Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდერს ფოგ რასმუსენი: “ნატო არ არის ოკუპანტი ავღანეთში”


ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს გენერალური მდივანი
ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს გენერალური მდივანი
28 იანვარს ლონდონში იმართება ნატოს საერთაშორისო კონფერენცია ავღანეთის საკითხებზე. კონფერენციის ძირითადი მიზანია ერთგვარი ახალი სტრატეგიის განსაზღვრა, რაც უნდა დაეხმაროს ავღანელ ხალხს მეამბოხეების დამარცხებასა და რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებაში. ლონდონის საერთაშორისო კონფერენციის წინ რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის კორესპონდენტმა აბუბაქრ სადიყმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს.

რადიო თავისუფლება: მოსალოდნელია, რომ ავღანეთის მთავრობა ლონდონის კონფერენციაზე თალიბანთან შერიგების ახალი გეგმით წარდგება. წინა გეგმამ, პოლიტიკური მხარდაჭერისა და რესურსების სიმცირის გამო, საერთაშორისო ნდობა ვერ მოიპოვა. არსებობს თუ არა საფუძველი ვირწმუნოთ, რომ ვითარება დღეს არსებითად შეიცვალა?

რასმუსენი: დიახ, მე ვფიქრობ, რომ ვითარება ძალიან განსხვავებული იქნება, პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ ამჯერად პოლიტიკური მხარდაჭერა არის. და მეორეც, იმიტომ რომ, ჩემი მოლოდინით, საერთაშორისო საზოგადოება გამოყოფს თანხებს შერიგებისა და რეინტეგრაციისაკენ მიმართული ძალისხმევისათვის. როცა ამას ვამბობ, მსურს ხაზი გავუსვა, რომ შერიგებისა და რეინტეგრაციის პროცესს უნდა ხელმძღვანელობდეს ავღანეთის მთავრობა, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ჯგუფები, რომლებიც ჩართულები იქნებიან ამ პროცესში, პატივისცემით უნდა მოეკიდონ და დაიცვან ავღანეთის კონსტიტუცია და დემოკრატია.

რადიო თავისუფლება: ლონდონის მოახლოებული კონფერენციის წინ, დასავლეთის კოალიციიდან ვინმე რეალურად თუ აწარმოებს მოლაპარაკებას თალიბანის ავტორიტეტულ პირებთან? რას ითხოვენ ისინი?

რასმუსენი: არა, როგორც ადრე ვთქვი, მთავარია, რომ შერიგებისა და რეინტეგრაციის პროცესს ხელმძღვანელობდეს ავღანეთის მთავრობა. ჩვენ შეგვიძლია და დავეხმარებით კიდეც ავღანეთის მთავრობას, თუკი მას ამის სურვილი ექნება, მაგრამ, ვფიქრობ, მთავარია, ამ სიტუაციას ავღანეთი მართავდეს.

რადიო თავისუფლება: რატომ უნდა მონაწილეობდეს შერიგების პროცესში თალიბანი, რომელიც აცხადებს, რომ იმარჯვებს ამ ომში?

რასმუსენი: არა, ისინი ვერ გაიმარჯვებენ. ჩვენ დავამარცხებთ მათ. ისინი ვერ დაიბრუნებენ ხელისუფლებას ავღანეთში, რადგან ავღანეთის ხალხს თავისუფლება და დემოკრატია სურს, მას არ სურს თალიბანის დაბრუნება. და მეორეც, ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი შორსმიმავალი გადაწყვეტილებები. ჩვენ მნიშვნელოვნად ვზრდით სამხედრო ძალას. ჩვენ გავაძლიერებთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ბრძოლისუნარიანობას. ჩვენ გავწვრთნით ავღანეთის პოლიციას და სამხედრო მოსამსახურეებს, რის შედეგადაც ავღანელი ჯარისკაცები და ავღანეთის პოლიცია აიღებს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას. დაბოლოს, საერთაშორისო საზოგადოება უზრუნველყოფს მეტ თანხებს ავღანეთის განვითარებისათვის, ხოლო ავღანეთის მთავრობამ, თავის მხრივ, აიღო ვალდებულება, რომ გააძლიერებს ბრძოლას კორუფციისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ და, რაც მთავარია, აიღო ვალდებულება, რომ უკეთესად მართავს. ასე რომ, ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, 2010 წელს ავღანეთში ჩვენ ახალ იმპულსს და ახალ პროგრესს დავინახავთ.

რადიო თავისუფლება: ამ საკითხებთან დაკავშირებით ინტერვიუში, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა, გენერალმა მაკკრისტალმა თქვა, რომ დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ ავღანელს შეუძლია მომავალში თავისი ქვეყნის მართვაში მიიღოს მონაწილეობა, თუკი ისინი საკუთარ მომავალზე იქნებიან ფოკუსირებულნი. იზიარებთ ამ მოსაზრებას? თუკი თალიბანის ლიდერები მზად არიან ჩაერთონ ქვეყნის მართვაში, შეიცვლება თუ არა ავღანეთში გამარჯვების მნიშვნელობა? როგორ განსაზღვრავთ თქვენ გამარჯვების ცნებას ამ ქვეყნისათვის?

