Accessibility links

სექსუალური უმცირესობების შესახებ რეზოლუციას ხმაური მოჰყვა


ევროსაბჭოს ოფისის წინ საპროტესტო აქცია სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციამ გამართა

ევროსაბჭოს ოფისის წინ საპროტესტო აქცია სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციამ გამართა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად განიხილება სოციალისტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეზოლუცია "სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და სქესის იდენტიფიკაციის" შესახებ. საქართველოს დელეგაციის პოზიცია უკვე ცნობილია - ისინი რეზოლუციას მხარს არ დაუჭერენ. თბილისში ამ საკითხს 26 იანვარს საპროტესტო აქციაც მიეძღვნა. სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ.

"სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და სქესის იდენტიფიკაციის" შესახებ რეზოლუციის ირგვლივ დებატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 27 იანვრისთვისაა დაგეგმილი. საქართველოს დელეგაციიდან ამ თემაზე მოხსენებით ქრისტიან-დემოკრატების წევრი მაგდა ანიკაშვილი წარდგება. ქართული დელეგაციის პოზიცია უკვე ცნობილია - სტრასბურგში მყოფმა დელეგაციის წევრმა, გიორგი გაბაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქართველოს მხრიდან რეზოლუციას მხარდაჭერა არ ექნება. სოციალისტების ლიდერის ანდრეას გროსის ინიციატივაზე ქართული დელეგაციის უარს შემდეგი მიზეზი აქვს:

”უმცირესობების უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობის ტრადიციები, წარმოდგენები იყოს აბსოლუტურად უგულებელყოფილი. არც ერთი ჯგუფის ინტერესების თავსმოხვევა ერთმანეთზე სწორი არ არის, რასაც ითვალისწინებს ეს ინიციატივა”, - ამბობს გიორგი გაბაშვილი.

23 იანვარს, საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნამდე ორიოდე დღით ადრე, ამავე საკითხზე საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოში არსებული ტრადიციული რელიგიების წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადებაც გავრცელდა, სადაც ვკითხულობთ:

”შეუძლებელია, ევროპა, რომელიც უძველესი ქრისტიანული სამყაროს ნაწილს წარმოადგენს და რომლის კულტურაც მთლიანად რელიგიური ნიშნით არის განმსჭვალული, ევროსაბჭოს მაღალი ტრიბუნიდან ხმას აძლევდეს ისეთი მოვლენის ჩვეულებრივ ნორმად ქცევას, როგორიც არის სექსუალური გადახრები - ჰომოსექსუალიზმი, ბისექსუალიზმი და სხვა მსგავსი ქმედებანი”.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველოში არსებული სხვა ტრადიციული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებენ ევროსაბჭოს დეპუტატებს, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ რეზოლუციას.

26 იანვარს თბილისში ევროსაბჭოს ოფისის წინ ამავე საკითხზე საპროტესტო აქცია სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციამ გამართა. მისმა პრეზიდენტმა გიორგი კერვალიშვილმა სპეციალურ მიმართვაში ამ საკითხის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიიდან მოხსნა მოითხოვა:

გიორგი კერვალიშვილი, სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი

გიორგი კერვალიშვილი
: ”ევროსაბჭომ ჯობს იმაზე გაამახვილოს ყურადღება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია და არა იმაზე, რომ ვიღაც ჰომოსექსუალების უფლებები ირღვევა.“

რადიო თავისუფლება: თქვენ ფიქრობთ, რომ მათ უფლებები არ გააჩნიათ?

გიორგი კერვალიშვილი: ”უფლებები გააჩნიათ, მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მათ ლეგალიზებას. ჩვენ ტრადიციული ქვეყანა ვართ და ასეთ ქრისტიანულ ქვეყანაში მსგავსი სიმახინჯეები არ უნდა ხდებოდეს. კაცის მეძავობა კი არა, ქალის მეძავობაა შეუწყნარებელი”.

ქრისტიან-დემოკრატები ყველაზე მეტად რეზოლუციაში ჩადებულმა იმ პუნქტებმა გააღიზიანა, რომელიც სექსუალური უმცირესობებს აძლევს საგამომცემლო საქმიანობის თავისუფლად განხორციელებისა და პროპაგანდის უფლებას. ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ზაზა გაბუნია ამბობს, რომ რეზოლუციაში არ არის საუბარი მხოლოდ ზოგადად სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციაზე:

”ჩვენ ვეწინააღმდგეებით ჰომოსექსუალიზმის ლეგალიზებას და, რაც მთავარია, პროპაგანდას მათ მიერ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ თუ ასეთები ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ, მოვკვეთოთ ისინი ან დავამციროთ და დისკრიმინაციულ ვითარებაში ჩავაყენოთ. არა, მაგრამ მათ არ უნდა ჰქონდეთ ამავე პრინციპების ქადაგების შესაძლებლობა.”

ფონდ ”ინკლუზივის“ თავმჯდომარე პაატა საბელაშვილი ფიქრობს, რომ საზოგადოება, უბრალოდ, შეცდომაშია შეყვანილი.
საბელაშვილი განმარტავს, რეზოლუციაში არაფერია ახალი, რაც აქამდე ევროსაბჭოს არ დაუდგენიაო. უბრალოდ, ეს რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ ეს ყველა უფლება უნდა მიესადაგებოდეს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებსაც, რადგან მათ ზოგ ქვეყანაში ადამიანებად არც თვლიან.

ქართველებს სჯერათ საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრებების ჭეშმარიტებისა და ამით განსხვავდებიან ევროპისგან, რომლისთვისაც დამახასიათებელია პლურალისტული აზროვნება, - განმარტავს ამ საკითხის კომენტირებისას სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია და ამბობს, რომ ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკოსები საკუთარი განცხადებებით მნიშვნელოვნად არიან მიბმული კონსერვატიულ საზოგადოებაზე და საჯარო განცხადებებით მათ წინააღმდეგ არასოდეს წავლენ.

დაბოლოს, ვიტყვით, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასეთი რეზოლუციებით წევრ სახელმწიფოებს აძლევს მხოლოდ რეკომენდაციას, რომ ეს ყველაფერი საკუთარ შიდა სამართალში გაითვალისწინონ.
XS
SM
MD
LG