზღვრეები ახალგორის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე მხოლოდ ერთი საკონტროლო გამშვები პუნქტის დატოვებას გეგმავენ.
დაიხურება ახმაჯის საკონტროლო გამშვები პუნქტი და დაბაში შესვლა მხოლოდ მოსაბრუნის პუნქტიდან იქნება შესაძლებელი. პუნქტების რაოდენობის შემცირება საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამკაცრებასთან არის დაკავშირებული, - განმარტა ახალგორის ოსური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალან ჯუსოევმა.

მისივე ინფორმაციით, საზღვარზე მოქალაქეების ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტებით მოძრაობა მონაცემთა ბაზის შექმნას შეუწყობს ხელს, მონაცემთა ბაზაში ის პირები დაფიქსირდებიან, რომლებიც საზღვარს ორივე მიმართულებით გადაკვეთენ. ჯუსოევის თქმით, ბოლო 4 დღის განმავლობაში საქართველოსთან საზღვარი ორივე მიმართულებით 800-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც საქართველოსთან აქვთ კავშირი, მათ შორის - დევნილები.
რუსი მესაზღვრეების მოთხოვნით, 20 იანვრიდან ახალგორის ადმინისტრაციულ საზღვარზე ახალი რეჟიმი ამოქმედდა.
XS
SM
MD
LG