Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

პერევის ბლოკ-საგუშაგოზე კონტროლი გამკაცრდა


საგუშაგო სოფელ პერევთან
საგუშაგო სოფელ პერევთან
საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიამ რუსეთს პერევიდან სამხედროების გაყვანისკენ არაერთხელ მოუწოდა. ამ შინაარსის ბოლო განცხადება მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა დეკემბერში გაავრცელა. მან აღნიშნა, რომ პერევში, თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე, რუსული საგუშაგოს არსებობა 2008 წლის აგვისტოს ხელშეკრულებას არღვევს.

ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის მოწოდების საპასუხოდ, პერევის შესასვლელში არსებულ ბლოკ-საგუშაგოზე კონტროლი გამკაცრდა. რუსი სამხედროები ადგილობრივებს საერთაშორისო პასპორტებს სთხოვენ - ამასთან, 30კგ-ზე მეტი ტვირთის გატანის უფლებას არ აძლევენ. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსული სასაზღვრო ძალების სარდლობა რუსი მესაზღვრეების არამართლზომიერი მოქმედებების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

რადიო თავისუფლება ოკუპირებულ პერევში არსებული რეალური ვითარების გასარკვევად ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა.

მარინა ბახტურიძის თქმით, რუსი სამხედროები გადაადგილების უფლებას მხოლოდ იმ პირებს აძლევენ, რომლებსაც საერთაშორისო პასპორტები აქვთ. შეზღუდვა მოსწავლეებსა და ჩვილ ბავშვებზეც ვრცელდება, რომლებსაც რუსულად ნათარგმნ დაბადების მოწმობებს სთხოვენ. განსაკუთრებით დაზარალდნენ ოკუპირებული პერევის მეზობელ სოფელში, ჯრიაში, მცხოვრები ბავშვები, რომლებსაც რუსული ბლოკ-საგუშაგოს გადალახვა ყოველდღე უწევთ. მათ გადაადგილების პრობლემას თავი მას შემდეგ დააღწიეს, რაც, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, პასპორტები აიღეს. საჩხერის მუნიციპალიტეტმა მიკროავტობუსი გამოყო, რომელსაც ჯრიადან პერევში მოსწავლეები გადაჰყავს. უსაფრთხოების მიზნით, მათ ორი მასწავლებელი მიაცილებს.

რუსი სამხედროები გამონაკლისს არც განსაკუთრებულ შემთხვევებში უშვებენ. მათ ოკუპირებულ ქარძმანში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს მძიმე ავადმყოფის საჩხერის საავადმყოფოში გადაყვანის უფლება არ მისცეს, რადგან ავადმყოფ ქალბატონს საერთაშორისო პასპორტი არ ჰქონდა.
XS
SM
MD
LG