რასმუსენი: გასაგებია, მე წარმატებებზე ვისაუბრებ და წარმატება იქნება უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაბარება ავღანელი ხალხისათვის, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისათვის. საბოლოო მიზანი უნდა იყოს ის, რომ ავღანეთის ხალხი გახდეს საკუთარი სახლის ბატონ-პატრონი და იტვირთოს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მართვასა და უსაფრთხოებაზე. ჩვენ აქ ახლა იმისთვის ვიმყოფებით, რომ დავიცვათ ავღანეთის ხალხი. ჩვენ აქ ვართ, რათა დავეხმაროთ მათ სტაბილური საზოგადოებისა და სტაბილური დემოკრატიის განვითარებაში. და მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ამ ვალდებულებას შევასრულებთ იმდენ ხანს, რამდენი ხანიც ამ საქმის ბოლომდე მიყვანას დასჭირდება. ნატო და ISAF (უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები) არ არის საოკუპაციო ძალა. ჩვენ დავრჩებით იმდენ ხანს, რამდენსაც ჩვენი საქმე მოითხოვს, მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანი არის ის, რომ პასუხისმგებლობა ავღანელ ხალხს გადავაბაროთ.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება ავღანეთის ძალების წვრთნას, მაშინ, როდესაც დასავლელი მოკავშირეები ენერგიულად ცდილობენ სწრაფად გაიზარდოს რაოდენობა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა, რომლებმაც უნდა იტვირთონ პასუხისმგებლობა, ბევრი ავღანელი მიიჩნევს, რომ ქვეყანა თანამედროვე იარაღით არასაკმარისად მარაგდება. ნატოს ძალები ხომ, ადრე თუ გვიან, დატოვებენ ავღანეთს, და რა სახის სამხედრო ინფრასტრუქტურა დარჩება თქვენი გასვლის შემდეგ? აპირებს თუ არა ნატო თვალსაწიერ მომავალში გააგრძელოს საჰაერო დახმარების უზრუნველყოფა?

რასმუსენი: ყველაფერი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება საქმე ავღანეთში. როგორც ვთქვი, ჩვენი მიზანია უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა გადავცეთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს და, აქედან გამომდინარე, ვასწავლით და ვავარჯიშებთ ავღანელ ჯარისკაცებს და ავღანეთის პოლიციას. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმას, რომ ავღანეთის მთავრობამ გადაწყვიტა 2011 წლამდე 300 ათასამდე გაზარდოს უსაფრთხოების ძალები. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები სათანადოდ აღიჭურვება. თუ როგორ მოხდება ყველაფრი, დეტალებში, ეს, დიდწილად, მომდევნო წლების უსაფრთხოების გამოწვევებზე იქნება დამოკიდებული.

რადიო თავისუფლება: გადავალ უფრო ფართო სტრატეგიულ საკითხზე. ყველა, ვინც ავღანეთში მიმდინარე ბრძოლებშია ჩართული, საკუთარი ინტერესების შესაბამისად იგებს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ გამოცხადებულ სამხედრო ძალის გაყვანის ვადებს. თალიბანი, აშკარად, თავის დროს ელოდება. გრძნობს რა, რომ საერთაშორისო ძალები გავლენ, ავღანეთის მთავრობა ცდილობს მოიპოვოს ძალაუფლება და სარგებელი, ხოლო პაკისტანელი სამხედროები დროს აჭიანურებენ, რათა მიიტანონ იერიში ავღანელი თალიბების თავშესაფარზე. თუ გავითვალსწინებთ, რომ ეს ყველაფერი არ უწყობს ხელს ავღანეთის სამშვიდობო მოწესრიგებას, ხომ არ უნდა გადახედოს ობამამ საკუთარ სიტყვებს ვადებთან დაკავშირებით?

რასმუსენი: მაგრამ, სინამდვილეში, პრეზიდენტ ობამას არ უსაუბრია ავღანეთიდან გასვლაზე. მისი ნათქვამი ეხებოდა ჩვენი მისიის ევოლუციას 2011 წლისათვის, რაც, ჩემი აზრით, გონივრულია. მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ მნიშვნელოვნად გავზარდოთ სამხედრო ძალის რაოდენობა და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში შესამჩნევ პროგრესს ვიხილავთ. ასე რომ, ჩემი აზრით, უპრიანია, სიტუაცია 2011 წლის შუ თვეებში შევაფასოთ. მაგრამ პრეზიდენტ ობამას არ ულაპარაკია ავღანეთიდან გასვლაზე. როგორც ადრე გითხარით, ჩვენ დავრჩებით ავღანეთში იმდენ ხანს, რამდენიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იქნება საჭირო. გარწმუნებთ, რომ საერთაშორისო კოალიცია არ გავა ავღანეთიდან იქამდე, სანამ ქვეყანა ფეხზე დგომას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. იმედი გვაქვს, ვითარება მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უსაფრთხოების პასუხისმგებლობა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გადავცეთ. მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული ვითარებაზე, როდესაც ავღანელ სამხედროებსა და ავღანეთის პოლიციას რეალურად ექნებათ შესაძლებლობა თავად იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG